ავტორი:

რამზან კადიროვმა დაცვაში 6 წლის ბიჭი აიყვანა - "ეს კაციჭამია მდაბიო პიარსვლებით იმ კოშმარის გადაფარვას ცდილობს, რაც ჩეჩნეთში ხდება..."

რამზან კადიროვმა დაცვაში 6 წლის ბიჭი აიყვანა - "ეს კაციჭამია მდაბიო პიარსვლებით იმ კოშმარის გადაფარვას ცდილობს, რაც ჩეჩნეთში ხდება..."

ჩეჩნეთის ლიდერმა თავის პირად დაცვაში 6 წლის გროზნოელი ბიჭუნა - მაგომედ ემი გაზიევი დანიშნა. ამის შესახებ Газета.Ru რამზან კადიროვის "ინსტრაგრამზე" დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, მას შემდეგ რაც კადიროვმა მოზარდის მშობლების მიერ გამოქვეყნებული ვიდეო ნახა, სადაც ბავშვი კადიროვის ფოტოს კოცნის და აცრემლებული ამბობს, რომ ოცნებობს კადიროვის დაცვაზე და დედ-მამას სთხოვს, ამის უფლება მისცენ, გადაწყვიტა, ბიჭს ნატვრა აუსრულოს.

"დღეიდან აღარაფერზე ვნერვიულობ. მე პროფესიონალი დაცვა გამომიჩნდა - 6 წლის მაგომედი. ბევრი იტყვის, რომ ის ჯერ კიდევ ძალიან პატარაა სპეცრაზმისთვის, მაგრამ მისი ასაკის მიუხედავად ბიჭი მამაცი და მიზანდასახულია. ის მზადაა ჩემს გამო ნებისმიერი თავდასხმა მოიგერიოს! მე ის ჩემთან მოვიწვიე და ჩავაბარე პირადი დაცვის მეთაურის პოსტი. ბიჭი აღჭურვილია სრული ამუნიციით - გროზნოს ბავშვთა მაღაზიებში მისთვის აუცილებელი იარაღი და ტრანსპორტია შეძენილი.

ვულოცავ მაგომედს ამ საპასუხისმგებლო პოსტს და ვუსურვებ ნამდვილი პატრიოტი და ერის დამცველი გაიზარდოს" - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კადიროვის ოფიციალურ სოციალურ გვერდებზე გამოქვეყნდა.

უფლებადამცველები კადიროვის მსგავს ნაბიჯებს "უნიჭო პიარს" უწოდებენ, რადგან მათივე ცნობით, ის ყველაფერს თავისი ძალაუფლებისთვის იყენებს. რამდენიმე დღის წინ, კადიროვმა მათ ჩეჩნეთის ხელისუფლებაზე მუდმივი თავდასხმისთვის "ტერორისტებზე უარესი" უწოდა, რაც არა მხოლოდ ჩეჩნეთში, რუსეთის თითქმის ყველა რესპუბლიკაში მათ პირდაპირ მუქარად მიიღეს.

"ეს კაციჭიმია ასეთი მდაბიო პიარსვლებით იმ კოშმარის გადაფარვას ცდილობს, რაც ჩეჩნეთში ხდება... ვიღაცეები წერენ: მოტივს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, კარგ საქმეს აკეთებსო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს! ჯერ კარგად გაერკვიეთ, რას აკეთებს ჩეჩნეთში და მერე ისაუბრეთ..." - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

"კადიროვცების" კვალს უნდა ველოდოთ ყველგან, მთელ რუსეთში... ჩვენ კარგად ვიცით რა დგას ასეთი სიტყვების უკან. მსგავსი პათოსი იყო 2009 წელსაც მისი მხრიდან, მაშინაც ტერორისტებს შეგვადარა, რასაც ძალიან მალე ელენა ესტემიროვას მკვლელობა მოჰყვა... ახლა კი, კადიროვმა ეს სიტყვები ისევ გაიმეორა... ჩეჩნეთის ხელისუფლებაში მუდმივად ამბობენ, რომ ტერორისტები ყოველგვარი გასამართლების გარეშე, უკვალოდ უნდა გაქრნენ, ასეთივე დამოკიდებულება აქვთ უფლებადამცველების მიმართ..." - აცხადებს უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი Кавказский Узел-თან საუბარში.

რამდენიმე დღის წინ, კადიროვმა, გროზნოში დასასვენებლად ჩასული გოგონას შესახებ ისაუბრა, რომელსაც მშობლები ძალით ათხოვებდნენ, მოზარდმა კი დახმარებისთვის უფლებადამცველებს მიმართა.

"ეს გოგონა მოსკოვიდან ჩამოვიდა თავის მშობლებთან. ამათ კი ატეხეს ერთი ამბავი - მშობლები ძალადობენ, სცემენ, გათხოვებას აიძულებენო... ნუთუ არ შეიძლება საკუთარ შვილს ჭკუა დაარიგო? ვის უნდა შევუთანხმოთ ჩვენი ადათი და რწმენა? ვინ არიან უფლებადამცველები? ტერორისტები ადამიანებს ხოცავენ, ისინი კი მათ იცავენ. ტერორისტებზე უარესები არიან! ისინი კი არა, ჩვენ ვართ უფლებადამცველები" - ამბობს ჩეჩნეთის ლიდერი.

უფრო ადრე, ჩეჩნეთის კულტურის მინისტრმა ხოჟ-ბაუდი დაადევმა ჩეჩენ პოპ-მომღერლებს, რომლებიც სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგელობენ, მთავრობასთან შეთანხმების გარეშე სიმღერების საჯაროდ გამოქვეყნება და ინტერნეტგამოსვლები აუკრძალა.

დაადევის თქმით, მომღერლებმა რეპერტუარი კულტურის სამინისტროს სპეციალურ კომისიასთან უნდა შეათანხმონ, რადგან ხშირად მათი გამოსვლები ჩეჩნეთს გარეთ, თუნდაც ქორწილებში, სამარცხვინოა და მიუღებელია ისე იმღერონ და ის იმღერონ, როგორც მათ სურთ. შეხვედრაზე მომღერლები მინისტრს შეჰპირდნენ, რომ სპეციალურ კომისიასთან შეუთანხმებელ სიმღერის ტექსტს აღარ იმღერებენ...

კორონავირუსით დაავადებული 32 წლის ექიმი აღწერს, რა ემართება ადამიანის ორგანიზმს ინფიცირების შემდეგ

იტალიაში პატიმრები აბუნტდნენ - რა შედეგები მოჰყვა კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ციხეებში

იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა