ავტორი:

"2020 წელი იქნება იმედის და გამარჯვების წელი..." - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

"2020 წელი იქნება იმედის და გამარჯვების წელი..." - პატრიარქის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვები

გთავაზობთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის, პრეზიდენტისა და პრემიერის საახალწლო მილოცვებს:

კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა:

"გილოცავთ შობა-ახალ წელს. დღეს ჩვენ ვუსურვებთ ყველას ბედნიერებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე. მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისათვის. "პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“ - ჩვენ ვკითხულობთ ამას ბიბლიაში. უფროსების პატივისცემას მოაქვს ბედნიერება უმცროსებისთვის. უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთის.

მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო რუსეთის პრეზიდენტ ბატონ ვლადიმერ პუტინს - უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა".

პრემიერი-მინისტრის, გიორგი გახარიას მილოცვა:

- გილოცავთ დამდეგ 2020 წელს! ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თითოეულ თქვენგანს და ჩვენს სამშობლოს. ახალ წელს იმედით და სასიკეთო ცვლილებების მოლოდინით ვხვდებით. ვისურვებდი, რომ ეს მოლოდინები გაგვმართლებოდეს ყველას - თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ახალგაზრდებსა და უფროს თაობას! განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ახალი წელი ჯარისკაცებს, რომლებიც სამშობლოდან შორს მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის მსახურობენ; ასევე, თითოეულ ქართველს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

ვულოცავ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ოკუპაციის პირობებში ყოფნა. ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს ურყევი რწმენით, რომ ჩვენ შევქმნით საერთო მომავალს.

მეგობრებო, 2019 წელი დატვირთული აღმოჩნდა მოვლენებით, ემოციებით, ვნებათაღელვით, თუმცა, ყველა ვთანხმდებით, რომ მშვიდობა და სტაბილურობა აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისთვის. საქართველო ისტორიულად იდგა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, მაგრამ, ჩვენი ტრადიციებით, მიზანდასახულობით, თავისუფლებისადმი მუდმივი სწრაფვით და ერის გონიერებით - ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი უნიკალური კულტურული იდენტობა.

სწორედ ამ მიზანსწრაფულობით, ერთად უნდა ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალზე, ისე, როგორც ზრუნავდნენ ჩვენი წინაპრები. ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ - ექიმებმა, მასწავლებლებმა, ჯარისკაცებმა, პოლიციელებმა, საჯარო მოხელეებმა, მეწარმეებმა და სტუდენტებმა. ერთად უნდა დავძლიოთ არსებული გამოწვევები, ჩვენს გასაკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს - ჩვენ თავად უნდა შევქმნათ ის მომავალი, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ!

დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წელი იქნება წარმატებული - საქართველო, თავისი ტრადიციებით და უნიკალური კულტურული იდენტობით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ჩვენ აუცილებლად დავიმკვიდრებთ ჩვენს ღირსეულ ადგილს ევროპაში. 2020 წელი იქნება იმედის და გამარჯვების წელი, რომელიც განვითარებას და მშვიდობას მოუტანს ჩვენს სამშობლოს და კეთილდღეობას - თითოეული ჩვენგანის ოჯახს! კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ ყველას. სიკეთე, სიყვარული და მშვიდობა არ მოჰკლებოდეს საქართველოს! გილოცავთ!

პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მილოცვა:

ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებებსა და სიმშვიდეს თქვენს ოჯახებსა და ქვეყანაში! 2019 წელი დასრულდა ჩვენი ერთიანობით და ამ ერთიანობით მიღწეული შედეგით! ვაჟა გაფრინდაშვილის მაგალითი გვაძლევს უფლებას ვიფიქროთ, რომ ყველაფრის მიუხედავად; დაძაბულობისა თუ პოლარიზაციის მიუხედავად, რომელიც ასე გვთრგუნავს, მაინც შევძელით საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანება. ეს ის მოვლენაა, რომელზეც ამ ახალ წელს უნდა დავფიქრდეთ და დავიჯეროთ, რომ სადაც ერთიანობა შეგვიძლია, იქ ყველაფერი შეგვიძლია!

2019 წელს დაგვაკლდა სიმშვიდე; დაძაბულმა გარემომ გავლენა მოახდინა თითოეულ ჩვენგანზე. მაგრამ ეს წელი მთავრდება იმედითა და სიხარულით! ჩვენ, ასევე, გავერთიანდით პატარა ანიტას გარშემო. ამ ერთიანობას ცნობიერებაში დადებითი მუხტი შემოაქვს. გარკვეული ძალები - ქვეყანაში თუ მის გარეთ - ცდილობდნენ და ალბათ, კიდევ ეცდებიან, ეჭვი შემოიტანონ ჩვენს ღირსებაში, შემართებაში და, საერთოდ, ჩვენს შესაძლებლობებში. ერის დეპრესია მხოლოდ მტრებს თუ გაახარებს. ჩვენ შეგვიძლია, გავფანტოთ სიძულვილის, ღვარძლის შავი ღრუბელი დ მოვახდინოთ ჩვენი ენერგიის მობილიზება ქვეყნის აღმშენებლობისთვის! დღეს მსოფლიო დიდ რყევებს განიცდის; ჩვენი რეგიონი დიდი გამოწვევების წინაშე დგას.

სტაბილური, მშვიდობიანი და ძლიერი საქართველო გვჭირდება ყველას და სჭირდება თუნდაც მათ, ვისაც ჰგონია, რომ ჩვენი დასუსტებითა და გახლეჩით, ან - ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციით მიზანს უფრო იოლად მიაღწევს. ვისურვებ, რომ დამდეგი ახალი წელი იყოს ჩვენი ერთიანობისა და სოლიდარობის წელიწადი. მაქსიმალურად შევიკავოთ თავი სიძულვილისა და დამცირების ენის გამოყენებისგან, რამეთუ ეს უარყოფითი ენერგია უკვე საკმარისად დაგვიბრუნდა. ვისურვებ, რომ 2020 წელი იყოს არა ადამიანთა გატაცებების წელი, არამედ გაიხსნას გამშვები პუნქტები და არ შეფერხდეს ჩვენი მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის გამთლიანებამდე.

დგება ახალი წელი და ჩვენ გვაქვს საფუძველი საიმისოდ, რომ მას შემართებით დავხვდეთ: 2019 წელს ჩვენმა სპორტსმენებმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებიდან ათასზე მეტი მედალი ჩამოიტანეს. დარწმუნებული ვარ, 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებში დიდი წარმატებები გველოდება. ქართველი ახალგაზრდები, სტუდენტები, მეცნიერები, ხელოვანები ჩვენი ერის უნიკალურ კულტურულ და სამეცნიერო პოტენციალს წარმოაჩენენ. მთელი მსოფლიო გაოცებული უყურებს, რა შემოქმედებითი ენერგია დევს ამ პატარა ერში.

ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ აქ, საქართველოში მთლიანად გავითავისოთ ამ ეროვნული ენერგიის ძალა და ფასი. ჩვენ გვაქვს რწმენა საქართველოს თავდაცვის ძალების, ჩვენი ჯარისკაცების, რომლებიც თავდადებითა და პროფესიონალიზმით ქვეყანას აძლიერებენ, უცხოეთში კი ასეთივე თავდადებითა და პროფესიონალიზმით გვასახელებენ! ახალ წელს გილოცავთ ყველას - ჩვენს თანამემამულეებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ჩვენს ემიგრანტებს, რომლებსაც სამშობლოდან შორს საქართველოს სახელი გააქვთ!

და ბოლოს, მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ახალი წელი ვაჟა ექიმს, რომელიც თავის ოჯახს დაუბრუნდა და გამოჯანმრთელება ვუსურვო პატარა ანიტას და ცოტნე გამსახურდიას! გისურვებთ, გვეცხოვროს გაერთიანებულ, გამთლიანებულ საქართველოში! გილოცავთ, კიდევ ერთხელ, ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, სიმშვიდეს, ბედნიერ, წარმატებულ და ხალისიან წელიწადს!

რამ გამოიწვია გუდაურსა და ბაკურიანში უწყლობა - პრემიერმა და მინისტრებმა პრობლემა საგანგებო შეხვედრაზე განიხილეს

55 000 ლარი საჩუქრად მამისგან - რა ქონებას ფლობს გიგა ბოკერიას და თამარ ჩერგოლეიშვილის ოჯახი

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა