ავტორი:

რას ამბობენ ფეხბურთელები, რომლებსაც საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალათ - "განაჩენი, ჩემთან მიმართებაში სამართლიანია"

რას ამბობენ ფეხბურთელები, რომლებსაც საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალათ - "განაჩენი, ჩემთან მიმართებაში სამართლიანია"

პაატა ღუდუშაურსა და ნოდარ კიკნაველიძეს არ მიუძღვით ისეთი ბრალი, რომ სამუდამო განაჩენი გამოეტანათ მათთვის, - ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ "ვიტ ჯორჯიას“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა გიორგი გეთიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ამით გეთიაშვილი გამოეხმაურა ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას, ხუთი ფეხბურთელისთვის საფეხბურთო საქმიანობის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გეთიაშვილი აღნიშნავს, რომ მასთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება სამართლიანია, რადგან მისი თქმით, მატჩების გარიგების საქმეში ინიციატორი თავად იყო.

მისივე თქმით, მკაცრი სასჯელი მხოლოდ სამი ფეხბურთელისთვის უნდა დაეკისრებინათ, ვინაიდან ღუდუშაურისა და კიკნაველიძისგან განსხვავებით, ისინი ასაკით უფროსები არიან.

"ვფიქრობ, ეს განაჩენი, ჩემთან მიმართებაში სამართლიანია. ორ ფეხბურთელს - პაატა ღუდუშაურსა და ნოდარ კიკნაველიძეს არ მიუძღვით ისეთი ბრალი, რომ სამუდამო განაჩენი გამოეტანათ მათთვის. ამ კუთხით ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება არასამართლიანად მიმაჩნია. რამდენად სამართლიანი იყო განაჩენი დანარჩენებთან მიმართებაში, ამაზე მერე შეიძლება დეტალურად მსჯელობა, თუმცა იმ ორ ფეხბურთელზე, რომელიც აღვნიშნე, განსაკუთრებულად მიმაჩნია, რომ უსამართლო გადაწყვეტილებაა. თუკი ისინი სამუდამოდ გაჩერდებიან, რამდენად დააზიანებს ეს ქართულ ფეხბურთს, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რაც შემეხება მე, განცხადება გავაკეთე, რომ ამ საქმეში ინიციატორი ვიყავი და სამართლიანია ჩემთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება. თუ მაინც და მაინც მკაცრი სანქციებია გასატარებელი, უნდა გატარდეს სამ, ასაკით უფროს ფეხბურთელზე, რადგან მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრებოდა ჩვენ. კიკნაველიძე საერთოდ ბოლოსკენ შემოუერთდა ამ საკითხს და მიზერული ბრალი მიუძღვის,“ - განაცხადა გიორგი გეთიაშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "ინტერპრესნიუსი" კიდევ ერთ ფეხბურთელს ნიკა მაისურაძეს დაუკავშირდა. მისი შეფასებით, სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება უსამართლოა, თუმცა მაისურაძე დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. როგორც მან აღნიშნა, ვინაიდან აღნიშნული საქმის გამოძიება გრძელდება, ადვოკატის რჩევით, მეტ დეტალზე ვერ ისაუბრებს.

"ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელმა ნიკა მაისურაძემ შესაძლოა, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება გაასაჩივროს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მაისურაძის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ განუცხადა, გადაწყვეტილება მაისურაძის თანხმობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდება. ადვოკატის შეფასებით, ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნაჩქარევი და უსაფუძვლოა.

“ფედერაციის გადაწყვეტილება საკმაოდ ნაჩქარევია, რადგან სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ბრალდებულები არიან დასახელებული, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და განაჩენი არ არის დამდგარი. მაშინ, როდესაც ამ პირების ბრალეულობა არ არის დადასტურებული, ასეთ ვითარებაში ძალიან უსამართლო და დაჩქარებული გადაწყვეტილება აქვს ფედერაცია. პირობითად ხვალ ან ზეგ რომ გამართლდეს რომელიმე პირი, გამოდის, რომ ფედერაციამ წინმსწრებად, უსაფუძვლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება თუნდაც სასამართოს განაჩენს.

გასაჩივრებადია ადმინისტრაციული სამართლებრივი წესით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმებით სავარაუდოდ, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ლანა ცერცვაძემ.

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მატჩების გარიგების საქმის გამო, თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ ხუთ მოთამაშეს - გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აუკრძალა, ხოლო თავად კლუბს ექვსი ქულა დააკლდა და 50 ათასი ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი საქმეზე ბრალდებულია, თუმცა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს საფუძველზე გათავისუფლდნენ.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის „გურიას“ ორი მოთამაშის (რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის) საკითხზე, ისევე როგორც, „ჭიათურის“ მოთამაშის (ირაკლი ხუჭუას) საკითხზე და დაადგინა: საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს