ავტორი:

"ნასვამი პილოტები, გაუმართაობა..." - რა პრობლემებია რუსულ ავიაციაში და რა სახელდება მოსკოვში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზად

"ნასვამი პილოტები, გაუმართაობა..." - რა პრობლემებია რუსულ ავიაციაში და რა სახელდება მოსკოვში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზად

მოსკოვის "შერემეტიევოს" აეროპორტში მომხდარ ავიაკატასტროფას 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აეროპორტში საგანგებო დაშვებისას "აეროფლოტის" თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრები ლაინერიდან გამოსვლას საავარიო გამოსასვლელით ცდილობდნენ.

ბორტზე 73 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. 33 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი გადარჩა. 5 ადამიანი საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც "აეროფლოტის" წარმომადგენელები აცხადებენ, პილოტი იძულებული გახდა ტექნიკური მიზეზების გამო საგანგებო დაშვება განეხორციელებინა, თუმცა, ზუსტი მიზეზი არ დაასახელეს.

რუსულ მედიაში ტრაგედიის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ერთი ვერსიის მიხედვით, "მფრინავებმა და დისპეტჩერებმა, ასევე იმ პირებმა, ვისაც თვითმფრინავის შემოწმება ევალებოდა, ის არაკვალიფიციურად შეამოწმეს. კიდევ ერთ ვერსიად თვითმფრინავის გაუმართაობა და ცუდი მეტეოროლიგიური პირობები განიხილება".

ადგილობრივების ერთი ნაწილის თქმით, იმ დროს, როდესაც ავარიული დაშვება განხორციელდა, სამაშველო სამსახური ადგილზე არ იმყოფებოდა, რამაც ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა და სავალალო შედეგებიც გამოიწვია. არსებულ ინფორმაციას უარყოფს საგანგებო სიტუაციების სამსახური. მათი განმარტებით, ტრაგიკული შემთხვევა 18:30 საათზე მოხდა, სამაშველო ბრიგადა ადგილზე 18:32 საათზე იყო, 18:40 წუთზე კი ხანძრის ლიკვიდირება მოხდა. მათ ინფორმაციას ადგილობრივი მედიის ნაწილი ზღაპარს უწოდებს და აცხადებენ, რომ "ამხელა ტრაგედია სწორედ იმ მცირე დროის გარღვევამ განაპირობა".

რუსი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ყველაფერი სისტემური კორუფციისა და შორს წასული პრობლემების გამოძახილია. მათივე თქმით, პროფესიონალი პილოტები რუსეთიდან გარბიან.

ამის შესახებ, ჯერ კიდევ შარშან წერდა ადგილობრივი მედია, რომელთა ცნობითაც, რუსეთის სახელმწიფო სამსახურები და ავიაკომპანიები ცდილობენ, რუსეთიდან უცხოეთში სამუშაოდ წასული პილოტების ნაკადი როგორმე შეაკავონ. თუმცა, პილოტებს არ სჯერათ მათი და ხელფასის მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების დაპირების მიუხედავად, სხვა ქვეყანაში ეძებენ სამსახურს. Коммерсант-ის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში 300-ზე მეტმა ფრენების მიმართულების ხელმძღვანელმა და პილოტმა დატოვა რუსეთი. 400-ზე მეტი კი წასვლის პროცესშია. მათმა უმეტესობამ ჩინეთს მიაშურა, ნაწილი კი - ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში წავიდა.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, კიდევ ერთი პრობლემა ნასვამი პილოტებია. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკატასტროფების გამო 2017 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ კანონი გაამკაცრა, ვითარება მაინც ვერ გამოსწორდა.

"უნივერსტეტი მოსკოვში დავამთავრე. მე და ჩემი ჯგუფელები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში ვართ გაფანტული, ყოველ წელს პარიზში ვიკრიბებით. ამას წინათაც გავფრინდით. პარიზში რომ დავფრინდით, პირჯვარს ვიწერდით, რადგან ყველამ ვიცოდით, რომ მთავარი პილოტი მთვრალი იყო. სტიუარდესებმა პასუხი არ გაგვცეს. შემდეგ ერთ-ერთმა გამცილებელმა ნახევრად ხუმრობით თქვა, ჩვენი პილოტი ისეთი პროფესიონალია ნასვამი უკეთ მართავს, ვიდრე ფხიზელიო…" - ამბობს AMBEBI.GE - სთან საუბარში მოსკოვში მცხოვრები ქართველი მზია ერისთავი.

"რუსულ მედიას რასაც ეტყვიან, იმას დაწერენ, არსებული ვერსიით, რომელსაც ძალიან გაბედულები წერენ ბლოგებში, თვითმფრინავის შასი (თვითმფრინავის ნაწილი, რომლითაც იგი მოძრაობს აეროდრომზე) დასაფრენ ბილიკს წამოედო, რამაც ხანძარი გამოიწვია... ამას ემატება გაუმართავი საფრენი აპარატები. გასულ წელს, არაერთი მსგავსი შემთხვევა მოხდა, ოღონდ პილოტებმა სიტუაციიდან გამოძრომა შეძლეს..." - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი ვიქტორ კონდაკოვი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე