ავტორი:

"მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედგა და მილიონები მანდო" - "სამზარეულოს ომების" შეფი 30-წლიან კარიერასა და მიღებულ ჯილდოზე

"მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედგა და მილიონები მანდო" - "სამზარეულოს ომების" შეფი 30-წლიან კარიერასა და მიღებულ ჯილდოზე

"ვგძნობ თავს განხორციელებულად. აი, 1990 წელს დაიწყო და ავირჩიე ეს პროფესია დიდი სიყვარულით ჩავეხუტე და ჩავეჭიდე კბილებით და ფჩხილებით. ვინც ამ პროფესიას იცნობს, იცის რას ნიშნავს ეს - რამდენი საათი, რამდენი ტკივილი, რამდენი დაღლილი ღამე... რამდენი შობა და ახალი წელი... არა მეგობარი, არა ოჯახი, არა "გულავი", არა დასვენება და ბევრი სხვა რამ...

როცა ვხედავდი ჩემი მეგობრების სამსახურს, მათ "გულაობას", მათ შვებულებას, პლიაჟებს და ბევრი სხვა რამეს, რაც მე არ მქონდა… მაგრამ ვამაყობ ყველა იმ სამსახურით, ყველა იმ რესტორნით, ყველა იმ სამზარეულოთი, სადაც ჩემი კვალი დავტოვე. ვამაყობ ყველა იმ სამსახურით.

ვისწავლე, ვასწავლე, დავუშვი შეცდომები, მაგრამ ყოველთვის ვფიქრობდი ჩემს საქმეზე და იმაზე, რასაც ვქმნიდი. ვამაყობ ყველა ჩემი გადაწყვეტილებით, ვამაყობ რა გზაც გავიარე, რომელიც რთული იყო... ვიცი, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასავლელი. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით მედგა და თავისი მილიონები მანდო, მადლობა, ვინც ჩემთან ერთად გაიარა ეს გზები და მხარი დამიჭირა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მე რაიმე მასწავლა ცხოვრების ან პროფესიის. და დიდი მადლობა, რომ უფალმა მომცა და შემინარჩუნა სიყვარული და არა შური ადამიანის მიმართ", - ეს შეფის გურამ ბაღდოშვილის სტატუსი გახლავთ, რომელიც რამდენიმე დღის წინ კარიერის 30 წლისთავს მიუძღვნა, ამასთან, ის 2019 წლის საუკეთესო შეფად დასახელდა და "გო’ე’მიოს" მთავარი ტიტული დაიმსახურა. გურამი დღეისთვის "რუსთავი 2"-ის პოპულარული შოუს "სამზარეულოს ომები" ჟიური-არბიტრია და კმაყოფილია იმით, რომ კულინარიით საქართველოში სულ უფრო ბევრი ადამიანი ინტერესდება.

ჩვენი რესპონდენტი პორტუგალიის მოქალაქეა და ამ ქვეყანასთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს, თუმცა ბოლო დროს საქართველოშიც აქტიური საქმიანობა უწევს და თავის რესტორანში მისივე უნიკალური კერძების მომზადება.

- გილოცავთ, "გო’ე’მიოს" მთავრ ტიტულს...

- "გო’ე’მიო საქართველოში ერთ-ერთი მთავრი ფრანგული გზამკვლევია, ამიტომ, მნიშვნელოვანია, წლის საუკეთესო შეფის წოდებას რომ განიჭებს, თან, მაშინ როცა აქ ქვეყანაში არავინ გაღიარებს, ორმაგად სასიხარულოა საფრანგეთის მხრიდან ასეთი დაფასება. აქ ძირითადად ბოროტ კრიტიკასა და ერთმანეთის განადგურებაზეა ყველაფერი ორიენტირებული.

ყველაფერს სრულიად მატრომ მივაღწიე, არც ერთი ადამიანის იმედად არ ვყოფილვარ... კმაყოფილი ვარ, რადგანც ცხოვრებამ ბევრი რამ მანახა. ამ ბევრ რამეში ბევრი პოზიტიური ნოტიც იყო და და ნეგატიურიც, მაგრამ ყველაფერი მაინც პოზიტიურად უნდა აღვიქვათ.

- კარიერა 14-15 წლისამ დაიწყეთ. არ იყო რთული? ან ასე პატარას კულინარიული ინტერესები როგორ გაგიჩნდათ?

- ეს სფერო პატარაობიდან მიტაცებდა. ალბათ ეს ოჯახის დამსახურებაა, რადგანაც ყველა ფანტასტიკურად ამზადებდა - ბებიაჩემი, დედა, მამაჩემი. ამიტომ ჩვენს სახლში სუფრა სუფრაზე იშლებოდა და ამ საქმეში ყველა ჩართული იყო, ამიტომ, მაგიდას არც ვალაგებდით, უბრალოდ კერძებს ვამატებდით და ვამატებდით. ჩვენთან ოჯახში სუფრა და მასპინძლობა კულტი იყო. ყველაფერი კი იმაზე მიანიშნებს, რომ გასტრონომიული ოჯახი ვიყავით. ბანალური კერძები არასდროს გვქონია, სულ რაღაც უცხოს ამზადებდნენ. მამა მონადირე და მეთევზე იყო, ეს მისი სერიოზული ჰობი გახლდათ და უცხო კერძების მომზადების კუთხითაც დიდი გამოცდილება ჰქონდა.

- თქვენ კი კულინარიაში ყველაფერი უკვე სხვა საფეხურზე აიყვანეთ...

- იმედია, გამოჩნდებიან ახალგაზრდები, რომლებიც უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანენ. ცხოვრებამ, დრომ მაინც არ შემიწყო ხელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საუკუნემ. დღევანდელი საუკუნე კი უფრო სხვაა, ვიდრე გასული, რომ ჩვენი დარგი უკეთესად განვითარდეს.

- არადა, როგორც ვიცი, მუსიკალურ კარიერას გიწინასწარმეტყველებდნენ...

- 90 წლების დასაწყიში მოსკოვში ძალიან ახალგაზრდა წავედი, ერთ-ერთ რესტორანში შეფად ვმუშაობდი. იქ ერთხელაც ნასვამმა სიმღერა დავიწყე, ბენდმა მომიწონა, მომკიდეს ხელი და გნესინების მუსიკალურ სახელმწიფო სასწავლებელში წამიყვანეს. პრაქტიკულად, დამაძალეს და სამი წელი ვსწავლობდი. სომეხი რექტორი იყო, ხაჩატუროვი და მისი დაჟინებული მოთხოვნით, სასწავლებელს თავი არ დავანებე. თუმცა სიმღერა ხომ ყველა ქართველისთვის ბუნებრივი რამ არის...

- წლები უცხოეთში იყავით, ბოლო დროს საქართველოშიც საქმიანობთ, აქ ჩამოსვლა რამ გამოიწვია?

- ბათუმში სკოლა უნდა გაგვეხსნა, მაგრამ ამ სახელმწიფოში ყველაფერი ხომ ასეა, - ყოველდღე ვიღაც იცვლება. ეს იყო ძირითადი პრობლემა და მიზეზი, რატომაც ვერ განვახორციელეთ ჩანაფიქრი. საქართველოში ყოფნაც ამან გამოიწვია, მერე ხომ ვთქვი, რომ ახლა საუკეთესო დროა, რაღაც კიდევ ახალი გამოიგონო, შექმნა, განახორციელო, ასწავლო, მეტი შანსი მისცე სხვას. ამიტომ, ეს შანსი არ უნდა გაუშვა და ამას ვცდილობ.

- წლების განმავლობაში, გარდა იმისა, რომ მსოფლიოში არაერთი ცნობილი ადამიანი ყოფილა თქვენი კლიენტი, რაზეც არერთხელ გისაუბრიათ, მათ შორის არაერთი ქვეყნის პრეზიდენტიც ყოფილა. ამ პრეზიდენტებიდან სამი ქართველი იყო - ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი... ესეც ხომ თქვენი ბიოგრაფიის ნაწილია.

- კი, ასეა. ზვიად გამსახურდია სანამ ცოცხალი იყო, მალთაყვის ჩემპიონატის კომპლექსის გახსნაში მომიწია მონაწილეობა და ასე შევხვდი მას. ამიტომაც მისი პურმარილების გაშლა ჩემი საქმე აღმოჩნდა, რისთვისაც პრეზიდენტის პროტოკოლთან კონსულტაციებს გავდიოდი... მერე ედუარდ შევარდნაძე და კრწანისის რეზიდენცია იყო... ასევე მიხეილ სააკაშვილი...

- ქართულ სამზარეულოს მსოფლიოს სამზარეულოების ფონზე როგორ აფასებთ?

- ქართული სამზარეულო უნიკალურია და აქვე ამოუცნობი. საბჭოთა სამზარეულომ მასზე დიდი გავლენა იქონია, იმ კერძებმა, რომლებიც უკვე საოცრად გაცვეთილია. ქართული სამზარეულო და მისი გამორჩეული თვისებები, რაც კომუნისტურმა რეჟიმმა შთანთქა, ახალი აღმოჩენის ეტაპზეა. ამიტომ ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

- რას ნიშნავს "სამზარეულოს ომები" თქვენთვის?

- სანამ "სამზარეულოს ომები" იქნებოდა, "სამზარეულოს წესები" იყო. ამ ყველაფერმა უძლიერესი შედეგი დადო, რადგანაც კულინარიით უამრავი ადამიანი დაინტერესდა - ახალგაზრდა თუ ხანდაზმული. ყველას შეაყვარა ეს პროფესია. მე შევძელი, ჩენი სამზარეულო საბჭოთა ტერმინოლოგიისგან გამეწმინდა. ამასთან, რომ აღარ ვართ პოვრები და ვართ შეფები! ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანს აქვს პროფესია და ამ საქმეს პატივს სცემენ. თან, პრესტიჟული პროფესიაა.

შოუს კონკურსანტებს კი ამ პროფესიის მიმართ დიდ სიყვარულს, კრეატივს ვუსურვებ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს