ავტორი:

"მგონი "ოცნება“ თვითონ ეძებს გზებს, რომ ხელისუფლება დაკარგოს" - რატომ წავიდა სერგეენკო?

"მგონი "ოცნება“ თვითონ ეძებს გზებს, რომ ხელისუფლება დაკარგოს" - რატომ წავიდა სერგეენკო?

ყველაზე რეიტინგული და "მარადმწვანე" მინისტრი პოსტს ტოვებს - რამდენიმედღიანი მითქმა-მოთქმის შემდეგ, დავით სერგეენკო დღეს თანამდებობიდან გადადგა. ის აცხადებს, რომ პოსტი საკუთარი სურვილით დათმო და მოღვაწეობას პრემიერის მრჩევლის სტატუსით გააგრძელებს.

იმას, რომ სერგეენკო თანამდებობას დატოვებდა, ბოლო პერიოდში კულუარულად აქტიურად განიხილავდნენ, საუბრობდნენ ჩავარდნილ პროექტებზეც, რაზეც პასუხისმგებლობას მინისტრს აკისრებდნენ. ერთ-ერთ ასეთ ჩავარდნილ პროექტად ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის წარუმატებლობა დასახელდა.

ჩავარდნილ პროექტზე არაფერს ამბობს დავით სერგეენკო, თუმცა აცხადებს, რომ სამინისტროში ცვლილებების ინიციატივა პირადად მას ეკუთვნის:

"არ დაგიმალავთ, რომ ეს ჩემი ინიციატივა იყო. ვთხოვე პრემიერს, განგვეხილა ცვლილებები იმისთვის, რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო. მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ 10 წელზე მეტია თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს", - აღნიშნა დავით სერგეენკომ პრემიერთან და ახალ მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

სერგენკოს თანამდებობიდან გადადგომა არ გაკვირვებია ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი დაცვის სპეციალისტს ვატო სურგულაძეს. მისი თქმით, სერგეენკოს ჰქონდა კარგი იდეები, თუმცა შესრულება - ცუდი.

"მის მოღვაწეობაში იყო დადებითი და უარყოფითი მომენტებიც. იყო, რა თქმა უნდა, არაერთი ჩავარდნილი პროექტიც. საყოველთაო ჯანდაცვის პროექტი საბოლოდ ჩავარდა - ჩვენ მივიღეთ ხელმისაწვდომი ჯანდაცვა უხარისხო მედიცინით. მედიცინა კი არ შეიძლება იყოს უხარისხო. თუმცა, იდეა ცუდი არ იყო.

იგივე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ქვეყნისთვის საკმაოდ კარგი იყო და ადამიანებს რაღაც გამოსავალს მისცემდა. მაგრამ, იმის მაგივრად რომ პროექტში ჩართულიყო 400 000 ადამიანი, ჩაერთო 45 ათასი. ახლა ზუსტად სასწრაფოს ველოდებოდი 25 წუთი - სასწრაფო, რომელიც 25 წუთი მოდის, ის სასწრაფო აღარ არის! ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და ამის ფონზე როგორ შეიძლება ვისაუბრო, რომ ყველაფერი კარგად არის?!

სერგეენკოს რეიტინგულობა კი ქართული ფენომენის ბრალია. ძალიან ბევრი კარგი იდეები ჰქონდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, შესრულება ვერ იყო იმ დონეზე, იმიტომ რომ არ იყო ხალხი, ვისაც ჯანდაცვის მართვა შეუძლია. ჩვენი ჯანდაცვა ძალიან ჩავარდნილია. რამდენი ადამიანი ყიდის სახლს, იღებს სესხს და გარბის უცხოეთში სამკურნალოდ და დიაგნოზის დასასმელად? რატომ, როცა საქართველოში 282 საავადმყოფო გვაქვს?

ჯანდაცვის რეფორმების გატარება ალაგ-ალაგ არ შეიძლება. ეს არის მუდმივი პროცესი. კიდევ ერთი, ყველაზე დიდი პრობლემა პირველადი ჯანდაცვაა, რაც ყველაფრის თავი და თავია, მაგრამ ვერცერთმა მინისტრმა ვერ მოაწესრიგა. კარგად მომზადებული ოჯახის ექიმები ძალიან ბევრ პრობლემას უხსნის ადამიანს" - გვითხრა სურგულაძემ.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს „ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, რომლის თქმითაც მმართველ ძალას ჯანდაცვის სფეროში ჩავარდნები არ აქვს.

"სერგეენკოს მოღვაწეობის შეფასებას ყველაზე უკეთ გააკეთებს ხალხი. ის არის ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი და ავტორი მნიშვნელოვანი რეფორმისა - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

გახსოვთ ალბათ უახლოესი წარსული, როცა ადამიანები სახლებს ყიდდნენ და უფულობის გამო იღუპებოდნენ. ასე რომ, ვფიქრობ, ქართულ ჯანდაცვაში მნიშვნელოვანი წინსვლაა. სერგეენკო გასაშვები რომ ყოფილიყო, ის 7 წელი მინისტრი ვერ იქნებოდა. ის იყო და დარჩება ჩვენი გუნდის წევრად, სადაც არ უნდა იყოს. ვფიქრობ, მისი რესურსი და გამოცდილება იქნება გამოყენებული.

ჯანდაცვაში ჩავარდნა არ ყოფილა, ეს დარგი არის ამოუწურავი და ყოველთვის არის განსახორციელებელი სიახლეები. კარგს უკეთესი ჯობია და ეს უნდა იყოს მუდმივი. აქ რომელიმე პროგრამის ჩავარდნაზე არ არის საუბარი. მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა დღეს არის წარმატებული, მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს მოწოდების ხარისხი გაფართოებული. ამაზე თვითონ სერგეენკოც საუბრობდა და ჯანდაცვის კომიტეტშიც არაერთხელ იყო განხილვა.

მინისტრს ხშირად უთქვამს პირად საუბრებში, რომ უკვე დრო იყო ახალი ენერგია შესულიყო უწყების მართვაში და სკანდალების ძიება აქ უსაფუძვლოა. საუბარია მინისტრზე, რომელიც არასდროს ყოფილი ჩაჭიდებული სავარძელს, იყო აქტიური მინისტრი და აჩვენა დიდი წარმატებაც" - უთხრა AMBEBI.GE-ს ხუნდაძემ.

პოლიტოლოგები მორიგმა სამთავრობო ცვლილებამ გააკვირვა. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, სერგეენკოს გათავისუფლებაში ვერანაირ ლოგიკას ვერ პოულობს:

"ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა - სერგეენკო ერთ-ერთი გამონაკლისია „ოცნების“ მინისტრებიდან, რომელიც მუდმივად და სტაბილურად ინარჩუნებდა რეიტინგს. კრიტიკული და უარყოფითი დამოკიდებულება მის მიმართ არ ყოფილა. დღესაც ასეა - ბოლო კვლევებითაც ყველაზე რეიტინგული მინისტრია. შესაბამისად, მისი გაშვება ცოტა უცნაურია. მე მგონი „ქართული ოცნება“ თვითონ ეძებს გზებს, რომ დაკარგოს ხელისუფლება. არ მესმის, რატომ შეიძლება ასეთი საკადრო გადაწყვეტილება მიიღო.

მესმის, რომ ჯანდაცვის სფერო როგორც საჭიროა, ვერ განვითარდა, მაგრამ არა მგონია ისეთმა შეცვალოს, რომელიც ამ პროგრამას უკეთესად განავითარებს. რაც ვნახე, სერგეენკოს განმარტება, რომ ტოვებს მინისტრს პოსტს, მისი პასუხებიდან გამომდინარე, მგონია, რომ ხელისუფლებას მის წინააღმდეგ არაფერი გააჩნია. როცა პერსონების ცვლილებაზეა საუბარი და იწყებ სერგეენკოთი, გაუგებარია. კარგი იქნებოდა, თუ მოხდებოდა მთავრობის რეორგანიზაცია არა მარტო პერსონალური, არამედ სტრუქტურულიც. საერთოდ, „ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკა არათუ გამჭირვალე, ლოგიკასთან მიახლოვებულიც არ არის.

სერგეენკოს მსგავსად, კახიშვილი, რომელიც იყო წარმატებული მინისტრი, სადღაც კანცელარიაში გადამალეს. ამიტომ, შეფასება ნამდვილად გამიჭირდება. სრულიად გაუგებარია, რა პრინციპებით ხელმძღვანელობს ივანიშვილი ამა თუ პოსტზე, რომელიმე კანდიდატის დანიშვნისას", - აღნიშნა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ დავით სერგეენკომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, პრემიერის მრჩეველობა კი ფორმალური სტატუსია:

"მრჩეველი ეს არის ფორმალური თანამდებობა, რითაც ხდება ხაზგასმა, რომ ის გუნდის წევრად რჩება. რატომღაც მგონია, რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება უფრო იყო, ვიდრე ზემოდან მოხდა მისი გათავისუფლება.

ადამიანურად მესმის კიდეც - ის ექიმია, პოლიტიკური მოღვაწეობით მუდმივად დისკომფორტი ჰქონდა და როგორც ჩანს, მიაღწია თავისას, გათავისუფლდა პოლიტიკური ვალდებულებისგან. შეუძლია თავის პროფესიასაც დაუბრუნდეს, ეს ცხოვრება მისთვის უფრო კომფორტულია“, - გვითხრა ხუხაშვილმა.

სერგეენკოს ადგილს სამთავრობო კაბინეტში ქალი მინისტრი დაიკავებს - ჯანდაცვის ახალ მინისტრს ეკა ტიკარაძე, რომელიც მინისტრთა კაბინეტში მოსვლამდე საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო, მრავალწლიანი სამედიცინო გამოცდილება აქვს. ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში 2009 წლიდან მუშაობდა, როგორც მიწვეული კონსულტანტი. მანამდე ის სწავლობდა და მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."