ავტორი:

მეწამორის ელექტროსადგური სრულად შეჩერდა - რა საფრთხეს შეიცავს სადგური, რომელიც სეისმურ ზონაში მდებარეობს - "ავარიის შემთხვევაში, მთავარია, საით დაუბერავს ქარი"

მეწამორის ელექტროსადგური სრულად შეჩერდა - რა საფრთხეს შეიცავს სადგური, რომელიც სეისმურ ზონაში მდებარეობს - "ავარიის შემთხვევაში, მთავარია, საით დაუბერავს ქარი"

მეწამორის ელექტროსადგურმა, რომელიც სომხეთში დაბა მეწამორში მდებარეობს მუშაობა სრულად შეაჩერა. ამის მიზეზი ყოველწლიური გეგმიური სარემონტო სამუშაოებია, რომლის დროსაც რეაქტორის აქტიური ზონის სრული დაცლა მოხდება. ამის შესახებ ინფორმაცია აეს-ის საიტზე გავრცელდა.

„2021 წლის 15 მაისის 00:25 სათიდან დაიწყო ატომურ ელექტროსადგურზე №2 ენერგობლოკის გაჩერება, ხოლო 11:45 საათზე ის სრულად გაითიშა ენერგოსისტემიდან. ატომური სადგური გაჩერდება 141 დღით, რაც განპირობებულია უპრეცედენტო მასშტაბის სარემონტო სამუშაოებით, რომელმაც პროგრამის მიხედვით №2 ენერგობლოკს მუშაობა უნდა გაუხანგძლივოს“, - წერია განცხადებაში.

როგორც ინფორმაციაშია დაზუსტებული, სამუშაოებისას გათვალსიწინებულია რეაქტორის კაპიტალური რემონტი ისე, რომ მოხდება რეაქტორის სრული დაცლა.

პრეს-სამსახურის ცნობით, სარემონტო სამუშაოებში ჩართული იქნება 400 სპეციალსიტი ბელარუსიდან, რუსეთიდან, სლოვაკეთიდან, უკრაინიდან, ხორვატიიდან, ჩეხეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ენერგობლოკის ამუშავება 2021 წლის 2 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

სომხეთის ტომური ელექტროსადგური არის ქვეყნის ერთადერთი ატომური ენერგოსადგური, რომელიც 1979 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და 1989 წლის სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გაჩერდა. 1995 წელს მოხდა მისი განკონსერვება, რის შემდეგაც ის კვლავ ჩაეშვა ექსპლუატაციაში. ეს აესი ქვეყნის ენერგომოხმარების მესამედს გამოიმუშავებს.

ევროკავშირი, რომელიც უკვე წლებია სომხეთს ამ ელექტროსადგურის დახურვისაკენ მოუწოდებს, მიიჩნევს, რომ საბჭოთა დროს აგებულ სადგურს მოდიფიცირების შემთხვევაშიც არ შეუძლია უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები დააკმაყოფილოს. იმ შემთხვევაში, თუ სომხეთში ბუნებრივი კატაკლიზმები მოხდება, მაგალითად მიწისძვრა, არსებობს რეალური საშიშროება, რომ ატომური ელექტროსადგური მწყობრიდან გამოვიდეს და კატასროფული ზიანი მიაყენოს, როგორც სომხეთს, ისე მის მეზობლად მდებარე ქვეყნებს.

ბოლო პერიოდში აქტიურად მსჯელობენ ატომური ელექტროსადგურების საჭიროების შესახებ იმ რისკებთან მიმართებაში, რასაც მათი არსებობა შეიცავს. იაპონიაში მოხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზიანებულ ფუკუსიმის ატომური ელექტროსადგურის მწყობრიდან გამოსვლამ მთელი მსოფლიო იმაზე დააფიქრა, თუ რამდენად უსაფრთხოა საერთოდ ატომური ენერგია. „ფუკუსიმა 1“-ის კატასტროფა არ არის ერთადერთი ტრაგედია, რომელმაც ატომურ ელექტროსადგურებთან დაკავშირებული საშიშროება წარმოაჩინა. მსგავსი რამ მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების სამკილომეტრიან კუნძულსა და ჩერნობილში.

როდესაც ატომურ ელექტროსადგურებზე მსჯელობა იწყება, სპეციალისტები ერთხმად გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ შესაძლოა, მეწამორის ატომური ელექტროსადგური დღეისთვის ყველაზე საშიში „ატომური ობიექტი“ იყოს. უპირველეს არგუმენტად მისი ხანდაზმულობა მოჰყავთ. ეს სადგური გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აშენდა, ანუ ჩერნობილის ელექტროსადგურამდე გაცილებით ადრე. სპეციალისტების აზრით, იგი დაფუძნებულია ძველ სტანდარტებსა და ნორმებზე, რომლებიც თანამედროვე რისკფაქტორებს ვერ პასუხობენ. კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ფიზიკოსები ყურადღებას ამახვილებენ, ელექტროსადგურის არასასურველ ადგილზე მდებარეობაა. გავრცელებული მოსაზრებით, ელექტროსადგური სეისმურად მეტად აქტიურ ზონაშია აშენებული.

იგი ძალიან ახლოს მდებარეობს მთებთან, სადაც არსებობს „მიძინებული“ ვულკანი და მეცნიერების აზრით, მისი „გამოღვიძება“ სრულებით შესაძლებელია

სწორედ ამ რისკ-ფაქტორების გამო, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და ევროკავშირმა არაერთხელ მოუწოდეს სომხეთს, დაეხურა მეწამორის ატომური ელექტროსადგური. სადგური რომ უნდა დაიხუროს, ევროკომისიის ანგარიშშიც არის ნათქვამი.

როგორც ცნობილია, დაბა მეწამორში მდებარე ატომურ სადგურზე სომხეთის ენერგომოხმარების 40% მოდის. სწორედ ამიტომ აჭიანურებს სომხეთი ელექტროსადგურის დახურვას.

მეწამორის ატომური ელექტროსადგური, ერევნიდან 30 კმ-ში მდებარეობს, თბილისიდან კი 113 კმ-ით არის დაშორებული

ელექტროსადგური 1970-იან წლებში აშენდა და შედგება ორი ენერგობლოკისგან. 1988 წელს რეგიონში მოხდა 6,9 მაგნიტუდის გამანადგურებელი მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი მხოლოდ 75 კილომეტრით იყო დაშორებული ელექტროსადგურიდან. მაშინ ხელისუფლებამ მეწამორის მუშაობა შეაჩერა, მაგრამ შვიდი წლის შემდეგ კვლავ აამოქმედა ის, ვინაიდან 1988-94 წლებში მთიან ყარაბაღში ომის შედეგად, ქვეყანას თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან ენერგიის მიწოდება შეუწყდა.

მას შემდეგ რაც, 90-იანი წლების დასაწყისში მცხეთის ატომური ელექტროსადგურის ("მცხეთის რეაქტორად" ცნობილი "მუხათგვერდის გამოყენებითი კვლევების ცენტრი" 1960 წელს შევიდა ექსპლუატაციაში) კონსერვაცია მოხდა, მეწამორის ელექტროსადგური კავკასიაში ერთადერთია.

„ფუკუსიმა 1“-ზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა, ელექტროსადგურების სრულ უარყოფაზე ალაპარაკდა. ევროპელები საკუთარ ხელისუფლებებს დაცვის გამკაცრებასა და ატომური ელექტროსადგურების ლიკვიდაციას სთხოვენ. გერმანელმა ხალხმა ატომური ელექტროსადგურების არსებობა მასშტაბური საპროტესო აქციებით არაერთხელ გააპროტესტა. გერმანიის ხელისფლებამ პირობა დადო, რომ ქვეყნის მასშატაბით არსებულ თითოეულ ატომურ ელექტროსადგურს 2020 წლისთვის დახურავდა. საფრანგეთი და ესპანეთი თავიანთ ელექტროსადგურებზე ტესტებს ჩაატარებენ, რაც ამ სადგურების შემდგომ ბედს განსაზღვრავს. ელექტროსადგურებზე უარის თქმა შვეიცარიამაც გადაწყვიტა, სადაც ქვეყნის ენერგორესურსის საერთო მაჩვენებლის 40 პროცენტი სწორედ ამ სადგურებზე მოდიოდა.

ასტროფიზიკოსი, აკადემიკოსი ჯუმბერ ლომინაძე, რომელიც ამ საკითხს სწავლობდა ამბობდა, რომ ატომურ ენერგიაზე ერთი ხელის მოსმით უარის თქმა არ შეიძლება:

"როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ბირთვული, ატომური ელექტროსადგური ეკოლოგიურად სუფთაა. რეაქტორების შიგნით რადიოაქტიური ნივთიერება - ურანი ან პლუტონიუმი სპეციალურ კონტეინერებშია მოთავსებული, მის ირგვლივ ცირკულირებადი წყალი მერე ორთქლად გადაიქცევა, ორთქლი კი ტურბინებს ამოძრავებს და წარმოიქმნება ელექტროენერგია. აქ თითქოს სახიფათო არაფერია, თუ ავარია არ მოხდა, ან სპეციალისტებმა ტექნიკური შეცდომა არ დაუშვეს. როგორც ცხოვრება გვიჩვენებს, 100%-იანი უსაფრთხოების მიღწევა საკმაოდ ძნელია. "ფუკუსიმა 1"-ზე 6 რეაქტორია. ცუნამის შედეგად დაზიანდა გამაგრილებელი სისტემა, კონტეინერი გადახურდა და დაზიანდა. მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ კატასტროფის ძირითადი ფაქტორი აღმოჩნდა ცუნამი, ხოლო თვით მიწისძვრამ რეაქტორი ვერ დააზიანა. მიუხედავად ამისა, ატომურ ენერგიაზე ერთბაშად უარის თქმა ალბათ, არ შეიძლება. მე მიმაჩნია, რომ საჭიროა შეიკრიბონ მსოფლიო ლიდერები, მეცნიერებთან ერთად, და გადაწყვიტონ მომავალში ბირთვული ენერგიის გამოყენების პერსპექტივა", - აცხადებდა წლების წინ ჟურნალ "გზასთან" ინტერვუში ლომინაძე.

რაც შეეხება კონკრეტულად მეწამორის ელექტროსადგურს, ლომინაძე იზიარებს მოსაზრებას, რომ ის საფრთხისშემცველია:

"სომხეთის ატომური ელექტროსადგური ყველაზე ადრეული მოდელია, ძველი ტექნოლოგიებითაა შექმნილი და უსაფრთხოების თვალსაზრისით, უამრავი ნაკლი აქვს. მისი რესურსი უკვე ამოწურულია, მაგრამ სომხეთს ბუნებრივი რესურსები არა აქვს იმისთვის, რომ ელექტროენერგია აწარმოოს. აღსანიშნავია ისიც, რომ სადგური სეისმურად სახიფათო ზონაშია აგებული. რაც შეეხება საფრთხეს, - ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ავარიის შემთხვევაში, საით დაუბერავს ქარი. რადიაციული ღრუბლის გავრცელება და მიმართულება კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული: საით და რა სიჩქარით დაუბერავს ქარი, როდის მოვა წვიმა და რომელი ტერიტორიის თავზე იქნება წვიმის დროს ღრუბელი. ჩერნობილის ავარიის შემდეგ, რადიაციულმა მტვერმა მთელ ევროპას შემოუარა და საქართველოსაც გადმოსწვდა".

AMBEBI.GE ესაუბრა სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარ რედაქტორს ირაკლი ალადაშვილს. იგი მიიჩნევს, რომ მეწამორის ელექტროსადგურის ცალსახად საშიშად მიჩნევა და განგაშის ატეხვა სწორი არ იქნება:

"მსოფლიოში ბევრი ატომური სადგურია და ასე რომ მივუდგეთ, მაშინ გამოდის, რომ უნდა დაიხუროს ყველა. სარემონტო სამუშაოები უნდა დაიწყოს, რომელმაც მისი უსაფრთხოების ზომები უნდა გაზარდოს. ევროკავშირი სომხეთს 200 მლნ ევროს სთავაზობდა, რათა სადგურის მოდერნიზაცია მოეხდინა, იყო მეორე ვერსიაც, რომ დაეკეტათ და ახალი აეშენებინათ, მაგრამ ეს დაახლოებით 5 მილიარდ ევრომდე დაჯდებოდა და ამიტომ შეჩერდნენ. უსაფრთხოების საკითხი ყოველთვის დგას ასეთ შემთხვევებში, რაც შეეხება მეწამორის ელექტროსადგურს, მან გაუძლო საშინელ მიწისძვრას მაშინ და არანაირი კატასტროფული შედეგი არ მოჰყოლია. ამგვარად, ვერ ვიტყვით, რომ საგანგაშოა მისი არსებობა. ატომური საწვავის დამარხვა და კონსერვაცია სათანადოდ უნდა მოხდეს, რომ ამან არ შექმნას საფრთხე. ახლა ეს ატომური მასები უშუალოდ ამ ატომური სადგურის სიახლოვეს ინახება, რაც საშიშია. ეს საშიშროება არსებობს. საბოჭთა დროს სხვანაირად ხდებოდა ნარჩენების კონსერვაცია. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეს არის ელექტროენერგიის ყველაზე იაფი წყარო", - გვითხრა ირაკლი ალადაშვილმა.

ასლან ბჟანია ბაშარ ასადს შეხვდება - რა მიზნით ჩავიდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "მთავრობის დელეგაცია" სირიაში

ისრაელის პრემიერი რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

26 წლის ყაზახი გოგოს გაუპატიურების საქმეზე ბრალდებული ყაზახეთში დააკავეს