ავტორი:

ნიკა მელიას გადაადგილებას ელექტრონული სამაჯურით გააკონტროლებენ

ნიკა მელიას გადაადგილებას ელექტრონული სამაჯურით გააკონტროლებენ

ნიკა მელიას მონიტორინგს სასამართლო ელექტრონული სამაჯურით მოახდენს, - აღნიშნულის შესახებ სააპელაციო სასამართლოს სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მელიამ იქვე დასძინა, რომ მისთვის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

"მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ბიძინა ივანიშვილმა იმ ღამეს გააკეთებინა... გადაიფიქრა ჩემი დაპატიმრება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით. რა თქმა უნდა, ალბათობა იმისა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებდა, იყო, თუმცა რთულია „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლა.

ამას ვერავინ შეძლებს დუნიაზე, მაგრამ ის, რომ ჩვენი საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ეს არის პირდაპირ წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, მეტიც, დამიმატეს და რაღაც სამაჯური უნდა გავიკეთო და ასე უნდა მოხდეს ჩემი გადაადგილება. ელექტრონული მონიტორინგი გულისხმობს ელექტრონული სამაჯურის ტარებას.

ეს არის წინააღმდეგობაში მოსვლა კონსტიტუციასთან და პარლამენტის რეგლამენტთან. მე ისეთივე დეპუტატი ვარ, თავისი უფლებებითა და ვალდებულებებით, როგორიც არის დანარჩენი 149. ე.ი. პარლამენტის წევრს ეუბნებიან, არათუ შეეშვი პოლიტიკურ საქმიანობას და სახლში იჯექიო, არამედ საპარლამენტო საქმიანობასაც შეეშვიო. რა თქმა უნდა, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გავასაჩივრებთ იმ მუხლს, რა მუხლითაც შემეზღუდა პოლიტიკური საქმიანობა, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთანაც და რეგლამენტთანაც.

როდესაც ჩაინიშნება პარლამენტში სხდომა, მე აუცილებლად შევატყობინებ პროკურატურას, რახან ასე უნდათ. აუცილებლად გამოვალ სახლიდან და მივალ სხდომაზე დასასწრებად. თუ მოქმედ დეპუტატს პარლამენტში მოსვლის გამო დააკავებენ, მათ სინდისზე და ნამუსზე იყოს. ისინი ცდილობენ, პოლიტიკური საქმიანობისგან მაქსიმალურად ჩამომაშორონ. აუცილებლად ვივლი არა მარტო პარლამენტში, არამედ ყველა იმ შეხვედრაზე, რომელზეც აქამდე დავდიოდი, იქნება ეს აბაშა, ზუგდიდი, ქუთაისი თუ თერჯოლა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული წევრის, ნიკა მელიას საქმეზე დაცვის და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მელიასთვის გირაოს შეფარდების შესახებ უცვლელი დარჩა. ამასთან, მან პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებულ წევრს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მელიას დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა. კერძოდ კი, ნიკა მელიასაცხოვრებელ ადგილს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე ვერ დატოვებს. მას ასევე აეკრძალა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება, მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მას ასევე დაეკისრა საგამოძიებო ორგანოებისათვის პასპორტისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობას და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს