ავტორი:

ვინ იყვნენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიაში იმ დროს, რა პერიოდითაც პროკურატურა დაინტერესდა?

ვინ იყვნენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენ კომისიაში იმ დროს, რა პერიოდითაც პროკურატურა დაინტერესდა?

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის (სახელმწიფო საზღვრის დადგენის) საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საგამოძიებო უწყებამ გუშინ გაავრცელა. პროკურატურის ცნობით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

საუბარია კომისიაზე, რომელიც დემარკაციის საკითხზე 2006-2007 წლებში მუშაობდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ ახალმა კარტოგრაფიულმა მასალებმა 2006-2007 წლის შეთანხმება შეცვალოს.

"ჩვენი მხრიდან მოძიებულია ახალი დამატებითი კარტოგრაფიული მასალები და მოწოდებულია აზერბაიჯანისთვის. ამ მასალების გაანალიზების შედეგად, არ გამოვრიცხავ 2006-2007 წლებში მიღწეული შეთანხმების გადახედვა გახდეს საჭირო. ვიმედოვნებ, გვექნება პროგრესი. კომისიამ ეს საკითხი ორმხრივად უნდა გადაწყვიტოს, ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოდ. ორივე მხარეს კონსტრუქციული მიდგომა აქვს ამ საკითხზე",- განაცხადა ზალკალიანმა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი, რომლის პრეზიდენტობის პერიოდშიც მუშაობდა კომისია, ამბობს, რომ ის, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა.

"ის, რაც იკადრეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, ჩვენი უწმინდესი ადგილის, გარეჯის მიმართ, ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია. სხვათა შორის, ამის შესახებ ჟურნალისტები საუბრობენ უკვე რამდენიმე კვირაა. მინდა გითხრათ, რა აქვთ მათ ამ პროვოკაციის შემდეგი ეტაპები - ისინი აპირებენ, ჯერ ალაპარაკონ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ მან რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან ამ ტერიტორიების გასხვისებისთვის, შემდეგ ისინი აპირებენ გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ამ მიწების გასხვისებისთვის ფული გადაიხადეს, 60 თუ 80 მილიონი, რაც დაიბადება ФСВ-ს პროპაგანდისტების და ივანიშვილის თავში. მერე ამაზე ააგებენ მთელ ამბავს, რომ ჩვენ ქართული მიწა გავყიდეთ" - ამბობს სააკაშვილი.

ვინ იყვნენ კომისიის წევრები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის საკითხზე 2006-2007 წლებში მუშაობდნენ? - ინფორმაცია განთავსებულია matsne.gov.ge-ზე და ირკვევა, რომ კომისიაში 10 პირი იმყოფებოდა.

ესენი იყვნენ:

გიორგი მანჯგალაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ვახტანგ დათუნაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების დაგეგმარებისა და სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი

ნატალია ილიჩოვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების დაგეგმარებისა და სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილების უფროსი ოფიცერი

ვალერიან იმნაიშვილი – საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მთავარი მრჩეველი

ირაკლი ლეჟავა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსი

ივერი მელაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის რეფერენტი, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი

ზურაბ ტატიშვილი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ტოპოგრაფიული სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი

რუსუდან ტუშური – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

ლევან წურწუმია – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო-სამართლებრივი დეპარტამენტის მრჩეველი, კომისიის მდივანი

ლევან ჯღარკავა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსი.

საჭიროა, თუ არა საქართველოში "რემდესივირის" შემოტანა? - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკულად განწყობილ ექიმებს პასუხობს

როგორ იმუშავებენ მატარებლები საახალწლო დღეებში

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი