ავტორი:

მიწა, რომელიც მთავრობამ "ორბი ჯგუფს" 1 ლარად გადასცა, 7 მლნ-ზე მეტი ღირს - ბოლო ხუთ წელში ლარად გაყიდული მიწების სია

მიწა, რომელიც მთავრობამ "ორბი ჯგუფს" 1 ლარად გადასცა, 7 მლნ-ზე მეტი ღირს - ბოლო ხუთ წელში ლარად გაყიდული მიწების სია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში მდებარე 9 ერთეული 43269 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომელიც „ორბი ჯგუფს“ 1 ლარად საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცა, 7 123 400 ლარი ღირს, - ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, 2018 წლის მდგომარეობით 7 123 400 ლარს შეადგენს.

ამასთან, სააგენტომ ბახმაროში 1 ლარად მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ორბი ჯგუფთან“ ერთად, სააგენტოს მიმართა კიდევ ერთმა კომპანიამ, რომელიც ასევე ბახმაროში ითხოვდა 1 ლარად მიწის გადაცემას.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, კონკრეტულად რომელ კომპანიასთან და რა სახის მოლაპარაკება მიმდინარეობს, სააგენტოში განმარტავენ, რომ „ორბი ჯგუფისთვის“ გადაცემული მიწის ნაკვეთის გარკვეულ ნაწილის კერძოდ, 14501 კვ.მ.-ის 1 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილი იყო კიდევ ერთი კომპანიის განცხადება, რომელიც გამოთქვამდა მზაობას აღნიშნული ქონების პრივატიზების შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის ვადაში შეექმნა სასტუმრო კომპლექსი, თუმცა შპს „ორბი ჯგუფის“ მიერ შემოთავაზებული პროექტის მასშტაბებისა და მოსალოდნელი საინვესტიციო თანხების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ „ორბი ჯგუფის“ საინვესტიციო წინადადებას მიანიჭა უპირატესობა, მეორე კომპანიასთან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„გაცნობებთ, რომ მიმდინარე პერიოდში, ზემოაღნიშნული კომპანიის განცხადების საფუძველზე განიხილება კურორტ ბახმაროში მდებარე ალტერნატიული უძრავი ქონების მსხვილი საინვესტიციო პირობების ფარგლებში პრივატიზების საკითხი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნული პროექტი დამუშავების ეტაპზეა, ინვესტორის ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტოს არ მიაჩნია მიზანშეწონილად გაამხილოს კომპანიისა და მოთხოვნილი უძრავი ქონების საიდენტიფიკაციო მონაცემები და საინვესტიციო პირობები,“ - აცხადებენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ შპს „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ კურორტ ბახმაროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 43,269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიჰყიდა.

საპრივატიზებო პირობების თანახმად, ინვესტორმა 5 წლის ვადაში პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა ააშენოს, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებდეს) სასტუმროს ან სასტუმროებს არანაკლებ 120 ნომრით, ასევე, კომერციული დანიშნულების ფართებს, კვების ობიექტებს, სპორტულ მოედანს/მოედნებს და ა.შ. ამასთან, „ორბი ჯგუფმა“ პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, 5 წლის ვადაში 50 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

2015 წლიდან დღემდე „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“, გარკვეული საპრივატიზებო ვალდებულებებით, 1 ლარად ჯამში 95 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გაყიდა

ინფორმაცია, 1 ლარად , ვალდებულებებით, პრივატიზებული ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ, „ინტერპრესნიუსმა“ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოითხოვა.

როგორც უწყების მიერ, „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორაციიდან ირკვევა, სააგენტომ სხვადასხვა საპრივატიზებო პირობებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში 1 ლარად, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შეფასებით, 95 236 475 ლარის ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები გაასხვისა. ამასთან, 1 ლარად გასხვისებული ქონების ნაწილის ღირებულების შესახებ სააგენტოში ინფორმაციას არ ფლობენ, რამდენადაც პრივატიზებამდე ქონების ღირებულება არ შეფასებულა.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს 77 044 669 ლარის სახელმწიფო ქონებაა 1 ლარად გაყიდული.

კერძოდ, 2019 წელს შპს „ვი-აი-პი+“ 1 ლარად იყიდა რუსთავში, მე-12 მ/რ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 7404 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები და ამავე მისამართზე არსებული 1740 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 1 681 276 შეადგენს.

2019 წლის 8 აპრილს, სს „ნენსკრა ჰიდროს” , „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობისთვის, 1 დოლარად გადაეცა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში 97 კვ.მ. და სოფელ ჭუბერში მდებარე 213 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ჯამური საბაზრო ღირებულება - 6 300 ლარი.

ასევე წელს, 15 მაისს შპს „ორბი ჯგუფი ბახმარო“-ს 1 ლარად გადაეცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, მდებარე 43 269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 7 123 400 ლარს შეადგენს.

25 მაისს ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა N41-ში არსებული 1001522 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადაეცა შპს „ბიგ სერვისის“, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შეფასებით, აღნიშნული უძრავი ქონების 1 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულება დაყოფამდე, საორიენტაციოდ შეადგენდა 68.13 ლარს. ანუ ჯამურად 1 ლარად გაყიდული მიწის საბაზრო ღირებულება 68 233 693 ლარია.

რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ჯამში 2015 წელს 1 ლარად 3 467 056 ლარის ღირებულების ქონებაა გაყიდული, 2016 წელს 9 225 999 ლარის ღირებულების, 2017 წელს 1 476 583 ლარის, ხოლო 2018 წელს 4 022 168 ლარის.

„ინტერპრესნიუსი“ ასევე დაინტერესდა, იყო თუ არა 1 ლარად გაყიდული ქონების შემთხვევაში, საპრივატიზებო პირობების დარღვევის შემთხვევები და რა ღონისძიებებს მიმართა სააგენტომ, რაზეც „ქონების ეროვნულ სააგენტოში“ აცხადებენ, რომ რიგ შემთხვევებში კომპანიების მხრიდან დაფიქსირებულია ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტები, რასთან დაკავშირებითაც სააგენტოს მხრიდან განხორციელებლულია/ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისიწნებული ქმედებები, მათ შორის პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო