ავტორი:

იაფი ნარკოტიკების მოხმარების გამო, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით, მიმართვები გაიზარდა - რა საშიშროებაზე საუბრობენ სპეციალისტები

იაფი ნარკოტიკების მოხმარების გამო, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით, მიმართვები გაიზარდა - რა საშიშროებაზე საუბრობენ სპეციალისტები

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორი ლაშა კილაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ცენტრში, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით მიმართვიანობა გაიზარდა. ცენტრის დირექტორის თქმით, აღნიშნული ფაქტი, ფსიქოაქტიური ნივთიერებების არამიზნობრივ მოხმარებასთან პირდაპირ კავშირშია. ამ თემასთან დაკაშირებით მან პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ დაბალი ხარისხის, იაფი ნარკოტიკი ე.წ. სირეცი კვლავ იოლად ხელმისაწვდომია, რაც, მისი თქმით, სახელმწიფოს სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს. კილაძემ ასევე აღნიშნა, რომ ბაზარზე გამოჩნდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებიც, ოპიოიდების შემცველი ახალ-ახალი პრეპარატები, შესაბამისად ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებელი არათუ შემცირდა, გაიზარდა კიდეც.

ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ფსიქოაქტიური ნივთიერებები მწვავე ფსიქიკურ აშლილობებს იწვევს და სწორედ აქედან გამომდინარეა გახშირებული, ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზით, მიმართვიანობის შემთხვევებიც.

„ე.წ. სირეცი, ეს არის საკმაოდ დაბალი ხარისხის ნარევი და ის საქართველოს ნარკოსივრცის ძალიან ტრადიციული წარმომადგენელია. რაც შეეხება გაზრდილ მოხმარებას, ბოლო კვლევის მონაცემებით, ამ ტიპის ნარევი ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე იყო და დღესაც აქტუალურია ამ ნივთიერების მოხმარება. ეს არის ოპიოიდი, თავისი მოქმედებით, რომელიც არის დაბალი ხარისხის და საკმაოდ იოლად ხელმისაწვდომი", - აღნიშნა ლაშა კილაძემ.

„ამ პერიოდისთვის ამფეტამინებით გამოწვეული ფსიქოზია მომატებული. რაც ყველაზე ცუდია, ერთჯერადმა მიღებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ენდოფსიქოზების პროვოცირება. მე არ მესმის, რას ჰქვია "კლუბური ნარკოტიკი". კიდევ ერთხელ ვამბობ, არ შეიძლება ნარკოტიკებთან ენის მოჩლექვით და საალერსო სიტყვებით საუბარი. მისი ერთჯერადი მიღების შემთხვევაშიც კი, ყოფილა არაერთი შემთხვევა უმძიმესი ფსიქიატრიული დაავადებების მანიფესტირების, ვითარდება სრულყოფილი კლინიკური სურათი და ძალიან რთულია შემდეგ ამ დაავადების აღმოფხვრა“, - დასძინა მან.

„საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ეკა ჭყონია AMBEBI.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერებების ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ აქტუალური პრობლემაა, რაც პერსპექტივაში იწვევს ფსიქიკური დაავადებების სტატისტიკის გაზრდას. მისი თქმით, თბილისში არსებობს კონკრეტული ადგილები, სადაც ფსიქოტროპული პრეპარატების შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„ადამიანთა დიდ უმრავლესობას, რომელიც ფსიქოაქტიურ ნივთიერებას მოიხმარს, უვითარდება ფსიქიკური აშლილობა. ბენზადიაზეპინები, წესით, გამოიყენება სამკურნალოდ, მაგრამ ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც არამიზნობრივად, ნარკო თრობისთვის გამოიყენება. მე მაქვს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ თბილისის გარკვეულ უბნებში, კონკრეტულად კოლმეურნეობაზე და ვაგზლის მოედანზე (რაც მე მსმენია) არის კერძო აფთიაქები, რომლებშიც ურეცეპტოდ გასცემენ საეჭვო მედიკამენტებს, ფსქოაქტიურ პრეპარატებს. დაინტერესებულმა პირებმა იციან ეს წერტილები, აკითხავენ და იძენენ ასეთ ნივთიერებებს. დიდ სააფთიაქო ქსელებში, როგორც ვიცი, ძნელია ურეცეპტოდ იყიდო ასეთი პრეპარატები. ამასთან, ყველასთვის ცნობილია, რომ ინტერნეტით მარტივად ხდება ნარკოტიკების შეძენა. ასევე, ყიდულობენ ამ სამკურნალო დანიშნულების წამლებს, თვითონვე აკეთებენ რაღაც კონბინაციებს და იციან, როგორ მიაღწიონ ამით ნარკოტიკულ თრობას", - გვითხრა ეკა ჭყონიამ.

როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე გური მენაბდიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, "ფსიქოაქტიური ნივთიერებების არამიზნობრივი ხელმისაწვდომობის სრული აღკვეთა, ალბათ, შეუძლებელია, თუმცა სტატისტიკური მაჩვენებლის სტაბილურ შემცირებას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ".

"როდესაც ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ, და არასოდეს არ არის ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე საუბარი ზედმეტი, მთავარი ის არის, რომ ჩვენ არასწორ აქცენტებს ვსვამთ. ხაზგასმით ვამბობ, რომ ხელმისაწვდომობა არ განაპირობებს მოხმარებას. თუ ასეა, მაშინ მოვსპოთ ყველა დანა და ქვა, ამით შემცირდება მკვლელობების რიცხვი?! ან მკვლელობის დეკრიმინალიზაცია მოვახდინოთ. რას იზამთ, მოკლავთ ვინმეს?! არა, რადგან ყველაფერი აღზრდიდან მოდის. თუ ჩვენ გვინდა შემცირდეს ნარკოდამოკიდებულება, თავიდანვე ჩვენს შვილებს სწორად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ნარკოტიკების მავნებლობაზე. კი არ უნდა დავსაჯოთ ბავშვი, რადგან დასჯა არ გამოიწვევს მოხმარების შემცირებას, ჩვენ უნდა ავუხსნათ შვილს, რომ აი, შეგიძლია გასინჯო, მოიხმარო, მაგრამ დაგემართება ეს, ჩავარდები ასეთ დღეში და შენ აირჩიე, გიღირს? ეს იქნება პრევენცია, თორემ თუ შიშის ზარს დავცემთ და ავუკრძალავთ, მას უფრო მეტად გაუჩნდება ინტერესი და როცა წამოიზრდება, აუცილებლად გასინჯავს მას. ასე უნდა იქცეოდეს სახელმწიფოც - რესურსი უნდა ჩაიდოს პრევენციაში და არა დასჯაში, დაჯარიმებაში და ა.შ.", - აღნიშნა გური მენაბდიშვილმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა მედიის როლზე ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემცირებაში.

„მნიშვნელოვანია კიდევ ის, რომ მედიით ნარკოტიკების მოხმარების პოლულარიზაცია არ მოხდეს. ხაზგამით უნდა გავაკეთოთ აქცენტი იმაზე, რომ ნარკოტიკს ერთადერთი შედეგი გააჩნია და ეს არის დამღუპველი შედეგი და თუ ადამიანმა რამეს მიაღწია, ის უფრო მეტს მიაღწევდა, პირობითად, რომ არ ყოფილიყო მომხმარებელი. ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ამჟამად 7500-ზე მეტი ნარკოდამოკიდებული გვყავს ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართული, თითეული მათგანის ისტორიის მოსმენა იქნება საუკეთესო პრევენცია, მოუსმინონ, როგორ დაენგრათ ამ ადამიანებს ცხოვრება, რამხელა ტრაგედიის წინაშე დადგნენ და მერე გადაწყვიტონ, დაიწყებენ თუ არა ნარკოტიკების მოხმარებას", - განაცხადა გური მენაბდიშვილმა.

იგი მიიჩნევს, რომ ნარკოდამოკიდებულების მკურნალობა და რეაბილიტაცია კვლავ უმთავრეს პრობლემად რჩება.

„რაც შეეხება მკურნალობას, როგორც იცით, ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს ნებისმიერი მსურველისთვის ნებისმიერ სტაციონარში ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის ხარჯებს. მაგრამ რაც შეეხება რეაბილიტაციას, რომელიც ხანგრძლივი პროცესია და რომლის გარეშეც არ ხდება ნარკოდამოკიდებულების დამარცხება, აქ მოვიკოჭლებთ. საჭიროა ამაში ჩაიდოს რესურსი და გაიხსნას სარეაბილიტაციო ცენტრები", - აცხადებს AMBEBI.GE-სთან საუბარში მენაბდიშვილი.

სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ პრობლემასთან საბრძოლველად სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს სისტემური მიდგომა, რომელიც დაფუძნებული იქნება არა დასჯაზე, არამედ პრვენციაზე, ინფორმირებულობის უზრუნველყოფაზე. რაც შეეხება ზიანს, რომელიც ნარკოტიკებსა და სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების არამიზნობრივ მოხმარებას მოსდევს, ისინი, აქ პრობლემათა ძალიან ფართო სპექტრს გამოყოფენ.

ნარკოლოგები ამბობენ, რომ მსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს. ნარკოტიკის დამაზიანებელი მოქმედება პიროვნებაზე გამოიხატება, როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური და სოციალური დისფუნქციის პროვოცირებაში. ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების გამოყენებას თან ახლავს მნიშვნელოვანი ნეგატიური ცვლილებები ფსიქიკაში, სხვადასხვა ტემპით ქვეითდება ფსიქიკური უნარები, ხშირ შემთხვევაში, დეგრადირდება პიროვნება, რაც აისახება მის სოციალურ სტატუსზეც, ირღვევა ძველი ჯანსაღი ურთიერთობები, იცვლება ადამიანთა წრე, რომელთანაც ინარჩუნებს კონტაქტს, ნარკოტიკული საშუალების მიღების მიზნით, ირყევა ფიზიკური ჯანმრთელობაც.

ბოლო პერიოდში საქართველოს მასშტაბით ნარკორეალიზატორთა დაკავების შესახებ ინფორმაცია ხშირად ვრცელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ უწყება განაგრძობს ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას.

შსს-ს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია: 11 კილოგრამამდე „ჰეროინი", 1 კილო და 300 გრამი „კოკაინი", 800 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 1300 აბზე მეტი „ექსტაზი“, 4 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 317 პირი მისცეს. მიუხედავად ამ შთამბეჭდავი ციფრებისა, პრობლემა კვლავ აქტუალურია. თუმცა ის აქტუალური არა მხოლოდ საქართველოშია.

ორგანიზაციამ „ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპული ცენტრი“ ყოველწლიური ვრცელი მოხსენება გამოაქვეყნა იმის თაობაზე, თუ რომელი ნარკოტიკი საიდან შედის ევროპაში და ვინ მოიხმარს მას. როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაციის ექსპერტები ევროპის ყველა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოებისთვის მთავარ ახალ გამოწვევად იმ გარემოებას მიიჩნევენ, რომ ნარკოტიკები სულ უფრო მისაწვდომი ხდება მოხმარების ნებისმიერი მსურველისათვის.

მოხსენების თანახმად, ევროპის მასშტაბით ნარკოტიკის ყიდვა შეიძლება არა მხოლოდ სოციალური ქსელებით, არამედ „ქოლ-ცენტრების“ საშუალებითაც, რომელთა კურიერებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობენ.

სპეციალისტების შეფასებით, სახეზეა „ნარკოვაჭრობის უბერიზაცია“.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ სულ უფრო იზრდება ნარკოტიკების წარმოება საკუთრივ ევროპაში და მცირდება მისი შეტანა (ჰეროინის და კოკაინის გარდა).

ორგანიზაცია „ნარკოტიკებისა და ნარკოდამოკიდებულების ევროპული ცენტრი“ ევროკავშირში ნარკოტიკების წარმოებისა და მოხმარების სტრუქტურას 20 წელზე მეტია იკვლევს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს