ავტორი:

"დიდი ამბები გამოუწვევია ჩემ სტატუსს" - ნიკა მელიას განცხადებების გამო, "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ერთმანეთს უპირისპირდებიან

"დიდი ამბები გამოუწვევია ჩემ სტატუსს" - ნიკა მელიას განცხადებების გამო, "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო" ერთმანეთს უპირისპირდებიან

მიმაჩნია, რომ მელიას მიმართ წაყენებული ბრალდებები სამართლებრივად არის სრული აბსურდი, პოლიტიკურად კი უტიფარი მცდელობა, მოიხსნან პასუხისმგებლობა, რაც მთლიანად ივანიშვილის ხელისუფლებას და პირველ, რიგში გახარიას ეკისრება. მაგრამ ამავდროულად, მთლიანად ვიზიარებ ოთარ კახიძის პოზიციას, რომ მელიას განცხადება პოლიტიკურად უპასუხისმგებლო იყო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს.

„ამ ტიპის განცხადებები, სხვა ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, სულ მცირე, ივანიშვილს უადვილებს პროპაგანდას. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ სამართლიან კრიტიკას უნდა შეეგუოს. ან არ შეეგუოს და აწარმოოს ამაზე დისკუსია“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, 20 ივნისის ღამესთან დაკავშირებით ოთარ კახიძემ ყველა აქცენტი ზუსტად დასვა.

„მსურს გამოვეხმაურო ოთო კახიძის მოსაზრებებს 20 ივნისის ღამის შესახებ, რომელიც სოფო ვერძეულის დასკვნის გამოქვეყნებას მოყვა. ვთვლი, რომ ოთომ ზუსტად დასვა ყველა აქცენტი.

1. კრიზისის განსამუხტად იმ დღესვე უნდა გადამდგარიყო პარლამენტის თავმჯდომარე;

2. პარლამენტში შეჭრის აღსაკვეთად, სპეცრაზმის მომიტინგეების პირისპირ, პარლამენტს გარეთ დაყენება გაუგებარი და გაუმართლებელია. სპეცრაზმი უნდა მდგარიყო ალაყაფს შიგნით და დაეკავებინათ ყველა, ვინც შეჭრას შეეცდებოდა;

3. რა თქმა უნდა, მომიტინგეები უნდა გაეფრთხილებინათ მკაფიოდ და გარკვევით ადგილზე, თუ ძალადობრივად შლიდნენ აქციას;

4. პრინციპულად არასწორია ქალბატონი ვერძეულის შეფასება, რომ რამდენიმე ათეული პირის ძალადობრივი ქმედება, ათიათასკაციან მიტინგს აქცევდა ძალადობრივად;

5. ის, რომ გამოყენებული ძალა დანაშაულებრივად დისპროპორციული იყო, ამაზე სრული კონსენსუსია“, - წერს გიგა ბოკერია.

მისიევ თქმით, საზოგადოების მთავარი სამიზნე არის ივანიშვილის ხელისუფლება.

„მინისტრი გახარია უნდა გადადგეს არჩევნებამდე, ივანიშვილის ხელისუფლება მთლიანად, კი უნდა დავამარცხოთ შემდეგ პროპორციულ არჩევნებში“, - წერს ბოკერია.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე კი ოთარ კახიძისგან განმარტებას ითხოვს. ამის შესახებ ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ევროპულმა საქართველომ" უნდა გააკეთოს განმარტება, ის, რაც, ოთო კახიძემ ნიკა მელიას მისამართით განაცხადა, არის მისი პირადი აზრი, რასაც პარტია ასევე საჯაროდვე (იმედია) გაემიჯნება, თუ იზიარებთ, რომ ნიკა მელიამ რამე დააშავა, როცა ხალხს "მშვიდობიანად" და "ხელებაწეულებს" პარლამენტის ეზოში შესვლისკენ მოუწოდა?

რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამ მნიშვნელოვან ფაზაში ეს ძალიან პრინციპული საკითხია, სახელმწიფო ბრალდებას ახმოვანებთ და მათ აზრს იზიარებთ, თუ ნიკას გვერდით დგახართ?“, - განაცხადა ბარამიძემ.

კატეგორიულად ვემიჯნები, ახლაც და სხვა დროსაც გავემიჯნები მსგავს უპასუხისმგებლო მოწოდებებს და ვერანაირი პარტიული კონიუნქტურა ვერ მაიძულებს სიმართლის ნაცვლად, ტყუილი ვილაპარაკო, - ასე პასუხობს დეპუტატი ოთარ კახიძე მისი მისამართით “ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას.

კახიძე “ფეისბუქის“- გვერდზე წერს, რომ ნიკა მელიას მოწოდება იყო პოლიტიკურად უპასუხისმგებლო, მიზანშეუწონელი, შეცდომა და არასწორი საქციელი ლიდერის მხრიდან. მისივე შეფასებით, როგორც მინიმუმ, ხელისუფლებას ამით მიეცა საბაბი, ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში დაედანაშაულებინა.

“დიდი ამბები გამოუწვევია ჩემ გუშინდელ სტატუსს, სადაც სოფო ვერძეულს ვპასუხობდი გავრილოვის ღამის მისეულ ანალიზზე.

მთავარი თავდასხმა „ნაცმოძრაობის“ მომხრეებისგან მივიღე მესამე პუნქტზე, რომელიც მელიას მოწოდებას ეხება.

“ქართული ოცნება” ამბობს, რომ აღნიშნული მოწოდება იყო დანაშაული, რაშიც არ ვეთანხმები, რადგან ძალადობისკენ მელიას არ მოუწოდებია, ამბოხი და გადატრიალებაც სრული ნონსენსია სამართლებრივად.

ჩემი ეს პოზიცია ნათლად დავაფიქსირე იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების სხდომაზე, სადაც მელიას იმუნიტეტის მოხსნის საკითხი განიხილებოდა.

ასევე დავაფიქსირე სასამართლოში, სადაც ვიყავი მელიას თავდები და ვისაუბრე წარდგენილი ბრალდების აბსურდულობაზე.

მაგრამ ბუნებრივია, მაქვს ჩემი აზრი და მისი ქმედების პოლიტიკური შეფასება.

მე ვამბობ, რომ მელიას მოწოდება იყო პოლიტიკურად უპასუხისმგებლო, მიზანშეუწონელი, შეცდომა და არასწორი საქციელი ლიდერის მხრიდან. როგორც მინიმუმ, ხელისუფლებას ამით მისცა საბაბი, რომ ოპოზიცია დესტრუქციულ ქმედებებში დაედანაშაულებინა.

და ნაცმოძრაობის პოზიცია როგორია?

პარლამენტში მომიტინგეების “მშვიდობიანად” “ხელაწეული” შესვლის მოწოდება მისაღებია? და ამას ვინც არ ეთანხმება, ბიძინას მოსყიდულია?

კატეგორიულად ვემიჯნები, ახლაც და სხვა დროსაც გავემიჯნები მსგავს უპასუხისმგებლო მოწოდებებს და ვერანაირი პარტიული კონიუნქტურა ვერ მაიძულებს, სიმართლის ნაცვლად, ტყუილი ვილაპარაკო.

გავრილოვის ღამის მოწყობაში დამნაშავეა ივანიშვილის ხელისუფლება და მინისტრი გახარია. მელიას მოწოდება კი არის უპასუხისმგებლობა და მძიმე პოლიტიკური შეცდომა.

"მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,

ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად", - წერს ოთარ კახიძე.

შეხვედრა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში - რაზე შეთანხმდნენ ოპოზიციისა და უმრავლესობის ლიდერები?

"არაერთხელ გვაქვს მოსმენილი - "ახლა  ჩამოვალ", "ახლა  ჩამოვალ", თუ უნდა ჩამოვიდეს, მე რაში უნდა მჭირდებოდეს?" - ჯაფარიძე სააკაშვილზე

"ვარ აბსოლუტურად მიკნავლებული...არ ვიცი აქციაზე ვიქნები, თუ არა" - გრიგოლ ვაშაძემ წამყვანებს სტუდიაში გამოუცხადა, რომ სიცხე აქვს