ავტორი:

"არ მეგონა, თუ ასე თავხედურად გაამართლებდნენ" - ავარიისას გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის მამა განაჩენზე

"არ მეგონა, თუ ასე თავხედურად გაამართლებდნენ" - ავარიისას გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის მამა განაჩენზე

მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე თავხედურად, უნამუსოდ გაამართლებდნენ, არ მეგონა. აბსოლუტურად ყველაფერი გაყალბებულია და სამარცხვინო სპექტაკლია დადგმული, - ასე გამოეხმაურა AMBEBI.GE-სთან ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობასთან დაკავშირებით, ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპული გიორგი პაპასკირის მამა, მალხაზ პაპასკირი.

როგორც პაპასკირი აღნიშნავს, მისი ოჯახის წევრები კვირიკაშვილის უპასუხისმგებლობით დაიღუპნენ და ის სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

"ეს არის უსამართლო ქვეყანა! ეს არის ქვეყანა, სადაც სამართალს ვერ იპოვი. ის, რაც დღეს მოხდა, ძალიან ცუდი პრეცედენტია ყველასთვის, მხოლოდ ჩემს შვილზე არ არის საუბარი. აბსოლუტურად ყველაფერი გაყალბებულია და სამარცხვინო სპექტაკლია დადგმული. კანონის ფარგლებში ბრძოლას ვაპირებ.

ჩვენ ოჯახი გაგვინადგურდა, შვილი და რძალი ამ უპასუხისმგებლო, თავხედი ადამიანის გამო აღარ მყავს, ყველამ იცის, რა მოხდა. 5 წლის ბავშვი უპატრონოდ დამრჩა. უნამუსობის მეტი, რა შეიძლება ამას დაერქვას?

ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, არ მეგონა, თუ ასე თავხედურად, უნამუსოდ გაამართლებდნენ ამ ადამიანს, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, 4 ადამიანის სიცოცხლეზეა ლაპარაკი და მისი მეუღლის სიცოცხლეზე, ის საწყალი გოგოც დაიღუპა აბსოლუტურად უპასუხისმგებლობის გამო", - განაცხადა პაპასკირმა.

ცნობისთვის, 2016 წლის 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს, "იქს 5" და "ჰონდას" მარკის ავტომანქანები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად, დაიღუპა მორაგბე მეკო კვირიკაშვილის მეუღლე, ანანო ბუაძე, "ჰონდას" მგზავრები, გიორგი პაპასკირი, ნუცა კალანდია და ანი ჩხაიძე. მძიმედ დაშავდნენ, თავად მეკო კვირიკაშვილი, ასევე მორაგბე გიორგი ლომინაძე და ნუცა გუნცაძე.

სწორედ აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით იყო, მერაბ კვირიკაშვილი ბრალდებული. ის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით უდანაშაულოა, მას შეფარდებული 15 000-ლარიანი გირაო მოეხსნა და ავტოსადგომზე მყოფი მანქანაც დაუბრუნდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს