ავტორი:

"წლების წინ მისმა ძმამ თავი მოიკლა... მამამ შვილის საფლავზე ჩამოიხრჩო თავი" - რას ყვებიან თბილისში დაღუპული არასრულწლოვანი მუშის შესახებ

"წლების წინ მისმა ძმამ თავი მოიკლა... მამამ შვილის საფლავზე ჩამოიხრჩო თავი" - რას ყვებიან თბილისში დაღუპული არასრულწლოვანი მუშის შესახებ

16 ივლისს, მშენებლობაზე მომხდარ კიდევ ერთ უბედურ შემთხვევას მუშა ემსხვერპლა. გარდაცვლილი არასრულწლოვანი იყო - 17 წლის გიორგი ბეშკენაძე, რომელიც ლაგოდეხიდან თბილისში სამუშაოდ ჩამოვიდა, მშენებლობაზე ლიფტის შახტაში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ლაგოდეხში, იმ სოფლის ბინადრები, სადაც გიორგი ცხოვრობდა, ამბობენ, რომ ბეშკენაძეების ოჯახი მძიმე ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობდა და არასრულწლოვანი ბიჭი იძულებული იყო სკოლა მიეტოვებინა, რათა ოჯახი ერჩინა:

"ჩემი მეზობელი იყო ეს ბიჭი... ამ ოჯახში ტრაგედია აქამდეც მოხდა - დაახლოებით 7 წლის წინ გიორგის ძმამ თავი მოიკლა, მაშინ ისიც არასრულწლოვანი იყო. შვილის სიკვდილი უმძიმესი დარტყმა იყო ოჯახისთვის და 4 წლის თავზე, მამამ შვილის საფლავზე ჩამოიხრჩო თავი... მას შემდეგ ოჯახის რჩენას გიორგი ცდილობდა. როგორც ვიცი, სკოლაშიც აღარ დადიოდა ამის გამო... დღიურად ეხმარებოდა ადგილობრივებს, მიზერული თანხა 15-20 ლარი რომ ეშოვა და საკუთარი თავი და დედა ერჩინა", - განუცხადეს ადგილობრივებმა AMBEBI.GE-ს.

ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ ადგილობრივ თვითმმართველობაშიც. სოფლის რწმუნებულის ინფორმაციით, ბეშკენაძეები ხშირად სარგებლობდნენ სოციალური დახმარების პროგრამებით. თუმცა, ბოლოს ერთი წელი მათ სოფლის რწმუნებულის აპარატისთვის აღარ მიუმართავთ:

"ოჯახი სოფელ გვიმრიანიდანაა, ეს სოფელი აფენის თემში შედის. მამის სიკვდილის შემდეგ, ბეშკენაძეებს ფინანსურად ძალიან გაუჭირდათ და ჩვენ რაც შეგვეძლო, ვეხმარებოდით. მივდიოდით ოჯახში, ვიცოდით მათი მდგომარეობა. ეს ბიჭიც სულ შრომობდა, მაგრამ ერთი წელია ოჯახი სოფელ გვიმრიანში აღარ ცხოვრობდა, გვერდით სოფელში გადავიდნენ დეიდის სახლში საცხოვრებლად. მას შემდეგ დახმარებისთვისაც აღარ მოუმართავთ", - აღნიშნა სოფლის რწმუნებულმა გია გაფრინდაშვილმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

რაც შეეხება მშენებლობას, სადაც არასრულწლოვანი მუშა დაიღუპა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა იქ რამდენიმე დარღვევა აღმოაჩინეს.

დეპარტამენტის წარმომადგენლის მაია მიქაიას თქმით, შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანულ კანონში არის ნორმა, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, არ დაასაქმოს ობიექტზე, მომატებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე არასრულწლოვანი. მან იმ დარღვევებზეც ისაუბრა, რომელიც მშენებარე კორპუსში გამოვლინდა:

"პირველადი მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ობიექტზე მიმდინარეობდა ლიფტის სარემონტო სამუშაოები, კერძოდ, ბაგირის შეცვლა. სამუშაოები მიმდინარეობდა პასუხისმგებელი პირის გარეშე, ასევე, ობიექტზე სხვა დასაქმებულებმა ვერ წარმოადგინეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლითაც ახორციელებდნენ სამუშაოებს.

რაც შეეხება სწავლების ნაწილს, იყო თუ არა დასაქმებული ინფორმირებული, როგორ უნდა განეხორციელებინა სამუშაოები, როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, დამსაქმებელი მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განმარტებებით შემოიფარგლებოდა. შესაბამისად, არ ტარდებოდა სრულყოფილი სწავლება.

ველოდებით, რომ კომპანია მოგვაწვდის დოკუმენტაციას და სწორედ ამ დოკუმენტების შესწავლით, ობიექტის დათვალიერების შემდგომ ექნება ინსპექციას საშუალება, დადოს სრულყოფილი დასკვნა, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა. უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა სამუშაოები, ამის თქმა შეიძლება", - განაცხადა მიქაიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე- 2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო