ავტორი:

"მიზეზი შეიძლება საკმაოდ მძიმე დაავადებაც იყოს" -  რისი ბრალია ღამით ოფლიანობა?

"მიზეზი შეიძლება საკმაოდ მძიმე დაავადებაც იყოს" -  რისი ბრალია ღამით ოფლიანობა?

ძილის დროს ოფლიანობას ბევრი უჩივის. ამ პრობლემას არაფერი აქვს საერთო ადგილობრივ, მაგალითად, ხელისგულებისა და ტერფების ოფლიანობასთან, რომელიც ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციის მოშლას უკავშირდება. ძილის დროს აღმოცენებული ჭარბი ოფლიანობა ანუ ჰიპერჰიდროზი ზოგადი ოფლიანობის ერთ-ერთი სახეა, მისი არსებობა ექიმს მიზეზის ძიებისაკენ უბიძგებს, მიზეზი კი შეიძლება საკმაოდ მძიმე დაავადებაც იყოს, მათ შორის - ტუბერკულოზი და ლიმფოგრანულომატოზი. ექიმი უწინარეს ყოვლისა სწორედ ამ პათოლოგიების გამორიცხვას მიიჩნევს საჭიროდ.

ლიმფოგრანულომატოზი სისხლის სისტემის, კერძოდ, ლიმფური ქსოვილის ავთვისებიანი დაავადებაა. არცთუ იშვიათად ღამის ოფლიანობა მისი ერთადერთი ნიშანია, ტიპურ შემთხვევებში კი წამყვანი სიმპტომები ლიმფური კვანძების გადიდება და გამკვრივება გახლავთ. დაავადება ერთი ლიმფური კვანძიდან მეორეზე ვრცელდება. ლიმფური კვანძები დიდდება კისრის, იღლიის არეებში, გულმკერდისა და მუცლის ღრუში, საზარდულისა და სხვა მიდამოებში. დაზიანებული ლიმფური კვანძი დიდი ზომისაა, მკვრივია, ხელით გასინჯვისას (პალპაციისას) უმტკივნეულოა.

ზოგ შემთხვევაში ვლინდება ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები: სისუსტე, წონის დაქვეითება, ძლიერი ოფლიანობა, - რომლებიც სხვა დაავადების, მაგალითად, ტუბერკულოზის დროსაც შეიძლება აღმოცენდეს, ამიტომ ზუსტი დიაგნოზის დასმის მიზნით ტარდება ლიმფური კვანძის ბიოფსია - მისი ამოკვეთა და მიკროსკოპიული შესწავლა. დიაგნოზის დადასტურების შემდეგ იწყება მკურნალობა. ამისთვის იყენებენ ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას და ამ მეთოდების კომბინაციას.

მკურნალობის შემდეგ ოფლიანობა ქრება. უნდა ითქვას, რომ პროცესის გავრცელების (შორეული მეტასტაზების არსებობის) შემთხვევაში ძლიერი ოფლიანობა და ცხელება შეიძლება ნებისმიერ სიმსივნურ დაავადებას ახლდეს თან, თუმცა ლიმფოგრანულომატოზისა და სხვა ლიმფომებისთვის ჭარბი ოფლიანობა მეტად დამახასიათებელი სიმპტომია. ღამით ოფლიანობა ტიპურია ტუბერკულოზისთვისაც. ამ დროს, გარდა ოფლიანობისა და ლიმფური კვანძების გადიდებისა, ყურადღებას იპყრობს ხველა, ნახველის არსებობა, ტემპერატურის მომატება 37-38 C-ის ფარგლებში, დამახასიათებელი რენტგენოლოგიური ცვლილებები, ნახველში დაავადების გამომწვევი მიკობაქტერიის აღმოჩენა.

ღამის ოფლიანობის მიზეზად შეიძლება იქცეს სხვა ინფექციური დაავადებებიც: შიდსი, ინფექციური მონონუკლეოზი, სოკოვანი ინფექცია, ფილტვის აბსცესი, ენდოკარდიტი, - თუმცა ისიც სათქმელია, რომ ინფექციური დაავადებების დროს ჭარბ ოფლიანობას თავისებურებები ახასიათებს. ინფექციის შემთხვევაში ოფლიანობას ხშირად წინ უძღვის შემცივნება, ტემპერატურის მომატება.ღამის ოფლიანობის ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია ღამის ობსტრუქციული აპნოეს სინდრომი. ის საკმაოდ ხშირია საშუალო ასაკის შემდეგ და სიმსუქნით დაავადებულ პირებს შორის. ადამიანი ხმამაღლა ხვრინავს, თითქოს "ყლაპავს" ჰაერს, დროდადრო წყვეტს სუნთქვას. არასრულფასოვანი ძილის გამო დღისითაც ეძინება. ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი გასინჯვისას ხშირად ავლენს ცხვირ-ხახის შედარებით პატარა ზომებს. ღამის აპნოეს სინდრომის უკუგანვითარებისას ოფლიანობაც ქრება. წაიკითხეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს