ავტორი:

"აფხაზები სასტუმროებს ქართული მასალებით აწყობენ და რუს ტურისტებს ეპატიჟებიან - ისინი ცუდები არიან, ჩვენ კარგად დაგასვენებთო"

"აფხაზები სასტუმროებს ქართული მასალებით აწყობენ და რუს ტურისტებს ეპატიჟებიან - ისინი ცუდები არიან, ჩვენ კარგად დაგასვენებთო"

მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მიმართულებით ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო და მთავრობას დაავალა, "საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ზომები მიიღოს", აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის მინისტრის მოადგილე ასტამურ ბარციცმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და რუს ტურისტებს ალტერნატიული დასვენება შესთავაზა".

"აფხაზეთი მზად არის უმასპინძლოს იმ რუს ტურისტებს, რომლებსაც საქართველოში დასვენება ჩაეშალათ... ჩვენთან თბილი ზღვა, სუფთა ჰაერი და სტუმართმოყვარე ხალხია. ჩვენთან განვითარებულია სამთო და ექსტრემალური ტურიზმიც" - ნათქვამია ბარციცის განცხადებაში.

აფხაზი “მაღალჩინოსნის” განცხადებას თითქმის ერთდროულად გამოეხმაურნენ რუსი ტურისტები და აფხაზები. ერთი ნაწილის თქმით, პუტინის განცხადება ძალიან გაახარებს მინსკის, ბაქოს და ერევნის მოსახლეობას, რადგან კავკასიის მოყვარული და დაბალბიუჯეტიანი ტურისტები ამ მიმართულებას აარჩევენ. მეორეს მხრივ კი, ეს "კარგი შანსია აფხაზეთში მეტი ტურისტის მოსაზიდად და ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად".

ბევრი, მათ შორის რუსები, ბარციცის მიმართვას ირონიულად ეხმაურებიან და ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთში არსებულ ვითარებასა და ზოგადად, დაგროვილ პრობლემებს ახსენებენ.

"აფხაზეთში დასასვენებლად მხოლოდ ის მიდის, ვინც დღემდე თავი ვერ დააღწია საბჭოთა ნოსტალგიას, ან მთელი წელი აკოწიწებს რამდენიმე ათას რუბლს, რათა ერთი თვით მოსწყდეს მშობლიურ რუსეთს. თუმცა, ჩამოსვლის შემდეგ იმაზე წუწუნებს, როგორ დაუტოვა დანაზოგის ნახევარი აფხაზ “გაიშნიკებს” თბილი ზღვის საფასურად.

აფხაზეთში ისინიც მიდიან, ვინც "ექსტრემალური დასვენების" მომხრეა, რადგან არ გაქვთ კანონი, წესრიგი, ნარკოტიკზე შემჯდარი აფხაზები კი რუს ტურისტებს სანაპიროზე ძარცვავენ. ვაპირებდი წასვლას, მაგრამ არაერთი რუსი და ბელორუსი ვნახე, იქ ცხვირ-პირ დამტვრეული და გადავიფიქრე” - წერს სოციალურ ქსელში ანდრეი იაკოვლევი.

კიდევ ერთი რუსის თქმით, "ის აფხაზები, ვისაც მუდმივი რუსი ტურისტები ჰყავთ, მათგან ფულს იღებენ, იმ პირობით, რომ მომავალ წელს შედარებით კომფორტულ პირობებს დაახვედრებენ თუმცა, სეზონური შემოსავლით, ან ფართოვდებიან, ან საკუთარ საცხოვრებელს არემონტებენ".

"ჩვენ იგივე, უმეტესად დამამცირებელი პირობები გვხვდება, რომ არაფერი ვთქვათ, კრიმინალზე, ძალადობაზე, გატაცებებზე, ცემასა და შეურაცხყოფაზე - იქ ყველა რუს ქალს აგდებულად უყურებენ და ყველა რუსი მამაკაცი არაყზე დამოკიდებული ჰგონიათ. ეს საკუთარ ტყავსა და ოჯახზე ვიწვნიე...” - ამბობს ანია ბალდოვა.

"რამდენიმე დღის წინ, სოხუმის ცენტრში, ზღვის ნაპირიდან 150 მეტრში, საკანალიზაციო სისტემა დაზიანდა და იმ ადგილას ისეთი სუნია, ვერ გაივლი... ჯერ გვითხრეს, რამდენიმე დღეო, მერე ერთი თვეო - ახლა გვპირდებიან ივლისამდე მოწესრიგდებაო, თორემ მერე სიცხეები რომ დააჭერს, მიკროორგანიზმები გამრავლდებიანო... ნაგავი ძლივს გავატანინეთ ქალაქის ცენტრიდან, ბავშვები გვეწამლებოდნენ! ჰოდა, ამ პირობებში, რამდენ მილიონ რუს ტურისტს ვეპატიჟებით აფხაზეთში? თქვენ წაიყვანთ თქვენს სასტუმროებში, ბატონო ბარციც?!" - კითხვას სვამს ინტერნეტმომხმარებელი “ირაკლი სოხუმსკი.”

ანტირუსულ განწყობებზე რამდენიმე დღის წინ, Эхо Кавказа-ს ჟურნალისტი ვიტალი შარიაც წერდა. მისი თქმით, ბოლო ხანებში რეგიონში განსაკუთრებით გააქტიურდა ორგანიზაცია “რუსული ხმა”, რომელიც აქტიურად მუშაობს აფხაზეთის შავ პიარზე.

“რუსული ხმის” ცნობით, კრიმინალის მაჩვენებელი აფხაზეთში იმაზე დიდია, ვიდრე ამას უწყებები აქვეყნებენ. ჩვენც ხომ ვიცით, რომ ასეა... რუსები ამბობენ, რომ მხოლოდ ჩვენ ვდებთ აფხაზეთის ეკონომიკაში ინვესტიციას და რატომ არ უნდა გვქონდეს მეტი გავლენებიო, თურქეთსა და ეგვიპტეშიც დებენ ინვესტიციას, მაგრამ მოითხოვონ აბა იქაც გავლენები, ვინმე გაატანინებს?" - წერს მარინა გერზმავა.

“ბატონო ბარციც, აფხაზეთი ჯერ კიდევ საქართველოდან შემოტანილი კონტრაბანდით საზრდოობს და ეს მხოლოდ საკვებს კი არა, ავეჯსაც ეხება. აფხაზები საოჯახო სასტუმროებს ქართული მხრიდან შემოტანილი მასალებითა და ავეჯით აწყობენ, სადაც რუს ტურისტებს ეპატიჟებიან - ისინი ცუდები არიან, ჩვენ კარგად დაგასვენებთო... ჰოდა, ამის შემდეგ, დაგვცინებენ რუსები აბა რა იქნება?" - ამბობს ანატოლი ავიძბა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი