ავტორი:

რა სიტყვით მიმართა ნიკა მელიამ მოსამართლეს - სასამართლო პროცესის დეტალები

რა სიტყვით მიმართა ნიკა მელიამ მოსამართლეს - სასამართლო პროცესის დეტალები

გუშინ 93 დაჩოქილი დეპუტატი ვიხილე და ნამდვილად არ მაქვს იმის განცდა, რომ თქვენ პირუთვნელი მოსამართლე იქნებით, - ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებულმა წევრმა ნიკა მელიამ მოსამართლე თემურ გოგოხიას, რომელიც მისი ბრალდების სისხლის სამართლის მოსამართლეა.

„რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ჩემი პოზიცია არაერთხელ დამიფიქსირებია ჩინჩალაძე-მურუსიძესთან დაკავშირებით. მე გუშინ 93 დაჩოქილი დეპუტატი ვიხილე და ნამდვილად არ მაქვს იმის განცდა, რომ თქვენ პირუთვნელი მოსამართლე იქნებით. თქვენ არ ხართ ჩვეულებრივი მოსამართლე, თქვენ ხართ კოლეგიის თავმჯდომარე, ჩინჩალაძის მეგობარი. მე ვერ ვიტყვი იმ სიტყვას, რომელიც გულს მოგილბობთ. უბრალოდ იცოდეთ ჩემი წარმოდგენა თქვენდამი. არიქა, ახლა სხვანაირი ნიკა მელია მიხილოთ, რომ პატიმრობა არ შემიფარდოთ, ვერც თქვენ ეღირსებით და ვერც ბიძინა ივანიშვილი", - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიასმიმართ სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლო პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარების შუამდგომლობა დააყენა.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განმარტებით, ნიკა მელიას მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, რომელიც უალტერნატივოდ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე პროკურორმა განმარტა, რომ მელიამ შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოახდინოს, ასევე მტკიცებულებების განადგურება მოხდეს.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე.

ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, ნიკა მელიას მიმართ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს.

„პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, პატიმრები ციხეში მიდიან და გამოდიან, მთავარია, ამ პროცესში ჩართულმა მხარეებმა საკუთარი მისიის შესრულება ღირსეულად შეძლონ. მაქვს განცდა, რომ ქვეყნისთვის გარდამტეხი პერიოდია და ისტორიის ახალი ფურცელი იწერება ამ დარბაზში. იურისტებმა კანონს პატივი უნდა ვცეთ და შევძლოთ ვიღაცის პოლიტიკურ შეხედულებაზე მაღლა დავდგეთ.

მოგეხსენებათ, ნიკანორ მელია 7 წელია ბრალდებულია სხვა სისხლის სმართლის საქმეზე და მას არასდროს შეუშლია ხელი საქმისთვის, არც ერთი სხდომა არ გაუცდენია. მას არასდროს არც ერთ მოწმეებზე ზემოქმედება არ მოუხდენია", - განაცხადა კონდახიშვილმა.

მან სასამართლოს ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 - ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. კონდახიშვილმა სასამართლოში ასევე წარადგინა პარლამენტის წევრების წერილი თავდებობის შესახებ.

ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს