ავტორი:

"აეროპორტში ქალმა მითხრა: შე ბინძურო, რას ერჩი, იმ ანგელოზივით ქალსო" - რას ჰყვება "ჩცდ"-ს მსახიობი, რომელმაც სერიალში მაკა ანჯაფარიძის ცხოვრება შეცვალა

"აეროპორტში ქალმა მითხრა: შე ბინძურო, რას ერჩი, იმ ანგელოზივით ქალსო" - რას ჰყვება "ჩცდ"-ს მსახიობი, რომელმაც სერიალში მაკა ანჯაფარიძის ცხოვრება შეცვალა

"ჩემი ცოლის დაქალებში" ამ პერსონაჟის გამოჩენით მაკა ანჯაფარიძის ცხოვრება შეიცვალა. ავთო ბოცვაძესთან უსიამოვნო დიალოგს მაკას დისკრედიტაცია მოჰყვა - პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი გაუვრცელეს... ავთო ბოცვაძე დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეა. როლს მსახიობი დიმიტრი ალავიძე თამაშობს, რომელიც 5 წელი უკრაინაში მოღვაწეობდა, სადაც ცნობილ სერიალებში იღებდნენ, რამდენიმე ფილმშიც გადაიღეს.

"5 სერიალში ვითამაშე. საკმაოდ კარგ მსახიობებთან, მაგრამ ახლა ჩამოვედი, რადგანაც ყველაფერს მაინც შენს ქვეყანაში საქმის კეთება ჯობია... თუმცა პარალელურად მე და გიორგი მეგრელიშვილი აქაც ვმუშაობდით ფილმებზე. სამი მხატვრული, სრულმეტრაჟიანი ფილმი გადავიღეთ და 2 მოკლემეტრაჟიანი", - გვეუბნება დიმიტრი, რომელიც მსახიობობის პარალელურად პროდიუსერიცაა და როგორც შევიტყვეთ, წარსულში ერთ-ერთი ჟურნალის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ყოფილა.

- რას გვეტყვი როლზე, რომელიც "ჩცდ"-ში გაქვს?

- ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს, რადგან ასეთი უარყოფითი პერსონაჟი არ მითამაშია და, რა თქმა უნდა, სამუშაო ამ მხრივაც საინტერესო აღმოჩნდა. „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ რამდენჯერმე მქონდა შემოთავაზება, მაგრამ არ ვთანხმდებოდი, რადგანაც ქართველი მაყურებელი გემოვნებიანია, დიდი სიფრთხილეა საჭირო, შეცდომა არ მოგივიდეს, მერე „ფეხის ადგმა“ ხელახლა გაჭირდება. მოკლედ, რადგან „ჩცდ“-ში ჩემი პირველი გამოჩენა იყო, დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე... უახლოეს სერიაში გამოჩნდება მეტად, თუ ვინ არის ჩემი პერსონაჟი.

- ანუ ავთო ბოცვაძე „გაიხსნება“, ახლოს გავიგებთ, ვინ არის?

- გაიხსნება თუ დასრულდება მისი ამ სერიალში გამოჩენა, ეს არ ვიცი, მაგრამ ამ როლით მე უკმაყოფილო არ ვარ...

- ვინ არის რეალურად ეს კაცი?

- დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე.

- ბადრი კოლიას მოადგილე?

- მთლად ასეც არ არის, უფრო კოლიას კაცია უშიშროების სამსახურში. მოადგილე ხომ ძირითადად რაღაც საკითხების შემსრულებელი და მომგვარებელია. უფროსი სამსახურის სახეა, მოადგილე - ადამიანი, რომელიც პრობლემებს აგვარებს და ესეც აგვარებს...

- რა არის ეს უარყოფითი როლი შენთვის?

- ცოტა სხვანაირი ხასიათია და რთული იყო მისი მორგება. როცა პირველად უნიჭიერეს მსახიობ ნინო კასრაძეს, ანუ მაკა ანჯაფარიძის როლის შემსრულებელს შევხვდი, ნინომ მითხრა, - რაღა შენ აგარჩიეს ამ ცუდ როლზეო?.. თამაშის შემდეგ ქუჩაშიც რამდენიმე ადამიანი გამომეხმაურა, ჩემსკენ შეურაცხმყოფელი სიტყვებით დაიძრნენ... იყო ასეთიც - აეროპორტში კიევიდან რომ ჩამოვფრინდი, ერთი ქალბატონი მაკვირდებოდა და სახეზე აგრესია რომ გამოეკვეთა, მივხვდი, მოვიდოდა და რაღაცას მეტყოდა და ასეც მოხდა. „შე ბინძურო, რას ერჩი იმ ანგელოზივით ქალს, რატომ უვრცელებ ჩანაწერებსო?“ - მითხრა.

- ეს მსახიობის გამარჯვებაა. ე.ი პერსონაჟი მაყურებლამდე კარგად მიიტანე...

- კი, მეც ასე ვფიქრობ. ე.ი. კარგი გამოვიდა და ამ საქმეში დიდი წვლილი გიორგი ლიფონავას, ნინო კასრაძეს და სცენარისტ ქეთი დევდარიანს მიუძღვით. ამ ჯგუფთან მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი ხანია, საქართველოში ასეთ დიდ ჯგუფთან არ მიმუშავია, აღფრთოვანებული ვარ, მათი დამოკიდებულებით, თითოეული წევრის მუშაობით. მერე, როცა რეჟისორი ზუსტად გაძლევს დავალებას, მსახიობისთვისაც როლი ადვილი გასაკეთებელია.

- ნინო კასრაძის პარტნიორობა ადვილია?

- ეს იყო ბედნიერება. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ნინოსთან მომიწევდა თამაში. იმდენად საინტერესო იყო და ისეთ შთაბეჭდილებებში ვიყავი, რომ ვუყურებდი, მავიწყდებოდა, ტექსტი რომ უნდა მეთქვა...

მართალია, თანატოლები ვართ, მაგრამ მე თეატრალურ უნივერსიტეტში გვიან ჩავაბარე, მაშინ ნინო უკვე რუსთაველის თეატრის წამყვანი მსახიობი იყო და მნიშვნელოვანი როლები ჰქონდა ნათამაშები. ამიტომ, ვიმეორებ, მასთან პარტნიორობით, ძალიან გამიმართლა... მიუხედავად იმისა, რომ „თეატრალურ სარდაფში“ მოღვაწეობისას შესანიშნავ მსახიობებთან მქონდა ურთიერთობა, მათგან ყველა ვარსკვლავი იყო და ის წლები ჩემთვის დიდი მასტერკლასი აღმოჩნდა, უზარმაზარი გამოცდილება მივიღე, რისთისაც რეჟისორ ლევან წულაძის მადლობელი ვარ.

მოკლედ, საოცარ მსახიობებთან ერთად მითამაშია, მაგრამ ნინოსთან ეს შეხვედრა, ამ სერიალში, ხომ ვამბობ, მნიშვნელოვანი იყო. როცა ასეთი რანგის მსახიობი დგას, შენც მყარად ხარ და აქვე უნდა ვთქვა, რომ ალეკო ბეგალიშვილი, დათო დვალიშვილიც დაემატა - ამ დონის მსახიობებთან გადასაღებ მოედანზე შეხვედრა საოცარია - იმპულსს სწორად გაძლევენ.

- სერიალი ასახავს ცხოვრებას და მისი ავტორები შეეხნენ ფარული ჩანაწერების გავრცელების გახმაურებულ თემასაც. რას იტყვი ამ საკითხზე?

- ამ როლზე ხელის მოკიდებისას მნიშვნელოვანი იყო, მაყურებლისთვის დამენახებინა, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, როგორ არ უნდა ჩაძვრეს სხვის ცხოვრებაში, ჩაყოს ცხვირი და შევიდეს საძინებელში. თუკი როლი გამომივიდა, მაგას რა სჯობია? ფაქტია, რომ ამისთვის ყველაფერი გავაკეთე. ვიმეორებ, მიზანი ის არის, მაყურებელს გავაგებინო ჩემი პოზიცია ამ საკითხზე. თუმცა ზოგიერთი მაინც სხვანაირად იგებს და ამის მაგალითებიც გითხარით.

მოკლედ, ფარული ჩანაწერები საშინელებაა, ამაზე მეტი საზიზღრობა არ არსებობს, ამაზრზენია. როდესაც ასეთ ინფორმაციები ვრცელდება, არც ვუსმენ, სოციალურ ქსელში მაშინვე ვბლოკავ, ჩემამდე არ ვუშვებ, რომ მოვიდეს. ამის გამო სახლში ტელევიზორიც არ მაქვს. ადამიანებმა ერთმანეთის სიყვარული დაკარგეს, ერთმანეთს გამარჯობას აღარ ვეუბნებით, რაც ჩემთვის ყველაზე მძიმეა... 1999 წელს გერმანიაში მოვხვდი და ვიღაც გამვლელმა ადგილობრივმა გამარჯობა მიითხრა, აღფრთოვანებული ვიყავი და მშვიდობიანი ღამე მისურვა. ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში იშვიათი გახდა, რაზეც ძალიან გული მტკივა. იმას უყურებენ, ვის როგორი ფერის საცვალი აცვია, ვინ ვისთან დაძვრება, ნაცვლად იმისა, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ქვეყანა წინ წავიდეს.

არადა, შემოვლილი მაქვს ევროპა და ასეთი მაგარი ქვეყანა არსადაა. სილამაზით, დამოკიდებულებით - ძალიან მიყვარს. მინდა, რომ „დალაგდეს“. ამას ყველა უნდა ვეცადოთ.

ბოლოს კი მინდა, რომ იმ პერსონაჟს, რომელიც მე შევქმენი, მაყურებელმა სწორად შეხედოს და პირდაპირ არ მიიღონ ყველაფერი...

"ულამაზესი...გოგო-ბებო" - ნინო ნადირაძემ შვილიშვილთან ერთად, საზოგადოება აღაფრთოვანა

"ჩემს თავს ტელევიზორში ვერ ვუყურებდი, მრცხვენოდა" - ჩცდ-ის ტასო ეკრანს მიღმა: როგორ ცხოვრობს გოგონა, რომელიც გადასაღებ მოედანზე გაიზარდა

ხატია ბუნიათიშვილის კიდევ ერთი წარმატება - ქართველი პიანისტი ფრანგული საიუველირო ბრენდ Cartier-ის ელჩი გახდა