ავტორი:

მტკიცებულებები ადასტურებს მიხეილ კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას - პროკურორი პროცესის დეტალებზე

მტკიცებულებები ადასტურებს მიხეილ კალანდიას მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას - პროკურორი პროცესის დეტალებზე

პროკურორის განმარტებით, შეგროვილი მტკიცებულებები ადასტურებს მ.კ.-ს მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას. როგორც პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მტკიცებულებების უმეტესობა, რომელიც მიხეილ კალანდიასთვის ბრალის წარდგენას დაედო საფუძვლად გამოყოფილ საქმეზეა შეგროვებული. პროკურორი საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ქმნის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომ კალანდიამ დანაშაული ჩაიდინა.

„სასამართლომ გაიზიარა, რომ ნამდვილად არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის ჩადენის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდებოდა. საქმეში ასევე არის მოწმეთა ჩვენებები, ასევე შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეთა ჩვენებები, ასევე იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებსაც მ.კ. შემთხვევის ადგილიდან გამოსვლის შემდეგ შეხვდა, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ერთობლიობაში ქმნიან დასაბუთებულ ვარაუდს ამ ეტაპზე, რომ მ.კ.-მ ჩაიდინა დანაშაული. მტკიცებულებების უმრავლესობა, რომლებიც საფუძვლად დაედო ბრალდების დადგენილებას, მოპოვებულია გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად“, - განაცხადა მირიან მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ კალანდიას პასუხისგებაში მიცემასთან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კავშირს, როგორც პროკურორმა განმარტა, განაჩენი მნიშვნელოვანი იყო ბრალდების მხარისთვის, რადგან დადასტურდა, რომ დავით სარალიძის მკვლელობა ჩადენილია ჯგუფურად, გ.ჯ.-ს მიერ დაუდგენელ პირთან ერთად.

„მ.კ.-ს პასუხისგებაში მიცემა გადაწყდა მაშინ, როდესაც უკვე არსებობდა ერთობლიობაში მტკიცებულები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს ქმნიდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც მნიშვნელოვანი იყო ბრალდებისთვის, იმიტომ, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დანაშაული ჩადენილი იქნა ჯგუფურად, გ.ჯ.-ს მიერ დაუდგენელ პირთან ერთად ჯგუფურად. ის კვალიფიკაცია, რომ დანაშაულის ჩადენა მოხდა ჯგუფურად, ერთ-ერთი საფუძველი გახდა იმისა, რომ მას წარედგინა ბრალი“, - აღნიშნა მირიან მეგრელიშვილმა.

რაც შეეხება დანაშაულის იარაღს, პროკურორის თქმით, „მტკიცებულებები ადასტურებენ მ.კ.-ს მხრიდან ბასრი საგნის გამოყენებას“.

ამასთან, პროკურორმა განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას მოსამართლემ ყველა ის არგუმენტი გაიზიარა, რაც ბრალდების მხარეს ჰქონდა.

„ბრალდების მხარე ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, ვინაიდან მივიჩნევდით, რომ არსებობდა მისი მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და ასევე მოწმეებზე ზემოქმედების რისკი. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს