ავტორი:

ისტორიის გაკვეთილი ვლადიმერ პუტინისთვის - რეალურად, რა ხდებოდა საქართველოში 1918-20 წლებში

ისტორიის გაკვეთილი ვლადიმერ პუტინისთვის - რეალურად, რა ხდებოდა საქართველოში 1918-20 წლებში

ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა გუშინ „საქართველოზე მოწყალება მოიღო“. როგორც ჩანს, ეშხში შევიდა და გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებაზე უარი "მოსახლეობის პატივისცემით" თქვა, გადაწყვიტა, ისტორიის გაკვეთილებიც ჩაეტარებინა.

რაც ჩვენ ვიცით, ის არ არის რაც პუტინს უნდა რომ ვიცოდეთ. პუტინისეული ისტორია კი ასეთია: 1774 წელს სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია გერმანიის დახმარებით მოახდინა - მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველო გენოციდში ბრალდებული მონსტრია, რუსეთი კი პატარა და უმწეო ერების მხსნელი მესია.

პუტინის მიერ ეკატერინბურგში ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადება იმის ზუსტი დემონსტრირება იყო, რაზეც ქართველები ხშირად ვამბობთ ხოლმე - 3 სიტყვაში 5 ტყუილი თქვაო. პუტინის ბნელი ტყუილისთვის ნათელის მოსაფენად, AMBEBI.GE ისტორიკოსებს ესაუბრა.

მოდით, პუნქტობრივად განვიხილოთ პუტინის მითები და ქართული რეალობა.

  • "ოსეთი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში 1774 წელს. შევიდა მთლიანად, როგორც სამხრეთი, ასევე ჩრდილოეთ ნაწილი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო" - ამბობს პუტინი.

ისტორიკოს დიმიტრი სილაქაძის თქმით, დღევანდელი გაგებით სამხრეთ ოსეთი 1774 წელს არ არსებობდა, ის ტერიტორია კი, რომელიც დღეს ე.წ სამხრეთ ოსეთს უკავია, მეთვრამეტე საუკუნეში ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, იქამდე სანამ რუსეთის იმპერიამ 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო არ დაიპყრო და გააუქმა.

ისტორიკოსის თქმით, 1774 წლის კონტექსტში მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთზე შეიძლება იყოს საუბარი, რასაც სამხრეთ ოსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს.

პროფესორი და "განათლების სახლის" დამფუძნებელი ზაზა ცოტნიაშვილი გვეუბნება, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში ცხინვალში ერთი ოსური ოჯახი ცხოვრობდა, ქალაქი კი ძირითადად ქართველებით, ებრაელებითა და სომხებით იყო დასახლებული.

"მეთვრამეტე საუკუნეში კავკასიის ჩრდილოეთ ქედზე იყო ოსური დასახლებები, რომლებიც ძირითადად მეცხოველეობით ირჩენდნენ თავს. ოსების ავტონომია შეიქმნა საბჭოთა კავშირის დროს და შეიქმნა ერთადერთი მიზნით - ისეთი რთული ვითარების დროს, როდესაც საქართველო უარს იტყოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნაზე, აეფეთქებინათ ეს და ეს გაკეთდა კიდეც 90-იან წლებში“- განმარტა AMBEBI.GE-სთან საუბარში ზაზა ცოტნიაშვილმა.

  • ე.წ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით პუტინის ნარატივი რომ გავაგრძელოთ, ის გვეუბნება: "სასტიკად იქცეოდნენ ქართული ჯარები ოსეთში 1919 და 1920 წლებში. ეს არსობრივად იგივეა, რასაც დღეს გენოციდი ჰქვია".

პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის თქმით, ამ ტერმინს ასეთი გავლენის მქონე ადამიანები შემთხვევით არ იყენებენ.

"სიტყვა გენოციდი ნიშნავს ერის პრაქტიკულად განადგურებას, რასაც, რა თქმა უნდა, 20-იან წლებში ადგილი არ ჰქონია. თუმცა, დამოუკიდებელი საქართველოს 1918-20 წლების პერიოდში კონფლიქტი არსებობდა საქართველოს ხელისუფლებასა და აჯანყებულ ოს სეპარატისტებს შორის, რომლებიც კრემლიდან იმართებოდნენ.

ეს ამბოხება ბოლშევიკური იდეოლოგიის გავლენით ეწყობოდა, თუმცა ბოლშევიკები ამ შემთხვევაში ოსურ ეთნიკურ პოზიციებს იყენებდნენ, იმისთვის რომ ისინი წაექეზებინათ და შემდეგ ჯილდოდ გადაეცათ ის ტერიტორიები, რომლებიც დღეს მათ აქვთ. ეს ყველაფერი ბოლშევიკური იდეოლოგიის გასავრცელებლად ხდებოდა, რათა ისინი დაპირისპირებოდნენ დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკას. ეს კონფლიქტიც სწორედ ამან გამოიწვია.

მაშინ საქართველოს დამოუკიდებელმა არმიამ ჩაახშო აჯანყება. რა თქმა უნდა, იყო მსხვერპლიც, მაგრამ გენოციდი როგორც ასეთი, წარმოუდგენელია ეს თქვას ისეთი გავლენის მქონე პოლიტიკოსმა, როგორიც არის ვლადიმერ პუტინი. მაგრამ ეს მას სჭირდება, როგორც ჰიბრიდული ომის იარაღი" - განმარტა ზაზა ცოტნიშვილმა. პუტინის განცხადებას კი მიზანმიმართული "ჰიბრიდული ბომბი" უწოდა.

  • რაც შეეხება აფხაზეთს. პუტინი რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ საქართველოსა და მისი რეგიონის - აფხაზეთის ურთიერთობას ასე გვიხატავს: "როდესაც ინგრეოდა რუსეთის იმპერია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველომ სცადა აფხაზეთის გადაყლაპვა. შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და გერმანიის ჯარების დახმარებით 1918 წელს საქართველომ მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია"

„ესეც სიცრუეა - გერმანელების დახმარება საერთოდ არაფერ შუაშია, ყველაფერი შეთანხმებით მოხდა. ეს იყო 1918 წლის 11 ივნისს საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს შორის დადებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შევიდა და ქართული გვარდია და არმია აფხაზეთის სახალხო საბჭოს თხოვნით იყო შეყვანილი ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ბოლშევიკებმა 1918 წლის აპრილიდან ერთი პერიოდი სოხუმი ხელში ჩაიგდეს და ქართულმა ჯარმა ბოლშევიკები განდევნა იქიდან.

ამის შემდეგ 1919 წელს უკვე დენიკინის წინააღმდეგ იბრძვის ქართული ჯარი აფხაზეთის ტერიტორიაზე, ხოლო 1920 წლის 7 მაისს თავად საბჭოთა რუსეთმა ცნო აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში. საუბარია, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებაზე. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ კი საბჭოთა ხელისუფლებამ აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ცალკე გამოყო. თუმცა პარადოქსიც იყო, რომ ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტისას, სოხუმი თბილისს ემორჩილებოდა.

1936 წელს საბჭოთა სახელმწიფომ აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ისევ საქართvელოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში დააბრუნა" - ამბობს ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე.

პუტინმა ისტორიის გაყალბება არ იკმარა - საქართველოს ხელისუფლებაც გააფრთხილა და ურჩია, რომ არა რომელიმე სხვა, არამედ ისტორიის სწორედ მისეული ვერსია უნდა ახსოვდეთ თუ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის მოგვარება სურთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველომ ისტორიის პუტინისეული ინტერპრეტაცია უნდა მიიღოს და თავი ოკუპაციაში დამნაშავედ სცნოს, თუ საკუთარ რეგიონებთან დიალოგის დაწყება სურს.

საბოლოო ჯამში, ისტორიკოსები პუტინის განცხადებას ჰიდბრიდული ომის პირობებში ისტორიის პროპაგანდისტული მიზნებით გაყალბებად აფასებენ, რომლის ერთადერთი მიზანია, საბოლოოდ მიითვისოს საქართველოს ტერიტორიის ის 20%, რომელსაც დე ფაქტოდ დღეს უკვე აკონტროლებს.

ერთი რამ ცხადია, პუტინის რიტორიკა არ შეცვლილა, დამახინჯებული ისტორიული რეალობით, ის 2008 წელს რუსული ტანკების საქართველოს ტერიტორიაზე თარეშის გამართლებას ცდილობს...

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები