ავტორი:

"ბიჭი კომაშია... გადარჩენის შანსი მინიმალურია" - 16 წლის მოსწავლის ამბავი, რომლის მდგომარეობაც რაჭაში რეანომობილის არქონამ დაამძიმა

"ბიჭი კომაშია... გადარჩენის შანსი მინიმალურია" - 16 წლის მოსწავლის ამბავი, რომლის მდგომარეობაც რაჭაში რეანომობილის არქონამ დაამძიმა

რამდენიმე დღის წინ ამბროლაურიდან ქუთაისის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, მწვავე ვირუსით 16 წლის ლუკა ფოფხაძე გადაიყვანეს. მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოზარდს საავადმყოფომდე მისასვლელად დაბრკოლებებით სავსე გზის გავლა მოუხდა და ამჟამად მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გუშინ, თბილისის 124-ე საჯარო სკოლამ გაავრცელა, სადაც ლუკა დამამთავრებელ კლასში სწავლობს. სკოლის გვერდზე დეტალურად არის მოთხრობილი იმ პრობლემების შესახებ, რაც მაღალმთიან რეგიონში სასწრაფო დახმარების ავტომობილის არ არსებობამ გამოიწვია:

"ამბროლაურის საავადმყოფოში სავარაუდოდ მწვავე ვირუსით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში 16 წლის მოზარდი მიიყვანეს. ადგილობრივი ექიმების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისი მდგომარეობიდან შედარებით გამოყვანა და დასტაბილურება შეძლეს, თუმცა პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო. გამოიძახეს რეანომობილი, რომელიც ლენტეხიდან წამოვიდა!!! მანქანა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში იყო და რამდენიმე საათი დაჭირდა ადგილზე მისვლას...

ბავშვი წაიყვანეს სუნთქვის აპარატზე შეერთებული... მანქანა შაორთან გაფუჭდა, აპარატიც გაითიშა, ბავშვი ხელოვნური სუნთქვით აცოცხლეს ტყიბულის საავადმყოფომდე, თუმცა უჟანგბადობის გამო ტვინი გაეთიშა... ტყიბულში უკვე სხვა რეანომობილი გამოიძახეს, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო ის უკვე ქუთაისში წაიყვანეს... დღეს ბიჭი კომაშია, უმძიმეს მდგომარეობაში, სამწუხაროდ გადარჩენის შანსი მინიმალურია...

ლუკა ჩვენი სკოლის მოსწავლეა და მას ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება, მეგობრებო გთხოვთ ილოცოთ ლუკასთვის! ამ ეტაპზე მხოლოდ ეს შეგვიძლია, რომ მისთვის გავაკეთოთ და ეს ცოტა არაა", - წერს სკოლის ადმინისტრაცია.

მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრის სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ. მათი განცხადებით, კომისია უკვე იმყოფებოდა ამბროლაურში, ტყიბულსა და ლენტეხში. ასევე, ინფორმაცია მოიძიეს ქუთაისის იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც ლუკა ფოფხაძე ამჟამად იმყოფება.

რეგულირების სააგენტომ პირველადი მოკვლევით გამოავლინა, რომ კერძო კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას "გარკვეული ხარვეზები ჰქონდა".

„პირველადი მოკვლევით გამოვლინდა, რომ კერძო კატასტროფის ეკიპაჟის მანქანას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები. კერძოდ, სრულყოფილად ვერ ხდებოდა პაციენტის აპარატურული უზრუნველყოფა, რაზეც სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

რაც შეეხება ექიმების პასუხისმგებლობას, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, რეგულირების სააგენტო კანონით განსაზღვრულ ფარგლებში დააყენებს არა მხოლოდ ექიმების, არამედ კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებების პასუხისმგებლობის საკითხს.

უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის დავალებით, რეგულირების სააგენტო სამედიცინო დაწესებულებების და სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების ცენტრების სალიცენზიო პირობების და მათ შორის, მანქანების აღჭურვილობის გადამოწმებას დაიწყებს”, - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდარის შემდეგ, მოქალაქეებმა შექმნეს პეტიცია - „რეანომობილი რაჭას“. როგორც პეტიციის ტექსტშია აღნიშნული, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის, კერძოდ, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს არ ყავს კატასტროფის ბრიგადა, რის გამოც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება. პეტიციის ავტორები რეანომობილის დანიშვნას ითხოვენ.

„რადგან ამბროლაურის და ონის საავადმყოფოს არ აქვს გარკვეული და მრავალფეროვანი კვლევების ჩატარების საშუალება, ასევე არ ჰყავს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტი და არ აქვს სხვადასხვა საჭირო განყოფილებები, რის გამოც ხშირად პაციენტები გადამისამართებულნი და გადაყვანილნი არიან სხვადასხვა კლინიკაში, სადაც საჭირო მომსახურებას უწევენ მათ.

უმეტესად პაციენტის მდგომარეობა დამოკიდებულია სწრაფ რეაგირებაზე, რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს მისთვის გაწეული დახმარება, ამიტომაც საჭიროა ადგილზე იყოს კატასტროფის ბრიგადა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება.

ვთხოვთ შესაბამის უწყებებს, გამოეყოს ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებს რეანომობილის ბრიგადა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების დროულ და ეფექტურ მომსახურებას“, - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

დაკმაყოფილდება თუ არა პეტიციის ხელმომწერთა მოთხოვნა, ჯერჯერობით უცნობია.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო