ავტორი:

"რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურები გასანადგურებლად ეძებდნენ" - ვინ იყო ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი ეროვნული გმირი ვარლამ ჩერქეზიშვილი

"რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურები გასანადგურებლად ეძებდნენ" - ვინ იყო ილია ჭავჭავაძის თანამებრძოლი ეროვნული გმირი ვარლამ ჩერქეზიშვილი

გრიგოლ რობაქიძე წერდა: "იყო ერთი თავადი, ანარქისტი და მამულიშვილი - ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელსაც ქართული კარგად არ ეხერხებოდა. იცოდა ინგლისური, ფრანგული, რუსული... სიკვდილის წინ მას ყველა ეს ენა დაავიწყდა და ქართულად დაიწყო ლუღლუღი".

ისტორიკოსმა დიმიტრი შველიძემ ვარლამ ჩერქეზიშვილის შესახებ წიგნი "აი, ვინ იყო ქართველნო, ვარლამ ჩერქეზიშვილი" დაწერა, რომელიც ერთ-ერთი პირველი წიგნია მის შესახებ.

დიმიტრი შველიძე ვარლამ ჩერქეზიშვილის შესახებ გვესაუბრება:

- 1907 წელს ჰააგაში საერთაშორისო კონფერენცია რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარეობდა. კონფერენციაზე უნდა განეხილათ მსოფლიო ომის თავიდან აცილების საკითხები, რომელსაც 44 სახელმწიფოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვარლამ ჩერქეზიშვილმა თავის ქართველ პატრიოტებთან – გიორგი გვაზავასთან და მიხაკო წერეთელთან ერთად, ილია ჭავჭავაძის თანხმობით, მოამზადა ტექსტი, რომელის მიხედვით, იგი რუსეთის მონარქიას უჩიოდა. მოგეხსენებათ, რომ 1783 წელს საქართველომ დადო ხელშეკრულება რუსეთთან როგორც სახელმწიფომ და ამ ხელშეკრულებაში იყო შეთანხმება, რომ რუსეთს საქართველო უნდა დაეცვა. რამდენიმე წლის შემდეგ რუსეთმა დაარღვია ეს გეორგიევსკის ტრაქტატი, გააუქმა ქართული სახელმწიფო და დაიპყრო ჩვენი ქვეყანა.

ვარლამ ჩერქეზიშვილის თაოსნობით შედგენილი პეტიციის მიხედვით, ქართველები თხოვდნენ საერთაშორისო სასამართლოს, რომ დახმარებოდნენ ქართველებს ქართული სახელმწიფოს აღდგენის საკითხში. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველებმა საერთაშორისო, ევროპის სასამართლოს თხოვეს დახმარება და უჩივლეს რუსეთს. სამწუხაროდ, კონფერენციაზე ეს საკითხი არ განიხილეს, რადგან მაშინაც ევროპელები რუსეთს ანგარიშს უწევდნენ, მაგრამ უფრო კარგი რამ მოხდა: მთელი ევროპისა და ამერიკის გაზეთებმა ერთი კვირის მანძილზე გააშუქეს საქართველოს ბრძოლა სახელმწიფოს აღდგენისათვის, რუსეთის იმპერიის არასამართლებრივი ქმედება და ასე შემდეგ... როგორც ვარლამ ჩერქეზიშვილი ამბობდა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მთელმა ქვეყნიერებამ დაილაპარაკა საქართველოს შესახებ. ამიტომ ჩვენ ეს პეტიცია უნდა განვიხილოთ, როგორც პირველი შემთხვევა - იურიდიული დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ქართველები დახმარებას და სამართლის აღდგენას თხოვდნენ ევროპელებს. პეტიციას 3 ათასი ქართველი აწერდა ხელს.

- ვარლამ ჩერქეზიშვილი მთელი ცხოვრება საქართველოსთვის იბრძოდა და რატომ მოხდა ისე, რომ საქართველოში მასზე ძალიან ცოტამ თუ იცის?

- ვარლამ ჩერქეზიშვილი დაიბადა 1846 წელს კახეთში, სოფელ თოხლიაურში. რუსეთში სასწავლებლად წასული, რევოლუციური საქმიანობისთვის პირველად 20 წლის ასაკში დააპატიმრეს. ხელმეორედ დაპატიმრებული, 1876 წელს ციმბირის გადასახლებიდან ბრიტანეთში გაიქცა და ეს ქვეყანა იქცა მის მეორე სამშობლოდ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თუ რატომ იცნობენ მას ნაკლებად საქართველოში, მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში 70 წლის მანძილზე საქართველოს ისტორიის მრავალი პერსონაჟი საგანგებოდ იქნა დავიწყებული - ყველა ის მოღვაწე, რომლებიც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ და არა კომუნისტური პარტიის. ამიტომაც აღმოჩნდა მიჩქმალულთა შორის ვარლამ ჩერქეზიშვილის დიდი ფიგურა.

- რატომ შეიძლება ვარლამ ჩერქეზიშვილს ეროვნული გმირი ვუწოდოთ?

- მან მთელი ცხოვრების მანძილზე იმდენი რამ გააკეთა სამშობლოსთვის, რომ ეროვნულ გმირზეც მეტია - ის ეროვნული მოღვაწეა! ვარლამ ჩერქეზიშვილი პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ, რომელიც ახალგაზრდობიდანვე რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება და მისი მთავარი მიზანი რუსეთის თვითმპყრობელობის დამხობა იყო! 1876 წლამდე რუსეთში, სხვადასხვა რევოლუციურ ორგანიზაციაში მოღვაწეობდა. 1870 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ციმბირში და 1876 წელს ევროპაში გაიქცა. ამის შემდეგ ჩაება ევროპის რევოლუციურ მოძრაობაში, იყო სოციალისტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ანარქისტი. ამ ნიადაგზე მან მთელ ევროპაში სახელი გაითქვა, როგორც რუსეთისა და ევროპის ერთ-ერთმა ანარქისტულმა ლიდერმა. აწყობდა სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებს, კონგრესებს, კონფერენციებს და იყო ამ მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული წარმომადგენელი.

ჩვენთვის იგი განსაკუთრებით საინტერესოა! მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური მიმართულებით სხვა მოძრაობაში იყო ჩართული, არასოდეს არ ივიწყებდა თავის სამშობლოს, ქვეყნის ტკივილებს და თავის მოღვაწეობის ყველა ეტაპზე უპირველესად სამშობლოს პატრიოტი, უდიდესი მამულიშვილი გახლდათ! ყოველთვის საქართველოს დამოუკიდებლობისა და საქართველოს სახელმწიფოს აღდგენისთვის იბრძოდა!

- ვარლამ ჩერქეზიშვილის და ილია ჭავჭავაძის მეგობრობის შესახებ გვიამბეთ...

- ილია ჭავჭავაძის იდეების ერთგული თაყვანისმცემელი იყო და იმდენად დიდი თანამოაზრე, რომ 1894 წლიდან ილია ჭავჭავაძემ მას დაუთმო თავისი სახელგანთქმული გაზეთის "ივერიის" ფურცლები. ეს ყველაფერი არალეგალურად ხდებოდა. ვარლამ ჩერქეზიშვილი მთელი 40 წლის განმავლობაში დასავლეთ ევროპაში ცხოვრობდა – შვეიცარიაში, საფრანგეთში, ინგლისში. იქედან აგზავნიდა წერილებს და ფსევდონიმებით იბეჭდებოდა. "ივერიაში" იგი "ვაზიანის" ფსევდონიმით ბეჭდავდა. ვარლამ ჩერქეზიშვილს სანთლით დაეძებდნენ მთელი რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურები გასანადგურებლად, როგორც დამნაშავეს და ბოროტმოქმედს. მისი გამოჩენა იმპერიის საზღვრებში აკრძალული იყო, მაგრამ მაინც შეძლო ორჯერ საქართველოში არალეგალურად ჩამოსვლა.

საერთოდ, ილია ჭავჭავაძეს რევოლუციონერები, რევოლუცია არ უყვარდა, მაგრამ რადგანაც ვარლამ ჩერქეზიშვილი უდიდესი პატრიოტი იყო, მისი 50-ზე მეტი წერილი დაბეჭდა "ივერიაში". იმპერიის სპეცსამსახურებს რომ ცოდნოდათ, თუ ვინ იყო "ვაზიანი", ილია ჭავჭავაძეს გაზეთს დაუხურავდნენ.

- რა სახის წერილები იყო?

- ეს წერილები ეხებოდა დასავლეთ ევროპისა და განსაკუთრებულად, ინგლისის ცხოვრებას. ინგლისის ცხოვრების ყველა დეტალს აშუქებდა - სოფლის მეურნეობას, მრეწველობას, პოლიტიკურ წყობას... ვარლამ ჩერქეზიშვილი იბრძოდა ქალთა უფლებებისთვისაც. მან რამდენიმე წერილი გამოაქვეყნა ასეთი სათაურით – "ინგლისის დედაკაცი დღეს".

საინტერესოა, რომ ქართულ საზოგადოებას პირველმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა გააცნო – მარჯორ უორდროპი. მარჯორ და ოლივერ უორდროპებს კარგად იცნობდა ვანო მაჩაბელი, მაგრამ ვანო მაჩაბელს საქართველოდან ჰქონდა მათთან კავშირი და ვარლამ ჩერქეზიშვილი ლონდონში ცხოვრობდა და ძალიან ახლოს იყო ამ ცნობილ და-ძმასთან. ჩვენამდე მოღწეულია მარჯორის წერილი, სადაც იგი წერს, რომ ჩვენთან ხშირად დადის ბატონი ვარლამი და მე და ჩემს ძმას სალაპარაკო ქართულს გვასწავლისო. მარჯორი ადრე გარდაიცვალა და შემდეგ ვარლამი ოლივერთან მეგობრობდა. სწორედ მისი ძალიან დიდი აქტიურობის შედეგად გამოგზავნა ოლივერ უორდროპი ბრიტანეთმა წარმომადგენლად საქართველოში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მანამდე ათვალწუნებულად უყურებდნენ საქართველოს და ოლივერი საქართველოდან ისეთ ცნობებს აგზავნიდა, ინგლისელებმა შეცვალეს თავიანთი ხედვა - კეთილგანწყობილი გახდნენ, თუმცა სამწუხაროდ, ბრიტანეთმა ვერ უშველა მაშინდელ საქართველოს.

ვარლამ ჩერქეზიშვილი განუწყვეტლივ ბეჭდავდა წერილებს საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ინგლისურ პრესაში. მოგეხსენებათ, ინგლისური პრესა მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა. ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან დასავლეთში იმ დროში საქართველოს შესახებ არავინ იცოდა. კიდევ ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება ვარლამ ჩერქეზიშვილის შესახებ, მაგრამ ეს მომავლის საქმეა, რათა ქართულმა საზოგადოებამ და ხალხმა რაც შეიძლება მეტი იცოდეს თავისი ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული შვილის შესახებ.

როგორია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

"გარდაცვალებამდე დედამ გვითხრა, მიხედეთ, სანამ იცოცხლებსო..." - ძაღლებზე შეყვარებული და-ძმა და უჩვეულო მეტისის სევდიანი ამბავი

საქართველოში 23 გრადუსამდე დათბება - როგორი ამინდი იქნება თბილისში უახლოესი დღეები