ავტორი:

"მის თვალწინ ქალები და ბავშვები პოლიციელებმა აუზში ჩაყარეს... ამაზე გაბრაზებულმა ხელი მოუქნია" - რას ყვებიან აქციის საქმეზე დაკავებულების დედები

"მის თვალწინ ქალები და ბავშვები პოლიციელებმა აუზში ჩაყარეს... ამაზე გაბრაზებულმა ხელი მოუქნია" - რას ყვებიან აქციის საქმეზე დაკავებულების დედები

20-21 ივნისის აქციის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ერთ პირს - ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალი უკვე წარედგინა, დანარჩენი 3 პირისთვის კი ბრალის ოფიციალურად წარდგენა დღეს მოხდება.

ბრალდებულები ცოტნე სოსელია, ბესიკ თამლიანი, კახაბერ კუპრეიშვილი და ზურაბ ბუდაღაშვილი შს სამინისტროს თანამშრომლებმა გუშინ დააკავეს. მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

„დააკავეს ოთხი ავტომანქანით მისულმა სპეცრაზმელებმა და ამასთან ერთად კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა. თითქოს ეს იყო სასწაული დამნაშავე. მოგონილი მტკიცებულებები აქვთ, რომ თითქოს იყო შეიარაღებული სხვადასხვა საშუალებებით და ცდილობდა პარლამენტში შეღწევას, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

ასევე პოლიციის წინააღმდეგობის საფუძველზე არის დაკავებული. მთავრობა ახორციელებს ჯანსაღ, ნიჭიერ მოქალაქეებზე ანგარიშსწორებას. სწორედ იმის გამო, რომ ისინი არიან თავისუფლები და უყვართ თავიანთი ქვეყანა“, - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ბესიკ თამლიანის ადვოკატი ვახტანგ იაშვილი.

თამლიანის დედა მისი შვილის გათავისუფლებას ითხოვს და აცხადებს, რომ ის უდანაშაულოა. როგორც რუსუდან თამლიანი აცხადებს, ბესიკ თამლიანის თვალწინ პოლიციელებმა აუზში ჩაყარეს ქალები და ბავშვები და მისი შვილის გაღიზიანებაც სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია:

"კარგად გამოიძიონ, ნახონ კადრები. იმ კადრს რომ უჩვენებენ, ჩემი შვილი ფარს რომ ურტყამს ხელს, ისიც აჩვენონ როგორ ჩაყარეს ქალები და ბავშვები წყალში. იმათ დასაცავად მოხდა ეს ყველაფერი და ამასაც მოხვდა ხელკეტი", - განაცხადა რუსუდან თამლიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ ბესიკ თამლიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ის გაათავისუფლა პატიმრობიდან. დაკავებულის დედის ინფორმაციით, თამლიანი პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხა:

"სამსახურიდან სახლში მოდიოდა, რომ ნახა იქ აქცია მიმდინარეობდა, მანქანა გააჩერა და მივიდა. ჩვენ სოხუმელები ვართ, იქიდან რუსებმა გამოგვყარეს და ეს გავრილოვი რომ წამოგვისკუპეს, იმაზეც იყო გაბრაზებული. აქციაზე მის თვალწინ ქალები და ბავშვები პოლიციელებმა ჩაყარეს აუზში. ეს კადრში ჩანს კიდეც. როდესაც უთხრა რას შვრებითო, პოლიციელმა ხელკეტი მოუქნია. ამის გამო თავზე აქვს ჰემატომა და თვალიც ჩაშავებული ჰქონდა. ამაზე გაბრაზებულმა ხელი მოუქნია, მაგრამ პოლიციელისთვის ხელი არ აქვს გარტყმული და ეს კადრშიც ჩანს. ფარს მოხვდა ხელი და ეს დანაშაულია?" - განაცხადა თამლიანმა.

კიდევ ერთი ბრალდებულის, ზურაბ ბუდაღაშვილის ოჯახი ბრალდებულის მხრიდან რაიმე სახის ძალადობას გამორიცხავს. როგორც დაკავებულის დედა მაგული გობეჯიშვილი ამბობს, მისი შვილი დაშავებული ადამიანების დახმარებას ცდილობდა და სწორედ ამ მიზნით ურტყამდა პოლიციელის ფარს ხელკეტს:

"გუშინ საღამოს დააკავეს სახლთან. მთელი დღე თურმე იქ ყოფილან ჩასაფრებული და ელოდებოდნენ. როგორც კი გამოვიდა გარეთ, დააკავეს.

ზურა აქციაზე შემთხვევით მოხვდა. მისი მეგობარი მიდიოდა და გაჰყვა. როცა მივიდა აქციაზე, ნახა, რომ მის გვერდით გოგონა წაიქცა და ტკივილისგან ტიროდა და წიოდა. ზურამ გამოსტაცა პოლიციელებს ხელიდან ხელკეტი და ფარის წართმევას რომ უპირებდა და ვერ ართმევდა, ამიტომ არტყამს იმ ხელკეტს ფარზე. თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ზურა ფარს არტყამს და არავინ დაუზიანებია და დაუზარალებია. ჩემი შვილი დაზარალდა... ორი ტყვია აქვს ნასროლი. ჩვენ არ მოგვითხოვია პასუხი ამაზე. გავჩუმდით და გვერდზე გავდექით", - განაცხადა მაგული გობეჯიშვილმა.

დაკავებულის დედა მისი შვილის გათავისუფლებას ითხოვს.

"ჩვენ ბუზს სპილოდ არ ვაქცევთ და ვითმენთ ამ ტკივილებს. ახლა მოთმენის საშუალებასაც არ გვაძლევენ. ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა, გაათავისუფლონ ჩემი შვილი და გამიშვან საქართველოდან. საქართველოში დამტანჯეს, გამაწამეს, ოჯახი დამინგრიეს და დამიქციეს. სახლ-კარი აღარ გამაჩნია. ყველაფერი შეეწირა ამ უსამართლობას.

დღეს თუ ჩემს ოჯახში შემოვიდნენ, ხვალ ვის მოადგებიან, ვინ იქნება ზურას მერე? ზურა ხელოვანი და ნიჭიერი ადამიანია, თავისი სამყარო აქვს, დაანებონ თავი. უსამართლობის პიკია და ზურა უსამართლობის მსხვერპლად იქცევა. უსამართლობის მსხვერპლი მე ვარ პირველ რიგში. მე დედა ვარ და როგორც დედა მივმართავ და ვეხვეწები ყველას - დამიდგეს ყველა დედა გვერდით, ვის შვილსაც საფრთხე ემუქრება. ზურა მოძალადე არასდროს ყოფილა. მძულს ყველა ომი - ეს ზურას სიტყვებია", - აღნიშნა ბუდაღაშვილის დედამ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს