გპირდებით, რომ ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, მე ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს, ეს ჭაობი შეიცვალოს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.
ხაზარაძემ მის მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც დაკომპლექტდება ახალი თაობით, რომელსაც უყვარს საქართველო, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, არ უნდა რუსული ორიენტაცია, ვინც ებრძვის ოკუპაციას.
"ერთი კვირის წინ გამოვაცხადე ორგანიზაციის დაფუძნება, საზოგადოებნრივი მოძრაობის, რომელიც იქნება ძალიან აქტიური, ძალიან დიდი და მის გეგმებს მალე გაიგებთ. ეს იქნება ძალიან ფართომასშტაბიანი, ეს იქნება აბსოლუტურად ახალი თაობა და ახალი პროფესიონალური ძალა. რომელსაც უყვარს საქართველო, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, არ უნდა რუსული ორიენტაცია, ვინც ებრძვის ოკუპაციას და უნდა, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ შედგეს წარმატებულ ქვეყნად. იქ ნეპოტიზმს და კლანურ მმართველობას, ერთპიროვნულ მმართველობას არ ჰქონდეს ადგილი", - განაცხადა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, "დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე".
"ეს ერთი პირი თქვენ იცით ვინც არის, ეს არის დირიჟორი, როემლსაც ძალიან ცუდი, უცოდინარი შემსრულებლები ჰყავს. გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. მათგან განსხვავებით პიროვნულად კი არ მაქვს ბოღმა ჩადებული გულში, მე ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს, ეს ჭაობი შეიცვალოს; ახალგაზრდა, ნიჭიერ ხალხს მიეცეს საშუალება თავისუფალი გადაწყვეტილების, მოსამართლეები იყვნენ თავისუფლები, პროკურორები იყვნენ კანონმორჩილები და კანონის შეასბამისად მოქმედებდნენ. ეს სისტემა, გარანტიას გაძლევთ, დაინგრევა ძალიან მალე, ესენი სახლში წავლენ და ყველა გონს მოეგოს. ამას არ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ დღეს გირაო დამადეს. თურმე 650 მილიონი უნდა შემოვიტანოთ ქვეყანაში და 700 ათასი ლარით გამაჩერეს, რომ ქვეყნიდან არ წავიდე. ეს არის სირცხვილი! ყველას გპირდებით, რომ ეს დამთავრდება ამ ქვეყანაში და ის მოტყუებული ხალხი, რომლებმაც ვიფიქრეთ 2012 წელს, რომ ქვეყანაში რაღაც შეიცვალა მივიღეთ აბსოლუტურად მეორე უკიდურესობა. ორი უკიდურესობის მსხვერპლი აღმოვჩნდით ჩვენ. ეს დამთავრდება", - განაცხადა ხაზარაძემ, რასაც სასამართლოს ფოიეში ტაში მოჰყვა.
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდათ. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ აეკრძალათ საქართველოს დატოვება საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).