ავტორი:

"სამზარეულოს ომების" შესანიშნავი ხუთეული რუხი კიტელებისთვის იბრძოლებს - გაიცანით ჯოზი და თამთა საუკეთესო კონკურსანტებიდან

"სამზარეულოს ომების" შესანიშნავი ხუთეული რუხი კიტელებისთვის იბრძოლებს - გაიცანით ჯოზი და თამთა საუკეთესო კონკურსანტებიდან

„სამზარეულოს ომებში“ შესანიშნავი ხუთეული გამოვლენილია, რომლებმაც წითელი კიტელები დაიმსახურეს. მომდევნო ტურში ისინი რუხი კიტელებისთვის იბრძოლებენ. ბრძოლისუნარიანობა და წინსვლის სურვილი არც ერთს აკლია. ვნახოთ, ვის გაუმართლებს. AMBEBI.GE კი ამჯერად ჯოზის და მის მეწყვილე თამთა დალაქიშვილს გაგაცნობთ.

ჯოზი:

- მეექვსე წელი იწყება, მზერეული ვარ. ამ ეტაპზე კაფე-რესტორნის სუშეფი გახლავართ. ძალიან მომწონს ეს საქმე. ვიცოდი, 12 კლასს რომ დავამთავრებდი, უნდა მესწავლა და ამ პროფესიას გავყოლოდი. ასეც მოვიქეცი, ჩავაბარე კულინარიის აკადემიაში. ვისწავლე თეორიული და პრაქტიკული საკითხები. ჩემი პირველი სამსახური იყო სასტუმრო „რუმსი“, სადაც სამზარეულოში დავიწყე საქმიანობა. საერთოდ, ბავშვობიდან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. მიჩვეული ვარ ამას, ბევრ რამეს ჩემით მივაღწიე და შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი თავი თვითონ შევქმენი. თავიდან ბოლომდე ვარ ამ სფეროში ჩართული და მასზე მთლიანად ვარ დამოკიდებული. სამზარეულოში დრო როგორ გადის, ვერ ვიგებ.

- ამ კონკურსში რატომ მოხვედი?

- მომეწონა თავად შოუს კონტენტი, რომელიც ითვალისწინებს უშუალოდ ქართული სამზარეულოს წამოწევას და ამ კონკურსში ჩართული თითოეული მონაწილე ქართული კულინარიის, სამზარეულოს განვითარებაში რომ მონაწილეობს და პროფესიულ უნარ-ჩვევებს მეტად იმუშავებს. მოკლედ, ამ ყველაფერმა ძალიან დამაინტერესა. პირველ რიგში, რაც პროექტში მონაწილეობით მივიღე, ეს დიდი სიამოვნებაა, ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის გამოცდილება. როცა გეუბნებიან, - კერძი უნდა გადააკეთო, უნდა დადააკეთო. ეს მაქსიმალური ფორსმაჟორული მდგომარეობაა. თუ გაუმკლავდები, კარგი უნარ-ჩვევები გიმუშავდება. ასე რომ, აქ მიღებული დიდი გამოცდილება ცხოვრებაში დამეხმარება. ყველაზე მთავარი კიდევ რაც არის, თუ მაღალი ხარისხის ქართულ პროდუქტს, ქართულ კერძს „დადებ“, ეს კიდევ უფრო მაგარია, დიდი გამოცდილებაა. საბოლოოდ კი, დიდ სიამოვნებას იღებ.

- ქართული სამზრეულო შენთვის რა არის?

- ერთი დიდი სიამოვნება - როდესაც ვმუშაბ ქართულ კერძებზე, თუ სწორად გაკეთდა ყველაფრი, ქმნი გემოების ჰარმონიას, ასევე საინტერესოა კერძების გათანამედროვებაც. რაღაცას დაამატებ, პატარა ტექნიკურ მხარეს „მიხედავ“ და კერძს უკვე მაღალ ხარისხში აიყვან. რაც ასევე დიდი სიამოვნებაა. ტექნიკური თვალსაზრისით, ყველა კერძის წინ წამოწევა შეიძლება. რაიმე კონკრეტული კერძი არ მაქვს, რომ ის უფრო მიყვარს და მას უფრო გარდავქმნიდი. თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს და ერთმანიეთისგან ყველა განსხვავდება.

- მეწყვილე თამთაზე რას გვეტყვი?

- მე და თამთამ ერთმანეთი სამსახურში გავიცანით. მას მერე თითქმის ერთად ვმუშაობთ - ერთი ობიექტი გამოვიცვალეთ და მეორეშიც გადავედით. მოკლედ, სამსახურიც გვაკავშირებდა, ერთად მუშაობა ვიცოდით და ამიტომ აღმოვჩნდით შოუშიც წყვილში. აქ კიდევ უფრო დავმეგობრდით, მეტად განვიხილავთ სამზარეულოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს და კარგად ვეწყობით.

- კონკურსანტები, ანუ კონკურენტები მოგწონს?

- ჯერ დავიწყოთ იმით, რომ შოუს სახელწოდება სწორედაც რომ ამართლებს „სამზარეულოს ომები“. მართლა ომია - ისეთი რთული ეტაპები გამოვიარეთ. ძალიან მაგარი ბიჭები და გოგოები არიან, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე შოუში ძლიერი კონკურსანტები იყვნენ, სასაწაული ფინალური ათეული შედგა, მაღალი ხარისხის მასტერკლასი ჩატარდა. სუპერშოუა. მადლიერი ადამიანი ვარ და აქამდე რაც შოუში მოხდა, ეს ყველაფერი ჩემთვის უკვე გამარჯვებაა! თუნდაც ის რად ღირს, რომ ასეთ და ამხელა კვალიფიციურ შეფებთან მომიწია გამოსვლა, რომლებიც გვაფასებდნენ, რჩევას გვაძლევდნენ. საწუწუნოც არაფერი გვაქვს, ფინალურ 5-ეულშიც გავედით. ბოლო-ბოლო წითელი კიტელი მოვირგეთ. ეს, ხომ ვამბობ, ჩემთვის გამარჯვების ტოლფასია. შოუს მსვლელობისას კორონავირუსი გადავიტანე, ამიტომ მადლობა და აპლოდისმენტები ჩემს მეწყვილეს, მარტო ასპარეზობდა...

ჯოზის მეწყვილემ თამთა დალაქიშვილმა მზარეულობა 16 წლის ასაკიდან გადაწყვიტა და ამბობს, რომ ამ სფეროში იქიდან მოდის. დაამთავრა აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია. უხარია, რომ ეს დარგი საქართველოში ნელ-ნელა ვითარდება და სულ უფრო მაღალ საფეხურზე ადის. „ჩემი პროფესიით უკვე 4 წელია, ვმუშაობ, ვერ წარმომიდგენია სხვა სფეროში საქმიანობა და სხვა სამსახური. ვაპირებ, მომავალშიც ამ პროფესიით ვიცხოვრო და მონაწილეობა მივიღო ამ დარგის განვითრებაში. ეს არის სერიოზული პროფესია და არა ჰობი და გატაცება. მინდა, ასეთი დამოკიდებულება და შეფასება მეტად დამკვიდრდეს. კარგი პროფესიაა, რაც მაძლევს საკუთარი თავის მეტად გამოვლენის საშუალებას და დიდ სიამოვნებას,“ - აღნიშნავს თამთა.

თამთა:

- ქართულ სამზარეულო რა არის შენთვის?

- ზოგადად ადამიანი საიდანაც არის და რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობს, მისთვის იქ არსებული სამზარეულო ნომერ პირველია. ამიტომ, ქართული სამზარეულო ჩემთვისაც პირველია. ქართული კერძები რომ არ მომწონებოდა, არ შემყვარებოდა, არ გამეკეთებინა და სიამოვნება არ მიმეღო, პირველ ადგილს ალბათ არ მივანიჭებდი.

- ხელშეუხებელი კერძი შენთვის რომელია?

- ასეთი კერძი არის ჩქაფული და ხინკალი. როგორიც არის, ისეთი უნდა დარჩეს. არ უნდა შეიცვალოს, არ უნდა მოხდეს მისი გარდასახვა ისე, რომ გემო დაეკარგოს, ან წვნიანობა. ამიტომ ცოტა რთულია მასთან შეჭიდება... პროექტში რატომ მოხვედიო, - მკითხეთ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ბევრი ხალხი გამეცნო, მეტი მესწავლა. ასეც მოხდა, ბევრი ხალხი გავიცანი და ბევრი რამ ვისწავლე. რასთანაც ახლა მიწევს შეხება, აქამდე არ მქონია და მიხარია, რომ ამ პროექტში მოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ახალ გაცნობილ ადამიანებს შორის კარგი მზარეულები არიან. ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი.

- რთული პერიოდი კი გამოიარეთ. კონკურსანტებმა ბევრ წინააღმდეგობას გაუძელით.

- კი, რთული იყო და ყოველი გადაღების დროს ამოცანა რთულდებოდა, მაგრამ საინტერესო იყო, უცებ რომ იგებდი, - რა უნდა გაგეკეთებინა და რა უნდა მომხდარიყო. მოკლედ, საინტერესო იყო ჩემთვის. კონკურსანტებს რაც შეეხება, დიდი კონკურენცია იყო. ყველანი კარგები არიან და წარმატებას ვუსურვებ ყველას. თითოეულს მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება ჩემს მეწყვილეს - გამიმართლა, რომ ასეთი მეწყვილე მყავს. ერთად შევძელით ის, რაც გვინდოდა.

- მზარეულის რა მთავარ თვისებებს გამოყოფდი?

- გამძლეობა, მოთმინების უნარი, კარგი ფსიქიკა სჭირდება და რაც მთავარია, საკუთარი პროფესიის სიყვარული. თუ არ გიყვარს და ოდნავ მაინც ეჭვი გეპარება, მუშაობა გაგიძნელდება. ამიტომ უნდა დაფიქრდე - გაჰყვები ამ პროფესიას თუ არა.

- რა ისწავლე ამ შოუში ისეთი, რასაც შენს საქმიანობაში გამოიყენებ და ამ პროექტს გაგახსენებს?

- ბევრი წვრილმანია, ასეთ კარგ შეფებთან მქონდა ურთიერთობა და მათგან როგორ არ ვისწავლიდი? მოკლედ, არის რაღაც წვრილმანები, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ. უნდა ვთქვა, რომ ჩემი თავის მინუსებიც დავინახე. ესეც ძალიან კარგია. საბოლოოდ კი, ამ შოუთი კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ნამდვილად ჩემი პროფესიაა, რომ ამით უნდა ვიცხოვრო. მე ვიპოვე ჩემი თავი ამ საქმეში.

"რეზო გაბრიაძის სამყარო - ეს საქართველოა" - "მარიონეტების მძევალი" გენიოსი

ყვითელი სადღესასწაულო კაბა და უარი "დეპრესიულ ცხოვრებას" - როგორ და ვისთან ერთად აღნიშნა ანჯელინა ჯოლიმ დაბადების დღე (ფოტოები)

"მან ესპანური პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა, "კვირის არტისტად" აღიარეს" - ქართველი მეცოსოპრანოს ტრიუმფი სევილიაში