ავტორი:

"ნასროლია შორიდან... დახოცეს, როგორც მკვლელობის მოწმეები" - რა ვერსიები აქვთ ადგილობრივებს ყანდაურაში მომხდარ სასტიკ მკვლელობებზე

"ნასროლია შორიდან... დახოცეს, როგორც მკვლელობის მოწმეები" - რა ვერსიები აქვთ ადგილობრივებს ყანდაურაში მომხდარ სასტიკ მკვლელობებზე

სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ ომარ გამყრელიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თუმცა, თელავის რაიონულ სასამართლოში გამართულ სხდომაზე ბრალდებულმა მოსამართლეს რამდენჯერმა მიმართა სიტყვით და განაცხადა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და მისი შვილი, რძალი და ორი ნათესავი სხვამ მოკლა.

სასტიკი შემთხვევის დროს მოკლულები არიან - ბრალდებულის ვაჟი დავით გამყრელიძე და მისი მეუღლე, ლელა ბორაშვილი, ასევე დედა-შვილი მზია მეზვრიშვილი და შავლეგ გამყრელიძე, რომლებიც მეზობლად ცხოვრობდნენ და ბრალდებულის ბიძაშვილის ცოლი და ბიძაშვილის შვილი იყვნენ.

იმ ვერსიას, რომ შესაძლოა ოთხი ადამიანი არა ომარ გამყრელიძემ, არამედ სხვამ დახოცა, რამდენიმე ყანდაურელიც იზიარებს.

გარდაცვლილი შავლეგ გამყრელიძის სიმამრმა ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტთან სწორედ ამ ეჭვებზე ისაუბრა:

"85 წლის ასაკში მყოფი ადამიანის, ომარა გამყრელიძის ჩადენილი არ მგონია ეგ დანაშაული. შესაძლოა სხვას ჩაედინა, მაგრამ იმ სხვას როგორ გაარკვევენ ვინ არის, ეს გამოძიებამ იცის.

VIDEO: "ნასროლია შორიდან, უმაღლესი დონის მსროლელია ვიღაც, სნაიპერი" - მეზობელი ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაზე

როგორც ამბობენ, ნასროლია შორიდან... უმაღლესი დონის მსროლელია, სნაიპერია ვიღაც. ვინც აკეთებდა ამ დანაშაულს, ეგონა, რომ ამათ დაინახეს, სადაც იყვნენ ჩასაფრებულები და საიდანაც მიმდინარეობდა სროლა, მაგრამ ამათ არც ერთს არ დაუნახია როგორც ჩანს და დაიხოცნენ ტყუილუბრალოდ. ჩემს სიძეს ერთი ტყვია მოხვდა გულში, რასაც ომარა გამყრელიძე ვერ შეძლებდა, ხელები უკანკალებდა... დედამისს, მზიას კი, ორი ტყვია აქვს ნასროლი. სადღაც 7-8 გასროლა მოხდა" - ამბობს მამაკაცი საუბრისას.

მკვლელობაში ბრალდებულის ძმა, ფრიდონ გამყრელიძე, რომელიც შემთხვევის უშუალო თვითმხილველია, ყვება როგორ ნახა მისი მეუღლისა და შვილის მკვლელობა:

"ჯერ ესროლეს ავადმყოფ ქალს (ომარ გამყრელიძის მეუღლე, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი. ის ჭრილობებით თბილისში გადმოიყვანეს და მართვით სუნთქვაზეა, ავტ). რძალმა ჩემს ცოლს დაუძახა, ჩემი დედამთილი ცუდადაა და მიშველეთო. ჩემი ცოლი შევიდა სახლში და უცბად სროლის ხმა გავიგონე, გავიხედე და ჩემი ბიჭი უკვე წაქცეული იყო... გავიქეცი სირბილით და სანამ ამ მანძილს დავფარავდი, მისი ბიჭი დათო იქვე იდგა და მივარდა შავლეგს, ბიჭო რა მოგივიდაო... ამ დროს გაისმა მეორე გასროლაც და ისიც წაიქცა.

მე ვუყურებდი და ვერ ვუახლოვდებოდი, ვიცოდი რომ მივახლოვებოდი მეც მესროდა... მერე ჩემი ცოლის ხმაც გაჩუმდა და მივხვდი რომ ტყვია მოხვდა. სადღაც ათი გასროლა მაინც გავიგე...

მეზობლებიც მივედით, სასწრაფო და პოლიციაც მოვიდა.... ოთხი მკვდარი დაგვხვდა - ორი დერეფანში, ორი ეზოში. ჩემი ცოლი და ბიჭი, მოკლეს როგორც მკვლელობის მოწმეები. ორივე მოიშორეს და ისინი რაზე დახოცეს, არ ვიცი" - ყვება მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ბიძაშვილი ფრიდონ გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ ომარ გამყრელიძის წინაღმდეგ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. თავდაპირველად გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, 236-ე მუხლი დაემატა, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა-ტარებას.

საოლქო პროკურორატურის პროკურორის, ვლადიმერ ბექიშვილის განმარტებით, დანაშაულის ჩადენისას სავარაუდოდ ორი იარაღია გამოყენებული - გეკოს ტიპის თოფი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. გარდა ამისა, გამყრელიძის სახლის დამხმარე სათავსოში აღმოჩენილია სანადირო თოფი, საბრძოლო ვაზნები და მჭიდი.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო