ავტორი:

ლევან როსტოშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ლევან როსტოშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

წყალბურთელი და ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი, იგივე „როსტო“ თავისუფალია. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, როსტოშვილი ციხიდან რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლეს.

AMBEBI.GE-მ სცადა ლევან როსტოშვილთან დაკავშირება, თუმცა ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. დავუკავშირდით მსჯავრდებულის ადვოკატს მალხაზ სალაყაიას, რომელმაც ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია დაადასტურა:

"გიდასტურებთ, ლევან როსტოშვილი თავისუფალია და თავს კარგად გრძნობს. ის პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლდა და ამის გადაწყვეტილება, მისი ქცევიდან გამომდინარე მიიღო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალურმა კომისიამ" - აღნიშნა ადვოკატმა.

ტელეწამყვანი ლევან როსტოშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე 2016 წლის 5 მაისს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, როსტოშვილსა და კურტანიძეს 42.9524 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA აღმოაჩნდათ. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აღიძრა, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

2016 წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ როსტოშვილსა და კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმება ფორმდებოდა, თუმცა მთავარმა პროკურატურამ როსტოშვილსა და კურტანიძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე რაიმე მოლაპარაკებების წარმოება უარყო. მოსამართლემ ორივე პირი დამნაშავედ სცნო დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაში.

ლევან როსტოშვილს 8 წელი მიესაჯა, ლაშა კურტანიძეს 5 წელი. 2016 წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით გასამართლებული მსახიობი ლაშა კურტანიძე შეიწყალა. როგორც ცნობილია, შეწყალება ითხოვა როსტოშვილმაც, თუმცა პრეზიდენტმა ის არ შეიწყალა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს