ავტორი:

აფხაზების დავა ქართველების ნასახლარებზე გრძელდება - "ვიღაცეები ქართველებს დაუკავშირდნენ და თანხაც კი შესთავაზეს..."

აფხაზების დავა ქართველების ნასახლარებზე გრძელდება - "ვიღაცეები ქართველებს დაუკავშირდნენ და თანხაც კი შესთავაზეს..."

აფხაზეთის ომის შედეგად 300 000-ზე მეტი ქართველი დევნილი გახდა. მაშინ იქ დარჩენილ აფხაზებს, შეიარაღებული დაჯგუფების "ლიდერებს" ეგონათ, რომ ომის შემდეგ ცხოვრებას მშვიდად განაგრძობდნენ, ტურიზმს განავითარებდნენ, დამოუკიდებელ ეკონომიკას ააშენებდნენ და ერთი სიტყვით, ყველაფერი კარგად იქნებოდა; გავიდა დრო და ადგილობრივი მოსახლეობა დღემდე ქართველების ნასახლარებზე იარაღის მუქარით, სროლით, ერთმანეთის სისხლისღვრით დაობენ.

abkhaz-auto.ru-ს ცნობით, 6 ივნისს აფხაზეთის ე.წ. საზოგადოებრივმა პალატამ სადაო სახლებისა და უძრავი ქონების თემა კიდევ ერთხელ განიხილა. დაახლოებით ერთი წლის წინ, პალატამ ასამდე მოქალაქის საჩივარი შეისწავლა, სადაც ისინი საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით, უფლებების დარღვევაზე საუბრობენ.

"საზოგადოებრივ პალატის" წევრის დანიელ უბირიას ხელმძღვანელობით შექმნილი სამუშაო ჯგუფი 90-იანი წლების შედეგად დარჩენილი, იმ უძრავი ქონების აღრიცხვაზე მუშაობს, რომელიც ომამდე ქართველებს ეკუთვნოდათ, შემდეგ კი მათმა ნათესავმა, ახლობელმა ან სულაც მეზობელმა აფხაზებმა თავიანთ საკუთრებად "აღიარეს".

არის შემთხვევები, როდესაც ქართველების სახლები ე.წ. აფხაზეთის ომის ვეტერანებმა მიითვისეს. აქ დაიწყო გაუგებრობა და დაპირისპირება, რადგან დღემდე ვერ გაავლეს ზღვარი, დამსახურების მიხედვით, ვის მეტი ეკუთვნოდა და ვის ნაკლები... აფხაზები ხშირად ირონიულად ხუმრობენ "ვეტერანები, რომლებიც ქართველების სახლებში ცხოვრობენ, მათთან ბრძოლაში მიღებულ ჭრილობებს საქართველოში მკურნალობენ, უკანდაბრუნებული კი ამბობენ - საქართველოსგან გვეკუთვნისო".

უბირიას თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ადგილობრივებს შორის აღნიშნული პრობლემა არსებობს. ჯერ კიდევ არძინბას დროსაც ხდებოდა ასეთი ფაქტები და ეს დღემდე გრძელდება. საცხოვრებელი სახლების სადავო საკითხების თემაზე მომუშავე ზურაბ ზუხბას ცნობით, მას არაერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ სმენია.

ე.წ. აფხაზი მაღალჩინოსნების პოზიციის თანახმად, მათ, ვინც 90-იანი წლების ომში მონაწილეობდა და მათაც, ვისი ოჯახის წევრებიც ამ ომს შეეწრინენ, შეღავათები ეკუთვნით, თუმცა აქ იწყება მთავარი დაპირისპირება. სხვების თქმით, ისინი ისედაც გარკვეულ შეღავათებს იღებენ და მათ ფონზე დანარჩენები, ვისაც ომში მონაწილეობა თუნდაც ასაკის გამო არ მოუწიათ, იჩაგრებიან.

არის კიდევ ერთი ფაქტორი, აფხაზების აზრით, მოსახლეობის ნაწილი, ვინც კარგ ურთერთობას ინარჩუნებენ ქართველებთან, (ეს გამოიხატება ქართველების სახლ-კარის მოვლით, თუ სხვა ფაქტორით) შეღავათებით არ უნდა სარგებლობდნენ. შეღავათებში იმ ეკონომიკურ სარგებელს გულისხმობენ, რასაც აფხაზები ქართველების კუთვნილი სახლების ტურისტებზე გაქირავებით იღებენ...

ერთ-ერთი აფხაზების თქმით, "უამრავმა ადამიანმა, ვისი ოჯახის წევრი იმ წლებში ბუნებრივი ან სულაც მოულოდნელი სიკვდილით გარდაიცვალა, თავისი მკვდარი საომარ მოქმდებებში დაღუპულად ჩააწერინა და ამ დროის განმავლობაში შეღავათებით სარგებლობდა".

მათი ინფორმაციით, სურათი ტრაგიკომიკურია, რადგან "კანონი" ამ საქმეს ვერ დაარეგულირებს, თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ ამ უძრავი ქონების ნამდვილ მეპატრონეების თანხმობა იქნება საჭირო.

"მე ვიცი რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩემს გარშემო აფხაზები ქართველებს დაუკავშირდნენ და გარკვეული თანხაც კი შესთავაზეს და უმეტესად უარი მიიღეს... თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ გაყიდვის ფაქტებიც იყო, როგორ და რანაირად არ ვიცი," - წერს მზია ინალ-იფა.

"ეს არის ის აბსურდული თემა, რომელიც მგლური კანონით გვარდება. კარგი იქნებოდა, არც ერთი ქართველის სახლში არ შესულიყო აფხაზი, რათა ამით სპეკულირების საშუალება არ მოგვცემოდა. ახლა კი, ამას არაფერი ეშველება, რადგან ხალხს არ აქვს შემოსავალი და ყველაფერს ებღაუჭებიან, რითაც თავის გატანას შეძლებენ. ამ პრობლემას მოგვარება არ უწერია," - წერს ეკატერინე ბგანბა სოციალურ ქსელში.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი