ავტორი:

პუტინისა და მისი "მაფიოზური" გარემოცვის 800 მლრდ-იანი ქონება - ბრიტანელი პოლიტოლოგების სკანდალური წიგნი რუსეთზე

პუტინისა და მისი "მაფიოზური" გარემოცვის 800 მლრდ-იანი ქონება - ბრიტანელი პოლიტოლოგების სკანდალური წიგნი რუსეთზე

აპრილში გამომცემლობა Individuum-მა ბრიტანელი ისტორიკოსისა და პოლიტოლოგის, მარკ გალეოტის წიგნი "ქურდები" გამოსცა, სადაც ავტორი რუსეთში გამეფებული ორგანიზებული დანაშაულის ისტორიებს ყვება. გალეოტი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სპეციალისტია, საერთაშორისო დანაშაულისა და რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობის მიმართულებით. novayagazeta.ru-ს ცნობით, 2019 წელს მისი 3 წიგნი გამოიცა - დონბასის ომზე, ჰიბრიდულ ომსა და ვლადიმერ პუტინზე. გამოცემასთან ინტერვიუში ავტორი კრემლისა და მაფიოზების კავშირებზე საუბრობს, სადაც მთავარ როლს პუტინის "მარჯვენა ხელი", ევგენი პრიგოჟინი ასრულებს.

ავტორის თქმით, რუსეთი მაფიოზური ქვეყანა არ არის, მაგრამ სახელმწიფოსა და კრიმინალებს საკმაოდ ბნელი კავშირები აქვთ, ამ კავშირების მეშვეობით იმართება ორგანიზებული დანაშაული, რომელიც 90-ინი წლებიდან იღებს სათავეს. გალეოტი რამდენიმე ფაქტს გამოარჩევს, სადაც ФСБ და განგსტერები ერთობლივად მუშაობენ.

"კლასიკური მაგალითია ესტონეთის სპეცსამსახურების თანამშრომლის, ესტონერ კოხვერას ამბავი, რომელიც ФСБ-ს თანამშრომლებმა ესტონეთში აიყვანეს, შემდეგ კი, ჯაშუშობისთვის გაასამართლეს და პატიმრობაც მიუსაჯეს. საბოლოოდ გაირკვა, რომ ის სიგარეტის კონტრაბანდას აკონტროლებდა. საქმე ის არის, რომ რუსეთის სპეცსამსახურები საკმაოდ ხშირად "ავერბოვკებენ" ესტონელებს სიგარეტის კონტრაბანდით, რასაც თვალთვალისა და პოლიტიკური ოპერაციებისთვის იყენებენ, სანაცვლოდ, მათ საზღვრის თავისუფლად გადაკვეთის საშუალებას აძლევენ. ყველამ ვიცით, როგორც დახოცეს ჩეჩნები თურქეთში, თურქეთის პოლიციამ კი განაცხადა, რომ ეს მოსკოველმა განგსტერსებმა გააკეთეს, რომლებსაც თურქეთში თავიანთი ინტერესები ჰქონდათ - "ისინი ჩამოვიდნენ, თავიანთი საქმე გააკეთეს და წავიდნენ". თურქები დარწმუნებული არიან, რომ ისინი რუსეთის სპეცსამსახურებმა დაავერბოვკეს", - ამბობს წიგნის ავტორი, რომლის თქმითაც, რუსეთსა და დასავლეთს შორის ამჟამად ძალიან მძიმე კონფლიქტია. ამ კონფლიქტის მთავარი მიზეზი კი სწორედ სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაციებია, რომლებსაც დასავლური სპეცსამსახურებისგან განსხვავებით, სხვანაირი ტაქტიკა აქვთ.

მისივე თქმით, როგორც ლიტვინენკოს, ასევე სკრიპალების შემთხვევები დემონსტრაციული იყო, არავის უცდია მათი დამალვა, "პირიქით, თეატრალიზებულიც კი იყო - თუ ვინმეს მოკვლა გსურს, ამას უკვე მოხერხებულად აკეთებ და არა პოლონიუმისა და "ნოვიჩოკის" გამოყენებით, რაც ნიშნავს, რომ ამის გამოაშკარავება გინდა.

რაც შეეხება სკრიპალს, ამით მოსკოვმა ლონდონს უთხრა - ყველა, ვინც რუსეთს ასე მოექცეოდა, იგივე ელოდა... რუსეთი ვერ აცნობიერებს, რომ თავისი შესაძლებლობებით, ის "სუპერძერჟავა" არ არის, ისეთი, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო ან სულაც ახლა ამერიკაა, თუმცა ცდილობს, დანარჩენი მსოფლიო აიძულოს, მას ისე შეხედონ, როგორც ერთ-ერთ გავლენიან სახელმწიფოს. სკრიპალთან დაკავშირებით, ბრიტანეთის პოზიცია იმაზე რბილი იყო, ვიდრე ელოდნენ", - წერს ავტორი.

ბრიტანელი ისტორიკოსი რუსეთის კრიმინალურ სამყაროსაც ეხება და ამბობს, რომ დედ-ჰასანის მკვლელობას იმაზე ფართო კონფლიქტი უძღოდა წინ, ვიდრე უბრალოდ ერთი გავლენიანი კრიმინალის მოშორებაა. "ამიტომაც, როგორც კი სახელმწიფო სტატუს-კვოს დააღვევს, არ გამოვრიცხავ, იატაკქვეშა სამყაროს აფეთქებას", - აღნიშნავს მარკ გალეოტი.

ის რუსეთის მთავარი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ "ეს იყო სახელმწიფო დონის მკვლელობა, რომლის გამოძიება მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია, ოღონდ სურვილის შემთხვევაში".

"რუსეთს ხშირად უწოდებენ "მაფიოზურ სახელმწიფოს", რაც ჩეჩნეთს უფრო შეეფერება - ეს არის ერთი კაცის დიქტატურა, რომელმაც მოსკოვის დაფინანსებას მიაღწია და სწორედ ამ ფულზეა დამყარებული დიქტატურაც, სადაც უამრავი დანაშაული ხდება, ოღონდ ბოროტმოქმედების კი არა, ხელისუფლების ანუ პუტინის მხრიდან".

საერთოდ, პუტინი რუსეთს მინიშნებებით მართავს, ანუ ადამიანები თავად უნდა მიხვდნენ, რა ელით მათ. ასეა მოწყობილი კრიმინალური სამყარო. ეს ადამიანები ასე იმიტომ არ იქცევიან, რომ განგსტერები არიან, უბრალოდ, ისინი ასე მუშაობდნენ ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი რუს საზოგადოებასთან. ამ ფორმით განიცადეს ევოლუცია", - მიაჩნია პოლიტოლოგს.

კითხვაზე, იქცევა თუ არა პუტინი განგსტერივით საერთაშორისო საზოგადოებასთან მიმართებაში, ბრიტანელი პოლიტოლოგი პასუხობს, "პუტინის ქმედება ზოგჯერ ისეთია, რომ ზოგიერთს მასთან მეტოქეობის სურვილსაც კი უკარგავს, თუმცა ეს ციხის ეზოში გადარჩენისთვის ბრძოლას წააგავს".

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ბრიტანელი პოლიტოლოგი საუბრობს, არის, ევგენი პრიგოჟინი, იგივე "კრემლის მზარეული", პუტინის მარჯვენა ხელი, განუსაზღვრელი ძალაუფლებით, რომელიც რუსეთის ავტოკრატიის განუყოფელი ნაწილია.

"მან თავისი კარიერა კრემლში გაიკეთა - ის მართავდა რესტორნებს, კვებავდა ჯარს და მართავდა ტროლების ფაბრიკას, ახლა კი მისი "ვაგნერების" ჯგუფი მთელ მსოფლიოში მოქმედებს. მისი თვალსაჩინოებისთვის საკმარისია სოჭის ოლიმპიადის ინფრასტრუქტურის მშენებლობა - კავშირები პირდაპირ განგსტერებზე კი არა, რესპექტაბელურ კომპანიებზე გავიდა, რომელთა უკანაც ადამიანებით მოვაჭრე მაფიოზები დგანან. ეს პრიგოჟინის ხელწერაა, ასე მუშაობს მისი პერსონა, თუმცა, მთლიანობაში ის პუტინისთვის საჭირო ფიგურაა", - წერს პოლიტოლოგი.

ამ რამდენიმე ხნის წინ, რამზან კადიროვის უახლოესი მეგობარი, სენატორი, არაშუკოვი პირდაპირ ფედერაციის სხდომაზე დააკავეს. ეს იმის დემონსტრირება იყო, რომ ძალიან დიდ სიმაღლეებზეც არ უნდა იხტუნაო, თორემ თუ სახელმწიფომ მოინდომა, ყველას მისწვდება.

კიდევ უფრო მწვავედ აფასებს რუსეთში არსებულ ვითარებას, ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი ანდერს ასლუნდი, თავის წიგნში, რომელიც ასევე ახლახან გამოიცა და რომელშიც ავტორი პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქების 800 მილიარდიან ქონებაზე საუბრობს.

amerikiskhma.com-ის ცნობით, ავტორი აღწერს, თუ როგორ იყენებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ეკონომიკურ სისტემას ქვეყანაზე კონტროლის მოსაპოვებლად.

"მან სახელმწიფო საწარმოების, სასამართლოს და სუკ-ის სათავეში მისი ახლო მოკავშირეების დანიშვნით, საკუთარი ბიზნეს-მეგობრები, რომლებიც სანკტ-პეტერბურგში მოღვაწეობის პერიოდში შეიძინა, გაამდიდრა. წიგნის ავტორის თქმით, "პუტინმა მისდამი ერთგული "პლუტოკრატია" შექმნა, რომელსაც ავტორიტარიზმი კვებავს. პირველი ვადის განმავლობაში პუტინმა ხელისუფლების კონსოლიდაცია მოახდინა. დასაწყისში, ის ყველასთვის ყველაფერი იყო, რუსეთის საბაზრო ეკონომიკაც წინ მიდიოდა. შემდეგ კი, ხელისუფლების უზურპაციის კვალდაკვალ, ოლიგარქებთან ბრძოლაზე გადაერთო, რა დროსაც მიხეილ ხოდორკოვსკის პატიმრობა მიუსაჯეს. ავტორი ამბობს, რომ მესამე ვადით, არაფორმალურად მართვისას, პუტინმა კლანობრივი კაპიტალიზმის შენება დაიწყო, და ქვეყანაში მთავარი ბიზნესების კონტროლი საკუთარი მეგობრების ახლო წრეს გადასცა. მისივე თქმით, პუტინი და მისი წრე რუსეთის ეკონომიკიდან ყოველწლიურად 25 მილიარდ დოლარს იტაცებს. კაპიტალს ისეთ დასავლურ ქვეყნებში ინახავენ, სადაც კანონი დაცულია. მაგალითად, ამერიკასა და ბრიტანეთში, სადაც კანონი დაცულია და იმედი აქვთ, რომ მათ კერძო საკუთრებასაც დაიცავენ. ამ ქვეყნებში რუსი ოლიგარქები სხვადასხვა მეთოდებით ათეთრებენ ფულს, იქნება ეს უძრავი ქონების შესყიდვა თუ სხვა ინვესტიციები, ფუღურო კომპანიების გამოყენებით", - წერს გამოცემა amerikiskhma.com წიგნის ავტორზე დაყრდნობით.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"