ავტორი:

უცნობი ქართველი მეზღვაურის გულის ჯიბეში ნაპოვნი ფოტოს ამბავი და მეომრების ახალი გვარ-სახელები ფეოდოსიის საიდუმლო არქივიდან

უცნობი ქართველი მეზღვაურის გულის ჯიბეში ნაპოვნი ფოტოს ამბავი და მეომრების ახალი გვარ-სახელები ფეოდოსიის საიდუმლო არქივიდან

დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების ამბები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩვენამდე მოდის, საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა. ამჯერად, ქერჩის კომისიას უკრაინაში ადგილობრივი მოხუცი, ევგენი პერვუხინი დაუკავშირდა და მეორე მსოფლიო ომის დროს დაჭრილი ქართველი მეზღვაურის შესახებ უამბო, რომელიც ყირიმში, მის ეზოში მოკლეს.

"მოხუცი ჰყვება, რომ ის მაშინ პატარა ბიჭი იყო, როდესაც მის სოფელში, ნოვოალექსეევკაში, მის ეზოსთან მეზღვაურს ესროლეს. ის სასიკვდილოდ დაიჭრა. ადგილობრივებმა დაჭრილი სახლში შეიყვანეს, იმ იმედით, რომ მის გადარჩენას შეძლებდნენ. მეზღვაურმა მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ საქართველოდან იყო, ბათუმიდან, მეზღვაური, ნიკიტა ერქვა და საცოლე ჰყავდა... ამის შემდეგ, მან გონება დაკარგა და გარდაიცვალა კიდეც.

როდესაც მისი დამარხვა გადაწყვიტეს, ჯიბეში ფოტო უპოვეს, რომელზეც სამი გოგონა იყო გამოსახული, სავარაუდოდოდ, ერთ-ერთი მათგანი, სწორედ მისი საცოლე იყო. როცა დაღუპულთა აღრიცხვა დაიწყო, უკრაინელის ოჯახმა ადგილობრივ სამხედრო კომისარიატს მიმართა და ქართველი მეზღვაურის შესახებ უამბო. ვინაიდან, მისი სახელის გარდა, სხვა მონაცემები ცნობილი არ იყო, ბათუმელი ნიკიტა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში შეიყვანეს. ის 1942 წელს ყირიმის, სოფელ ნოვოალექსეევკასთან დაიღუპა და იქვე დაასაფლავეს. მეომრის ჯიბეში ნაპოვნი ფოტო ოჯახმა შეინახა და მხოლოდ ახლა მოგვაწოდა, იმ იმედით, რომ მასზე გამოსახულ ადამიანებს ვინმე იცნობს და შესაბამისად, დაღუპული ბიჭის ამოცნობაც შესაძლებელი გახდება", - ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ქერჩის კომისიის წევრი სუსანა კირაკოზიანი.

კიდევ ერთი ვერსიით, შესაძლოა, ფოტოზე გამოსახული გოგონებიდან რომელიმე დაღუპული მეზღვაურის და იყო. რამდენიმე ხნის წინ, უკრაინელები ბათუმის ერთ-ერთ გამოცემასაც დაუკავშირდნენ - გაირკვა, რომ ერთ-ერთი გოგონა ნადეჟდა რუჟიცკაია გახლდათ, რომელიც უკვე ცოცხალი აღარ არის.

"ის სიცოცხლის ბოლო წლებში ნიჟეგოროდსკის ოლქში, სოფელ ბოროვიჩაში ცხოვრობდა. უკრაინულმა ჯგუფმა იპოვა მისი შვილი, კონსტანტინ რუჟიცკი და დედის ფოტოს შესახებ მისწერა, თუმცა სმენია თუ არა მას ვინმე ნიკიტაზე, ამის შესახებ პასუხი არ გვაქვს. შესაბამისად, ფოტოზე გამოსახული დანარჩენი ორი გოგოსა და თავად მეომრის ვინაობა უცნობი რჩება", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

ბოლო დროს ყირიმიდან ქერჩის ბრძოლებში დაღუპული ქართველი მეომრების შესახებ, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდნენ, ბევრი რამ გავარკვიეთ. თუმცა, გასარკვევი ბევრად უფრო მეტია...

ქერჩის კომისიამ ამჯერად ქალაქ ფეოდიასთან დაღუპული ქართველების სიები მოგვაწოდა, რომელთა შესახებაც ოჯახებმა არაფერი იცოდნენ. მათი ნაწილის გვარ-სახელი ქალაქ ფეოდოსიაში საპატიო დაფაზეა გაკრული. სხვადასხვა მიზეზით, მათი პირადი მონაცემები არასრულყოფილია.

ქალაქ ფეოდოსიის სამხედრო კომისარიატის საიდუმლო სპეცარქივში შენახული დოკუმენტის თანახმად, რომელსაც მაიორი უგრაევი და ლეიტენანტი მერკუში აწერენ ხელს და დიდი ალბათობით, მოსკოვში გაგზავნილი დოკუმენტის ასლია, წერია, რომ სამგვერდიან სიაში მითითებული სამხედრო პირები - ოფიცრები, მაიორები, ლეიტენანტები და რიგითები 1941-დან 1944 წლამდე პერიოდში, ომის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად დაიღუპნენ. კომისიამ ჯერ მხოლოდ სიის ნაწილის გაშიფვრა შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ დღემდე უგზო-უჯვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების შესახებ ინფორმაციას კიდევ უნდა ველოდოთ. საბუთი დანომრილია და აწერია "საიდუმლოა".

მაშ ასე, AMBEBI.GE-სთვის მოწოდებული სია ასე გამოიყურება:

ურჯუმაშვილი, დაბადებული გორის რაიონის სოფელ ვარიანში. დაიღუპა 1942 წლის 29 იანვარს ქალაქ ფეოდოსიაში, მიღებული ჭრილობებისგან.

ამბროსი კუშინაძე, დაბადებული 1991 წელს, დაიღუპა ქალაქ ფეოდოსიაში.

სერგეი საფრონის ძე ჩესოჩიძე (?), დაბადებული 1913 წელს ჭიათუარის რაიონში, 26 ბატარეის მეთაური, ლეიტენანტი.

გიორგი კონსტანტინეს ძე ალავიძე, დაბადებული 1912 წელს ქუთაისის სოფელ ძირულაში. მეუღლე თინა სამსონის ასული.

გალაკტიონ გიორგის ძე ბუღაძე, დაბადებული 1910 წელს, ქალაქ თბილისში, კვალის ქუჩა N3-ში. მეუღლე ანგელინა კირილეს ასული.

ვასილი ელიზბარის ძე ბუნტური, დაბადებული 1911 წელს, ქალაქ თბილისში, ვოროშილოვის (!) ქუჩა N17, მეუღლე თამარ მიხეილის ასული სოლოშვილი.

იოსებ შალვას ძე ჯეირანაშვილი, დაბადებული 1906 წელს გორის რაიონის სოფელ დრეში (?).

გიორგი ზახარის ძე სირანაშვილი, უფლისციხე.

კონსტანტინე გრიგორის ძე დუგლაძე, დაბადებული ზესტაფონის რაიონის სოფელ კლდეთში, მეუღლე ელენე ერმილეს ასული.

კონსტანტინე იაკობის ძე ბოჭორიძე, დაბადებული 1918 წელს, ზესტაფონის სოფელ ბოსლევში. დედა აგრაფინა ივანეს ასული.

ყველა სტატია: მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების შესახებ

კაშხლოვანი ჰესები – ენერგოდამოუკიდებლობის გარანტი

საგარეჯოში მომუშავე ექთანს PCR ტესტით კორონავირუსი არ დაუდასტურდა

"რაც კორონავირუსთან ბრძოლა დავიწყეთ, 154 შემთხვევა მივიღეთ და აქედან 95 პაციენტი უკვე გაწერილია" - ლევან რატიანი