ავტორი:

"მიცვალებული მინით დახურულ აკლდამაში იწვა... დედა 6 თვეში ერთხელ ხელახლა უკეთებდა ბალზამირებას" - საოცარი ისტორიები კუკიის სასაფლაოდან

"მიცვალებული მინით დახურულ აკლდამაში იწვა... დედა 6 თვეში ერთხელ ხელახლა უკეთებდა ბალზამირებას" - საოცარი ისტორიები კუკიის სასაფლაოდან

სტუდენტი გურანდა ბენიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს კუკიის სასაფლაოზე გადაღებული უძველესი საფლავების ფოტოებს, რომელთაც განსაკუთრებული ისტორია აქვთ.

მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია შიშველი მამაკაცის ქანდაკება, რომელიც ჩაკეტილ კარზე აკაკუნებს:

"კაკუნი სამოთხის კარზე... ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ეს ძეგლი იქნებოდა მუზეუმში, საქართველოში კი თქვენც ხედავთ რა მდგომარეობაშია. მესაფლავემ მითხრა, ხშირად ვასუფთავებთ, სანახავად ბევრჯერ მოდიან, მაგრამ მის დაკონსერვებას ან მუზეუმში გადატანას არავინ ფიქრობსო... საკმაოდ ძველი საფლავია, არც სახელი არ არის შემორჩენილი და არც არავინ აკითხავს პატრონი. გასაოცარი ოსტატობითაა შექმნილი, კუნთებიც კი გამოკვეთილია..." - წერს ახალგაზრდა გოგონა.

ასევე განსაკუთრებულია კიდევ ერთი საფლავის ისტორია, რომელიც სასაფლაოს შესასვლელიდან არც ისე შორს მდებარეობს. როგორც გურანდა ბენიძე ყვება, ეს არის აკლდამა, სადაც ახალგაზრდა კაცი და მისი დედა განისვენებენ...

როდესაც 1943 წელს სამამულო ომში დავით ვაშაკიძე დაიღუპა და დედისთვის შვილის დაღუპვის ცნობა მიუტანიათ, მას სახლი გაუყიდია, შვილის ცხედარი ჩამოუსვენებია, კუკიაზე დაუკრძალავს და თვითონაც იქ დაუდია ბინა... კედელზე დაჭრილი, მწოლიარე ჯარისკაცია გამოსახული, რომელსაც ჭრილობიდან სისხლი სდის. დედას საფლავზე სინათლეც გაუყვანია...

მიცვალებული მინით დახურულ აკლდამაში იწვა, სადაც კიბეც ჩადიოდა. ყოველ ექვს თვეში ერთხელ დედას ექიმი მიჰყავდა და ცხედარს ხელახლა უკეთებდა ბალზამირებას... იქვე კი ტახტი იდგა, სადაც დედა იძინებდა. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. როდესაც ქალი გარდაიცვალა, შვილის გულზე დამარხეს და საფლავი მიწით ამოავსეს. გარდაცვლილ ქალბატონს ჭირისუფალი არ ჰყოლია. ის სასაფლაოს თანამშრომლებმა გააპატიოსნეს და მიწას მიაბარეს...

კუკიის სასაფლაოს უზარმაზარი ტერიტორია უჭირავს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ის ყველაზე ძველი სასაფლაოა (ოთხ საუკუნეს ითვლის), წარმოიდგინეთ, რამდენი სიყვარული და ტკივილია აქ დამარხული. პეტრე (ბიჭიკო) მინასიანი სასაფლაოზე 20 წელზე მეტხანს მუშაობდა, ის კუკიის სასაფლაოს მიმდებარედ ცხოვრობს და შესაბამისად, უამრავი საფლავის ისტორია იცის... აი, რას ყვებოდა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მესაფლავე:

"უამრავი ქანდაკება გაქრა. ზოგი მოიპარეს, ზოგმაც დროს ვერ გაუძლო, მაგრამ უძველესი, თეთრ მარმარილოში გამოკვეთილი ქანდაკებები კიდევ არის შემორჩენილი. თეთრი მარმარილო საქართველოში არ მოიპოვება და ქანდაკებებს იტალიასა და საფრანგეთში უკვეთდნენ იქაურ ოსტატებს. აქ სტალინის პირველი მეუღლე, ეკატერინეა დაკრძალული. ასევე, იტალიელი ფონტანა როსი, რომელმაც ფუნიკულიორი ააშენა, კიდევ - ადოლფ როლოფი, ის ბოტანიკური ბაღის დირექტორი გახლდათ.

საინტერესო საფლავი აქვს ნორვეგიელ დაგნი პშიბიშევსკას, რომელიც ედვარდ მუნკის მუზა იყო... ბევრი გვთხოვს, წინაპრის დაკარგული საფლავი ვაპოვნინოთ. მაგალითად, თბილისის ყოფილ მერს, ნიკო ლეკიშვილს ბებია-ბაბუის საფლავი ვაპოვნინეთ. აქ 1773 წელს რუსეთ-ოსმალეთისა და 1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებიც არის.

- ამბობენ, ფიროსმანის საფლავიც აქ არის...

- ამბობენ, რომ აქ არის დაკრძალული, მაგრამ არა მგონია, მისი პოვნა ოდესმე ვინმემ შეძლოს. ოფიციალურ დოკუმენტში მითითებულია, რომ "მიხეილის საავადმყოფოდან" გამოასვენეს და უახლოეს სასაფლაოზე დაკრძალეს. უახლოესი ან კუკია გახლავთ, ან - პეტრე-პავლეს სასაფლაო, თუმცა, კუკია უფრო ახლოსაა.

უთვისტომოებს სასაფლაოს ღობის ძირას ასაფლავებდნენ და არც წარწერას უკეთებდნენ. სადაც მაშინდელი სასაფლაოს ღობე იყო, ახლა იქ მოსახლეობა ცხოვრობს. ალბათ, რომელიღაც სახლის ქვეშ არის მოყოლილი წაიკითხეთ ვრცლად

ფოტო: გურანდა ბენიძე

"საქართველოს მოქალქეებს აღარ დაჭირდებათ არალეგალური გზების ძიება ისრაელში სამუშაოდ ჩამოსასვლელად" - რა სიახლეზე წერს ელჩი ლაშა ჟვანია

ვინ იყვნენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიაში იმ დროს, რა პერიოდითაც პროკურატურა დაინტერესდა?

covid-19-ის მქონე რომელ პაციენტს მიენიჭება 10 დღის შემდეგ გამოჯანმრთელებულის სტატუსი - რა აჩვენა კვლევამ და რას ითვალისწინებს ახალი პროტოკოლი