ავტორი:

რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ქალთან დაკავშირებით, რომელიც სანზონაში, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზეა დაკავებული

რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ ქალთან დაკავშირებით, რომელიც სანზონაში, 4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზეა დაკავებული

სანზონაში, 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ლელა ქსოვრელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატირობა თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა.

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე გარდაცვლილი მცირეწლოვნის მიმღები ოჯახის წევრები დაიკითხნენ. როგორც საქმის პროკურორი ლევან ჟორჟოლაძე აცხადებს, აღნიშნული პირების დაკითხვით, დაცვის მხარის ვერსია გამოირიცხა, რომლის მიხედვითაც, ბავშვს ბანაობა არ უყვარდა და რომ ის დაზიანებებს ამ დროს თავად იყენებდა.

„დღეს დაიკითხნენ ბავშვის მიმღები ოჯახის წარმომადგენლები, ანუ მისი მშობლები, რომლებთანაც ის წლების განმავლობაში იზრდებოდა. მოწმეებმა გამოძიების პროცესში მიწოდებული ინფორმაცია დაადასტურეს. ჩვენი მოლოდინი გამართლდა, ვგულისხმობ, რა ჩვენების მოლოდინიც გვქონდა ბრალდების მხარეს, ის ჩვენებები იქნა სასამართლოსთვის მიწოდებული. შინაარს ვერ მოგახსენებთ.

ასევე, სასამართლოს მიერ განხილული იქნა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი და სასამართლომ მიიჩნია, რომ კვლავ არსებობს ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები და მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დარჩა“, - აცხადებს ჟორჟოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის დააკავეს, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობისას, მას პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.

პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

2019 წლის 25 თებერვალს ლელა ქსოვრელს წარედგინა დაზუსტებული ბრალი საქართველოს სსკ-ის 111.117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ. ასევე, 111.126-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატურ ცემასა და ძალადობას გულისხმობს, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და 111.381-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულიხმობს, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან - 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა.

გამოძიება ასევე დაწყებულია გარდაცვლილი გოგონას 5 წლის ძმის, ლუკა ქსოვრელის სხეულზე არსებული დაზიანებების თაობაზე.

აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ლელა ქსოვრელის ბრალდების საქმიდან.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს