ავტორი:

"ბავშვი ან თავად გახდება მოძალადე, ან იცხოვრებს მსხვერპლის ფსიქოლოგიით" - რა კვალს ტოვებს მოზარდზე მშობლის მხრიდან ძალადობა?

"ბავშვი ან თავად გახდება მოძალადე, ან იცხოვრებს მსხვერპლის ფსიქოლოგიით" - რა კვალს ტოვებს მოზარდზე მშობლის მხრიდან ძალადობა?

საქართველოში მშობლების მიერ შვილებზე ფიზიკური ძალადობა, სამწუხაროდ დასჯის ერთ-ერთი ფორმაა. მშობლები ხშირად ამას ვერც აცნობიერებენ, ან "აღზრდის" მეთოდად თვლიან. საქართველოს კონსტიტუციით კი, ბავშვთა მიმართ ძალადობა აკრძალულია და ეს ქმედება დასჯადია.

"იუნისეფის“ კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობა სოციალური ნორმაა, გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 60% ფიქრობს, რომ ბავშვის აღზრდისას ცემა გამართლებული მეთოდია. შსს-ს მიერ ახლახანს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით კი, ბოლო ხუთ თვეში, არასრულწლოვან შვილებზე მშობლების მხრიდან ძალადობაში მხილებულია 110 პირი: თხუთმეტ შემთხვევაში მოძალადე იყო დედა, 95 შემთხვევაში - მამა ან მამინაცვალი.

ძალადობის ფორმები იყო: სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას ფიზიკური ძალადობა, ასევე მუქარა და სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა. შსს-ს ცნობით, ამ შემთხვევებიდან 79%-ში მიღებულ იქნა პირის დაკავების გადაწყვეტილება. უწყებამ შემაკავებელი ორდერი გასცა 37 ფაქტზე.

რა ზიანს აყენებს ბავშვს ძალადობა?

ფსიქოლოგების განმარტებით, ძალადობა მოიცავს ემოციურ, სოციალურ, ეკონომიკურ, ფიზიკურ და სექსუალურ იძულებას, დათრგუნვას და ზიანს. ძალადობაა ყოველგვარი ქმედება და სიტყვა, რომელმაც შეიძლება ადამიანი შეურაცხყოს და შელახოს მისი უფლებები.

არსებობს მტკიცებულებები, რომ უფროს ასაკში გამოვლენილი მრავალი დაავადება: გულის იშემიური დაავადებები, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების ქრონიკული დაავადებები, სიმსივნე და სხვა - ბავშვობაში გადატანილ ძალადობასთანაა დაკავშირებული.

ფსიქოლოგების, პედიატრების და სოციოლოგების აზრით, ბავშვებზე ძალადობა უკვალოდ არ ქრება და შედეგად ვიღებთ მათ ხშირ სიკვდილიანობას, მომავლის შიშს, კონფლიქტებს, აგრესიულობას, დაბალ თვითშეფასებას, გონებრივ ჩამორჩენილობას, სუიციდის მცდელობას. ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს უჭირთ ადაპტაცია, ექმნებათ ფიზიკური და ფსიქიკური პრობლემები.

გარდატეხის ასაკში ყველა ეს პრობლემა მეტად იჩენს თავს და მშობლებს უკან უბრუნდებათ საკუთარი შეცდომები - ბავშვები ეძალებიან ალკოჰოლს, ხდებიან ნარკოდამოკიდებულნი, ექცევიან კრიმინარული სამყაროს გარემოცვაში, შინაგანი პროტესტის გამოხატვის მიზნით, ხშირად არასწორ გზას ირჩევენ, რასაც საბოლოოდ სავალალო შედეგი მოაქვს...

ფსიქოლოგები და უფლებადამცველები ყურადღებას ამახვილებენ, რომ აუცილებელია ცნობიერების ამაღლება, როგორც მშობლებში, ისე ბავშვებში. საჭიროა ყველამ გაიაზროს, რომ ბავშვზე ძალადობა ნორმა და აღზრდის მიღებული პრაქტიკა არ არის. ხოლო ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ როდესაც მათ ფიზიკურად უსწორდებიან, ეს ჩვეულებრივი მოვლენა არ არის.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ფსიქოთერაპევტი ნინო კერესელიძე მის პრაქტიკაში არსებულ საქმეებს იხსენებს:

"ახლაც ვმუშაობ ექვსი წლის გოგონასთან, რომელიც ნივთებს იპარავს გაუაზრებლად. იცით რა კავშირი აქვს ამას ძალადობასთან? ის ცდილობს, რომ მიიქციოს მშობლების ყურადღება, რომლებიც მის მიმართ არიან სრულიად ინდეფერენტულები. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვზე ძალადობის ერთ-ერთი ფორმა უგულვებელყოფაცაა.

ეს ბავშვი ჩემთან მოიყვანა მისმა მოძალადე მშობელმა და ითხოვა დახმარება ბავშვის არაადექვატურ ქცევაზე, თუმცა ამ მანიის ჩამოყალიბება ამ მშობლის "დამსახურებაა".

მეორე პაციენტი 16 წლის მოზარდია, რომელსაც ხალხში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მშობელმა, იმის გამო, რომ ბავშვმა ვერ მიიღო მაღალი ნიშანი კონკრეტულ საგანში. მოზარდს განუვითარდა ემოციური შოკი. შეექმნა გულის პრობლემები და ასევე, ფსიქოლოგიურიც. უკვე მეექვსე სეანსია გეშტალტთერაპიით ვმუშაობთ მასთან იმ ფარული აგრესიის, ბრაზის გამოვლენაზე, რაც მშობლის მიმართ დაუგროვდა.

ძალადობა ბავშვებზე ავითარებს ორ სცენარს: ერთი - ან თავად ეს ბავშვი ხდება მოძალადე, მეორე - მუდმივად იმყოფება მსხვერპლის როლში და ცხოვრობს მსხვერპლის ფსიქოლოგიით" - ამბობს ფსიქოთერაპევტი.

ბავშვთა უფლებადამცველები შსს-ს სტატისტიკას საგანგაშოს უწოდებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წევრი ანა აბაშიძე AMBEBI.GE-სთან საპრევენციო ღონისძიებების დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობს.

"რა გვაჩვენა ამ სტატისტიკამ: პირველ რიგში ის, რომ ბავშთა მიმართ მშობლების მხრიდან ძალადობა საგანგაშო ნიშნულზეა. გვითხრა, რომ მოძალადეები ბავშის ოჯახის წევრებიც არიან და გვითხრა ის, რომ ბავშვის მიმართ ასეთი ქმედებები, ზოგისთვის მისაღებია, ზოგისთვის - არა. ანუ გვაჩვენა სოციალური ღირებულებების პრობლემა. უნდა შეიცვალოს შუასაუკუნეობრივი მიდგომები და წარმოდგენები ბავშვის აღზრდის თაობაზე. ბავშვი არ არის ნივთი და საკუთრება! თუ აღზრდის მეთოდი არის ბავშვის დამაზიანებელი და ღირსების შემლახავი, ეს არის დანაშაული", - აღნიშნა ანა ბაშიძემ.

უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურები პრობლემას ვერ მოაგვარებენ:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ან პროკურატურა ვერ მოახერხებს ამ დანაშაულთან ბრძოლას. კონკრეტულ სოციალურ პრობლემას არასოდეს აგვარებს სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. სისტემური მიდგომაა საჭირო, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე განათლების სამინისტროს მხრიდან. ასევე, აუცილებელია ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი საინფორმაციო კამპანიების გატარება, რაშიც სახელმწიფომ უნდა ჩადოს რესურსი. უნდა შეიცვალოს ადამიანების, მშობლების მახინჯი წარმოდგენები ბავშის აღზრდასთან დაკავშირებით", - ამბობს უფლებადამცველი.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მშობლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი, თუმცა საერთაშორისო კვლევების თანახმად, რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები, რომელთა დედებიც თავად იყვნენ ან არიან ძალადობის მსხვერპლნი, ან შვილად აყვანილი, ბავშვთა სახლის აღსაზრდელი ბავშვები, ასევე ჰიპერაქტიური და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდები.

ფსიქოლოგები ამ ფაქტს ხსნიან იმით, რომ ხშირად მშობლები განიცდიან იმედგაცრუებასა და სტრესს, რაც თავიანთი შვილების აღზრდის სიძნელეებითაა გამოწვეული და ბრაზისგან „დაცლას“ შვილებისადმი სისასტიკით ცდილობენ.

ძალადობის მსხვერპლს შეუძლია მიმართოს ბავშვთა დახმარების ცენტრს, ცხელ ხაზზე 116 111, სადაც ზარი და პროფესიონალის პირველადი მომსახურება უფასოა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ