ავტორი:

ლევან გოთუა - საინტერესო ფაქტები დისიდენტ მწერალზე და მისი მოთხრობების ახალი გამოცემა

ლევან გოთუა - საინტერესო ფაქტები დისიდენტ მწერალზე და მისი მოთხრობების ახალი გამოცემა

დისიდენტი მწერალი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი პატირმობაში გაატარა, წერდა: „მე კი უბედური ვარ, რადგან დროს, რომელშიაც დავიბადე - უსაშველოდ აკლია სიკეთე!... - აკლია სიკეთე! ხოლო უსიკეთოდ უბედურია ყველა! ყველა...“

ლევან გოთუა 1905 წელს დაიბადა და ცხოვრების საკმაოდ რთული გზა განვლო. ახლა კი ამ რთული ცხოვრების რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ:

  • 1921 წლის თებერვალში მოხალისედ წავიდა კოჯორში და შეუერთდა თბილისის დამცველებს. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და მისი ახალგაზრდული ფრთის ლიდერი. მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყების მომზადებაში.
  • ლევან გოთუა რამდენჯერმე დააპატიმრეს. პირველად 1924 წელს და შვიდი თვის შემდეგ გაათავისუფლეს. 1925 წლის აგვისტოში ხელახლა დააპატიმრეს, ერთხანს თბილისის და მოსკოვის ციხეებში იმყოფებოდა, შემდეგ კი სოლოვეცკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. პატიმრობა ვლადიკავკაზში თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს. გაქცევის მცდელობისათვის სასჯელი 1936-მდე გაუხანგრძლივეს.
  • 1946–55 წლებში ის ვორკუტის საკონცენტრაციო ბანაკში იყო. შემორჩენილია პატიმრობის დროინდელი ლექსები, დღიურები, ისტორიული დრამა „სამსახეობა რაინდისა“ და, რაც მთავარია, ისტორიული რომანი „გმირთა ვარამი“, რომლებიც გოთუამ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გადაამუშავა და 1958–62 გამოსცა.
  • ტეტრალოგია „გმირთა ვარამი“ მეტად მნიშვნელოვანია გოთუას შემოქმედებაში. მოქმედება ხდება XVI–XVII სს. საქართველოში. აღწერილია ქვეყნის ყველაზე სისხლიანი ეპოქის ისტორია, ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, კახეთის მეფე ალექსანდრე II-ისა და მისი ოჯახის დრამატიზმით აღსავსე ცხოვრება.
  • იმ ეპოქაში წიგნებს ხშირად ახლდა წინასიტყვაობა, რომელშიც მოქმედი რეჟიმის წინაშე ავტორის დამსახურებაზე იყო საუბარი. „გმირთა ვარამს“ ასეთი შესავალი არ აქვს. შესაბამისი უწყება, ჩანს, მოერიდა იმ კაცის ქება-დიდებას, რომელმაც რომანი საბჭოთა კოლონიაში დაწერა. ეს კი ცოტამ იცის.
  • გოთუა უმეტესად „გმირთა ვარამით“ არის ცნობილი, თუმცა არანაკლები ღირებულებისაა მისი მოთხობები, რომელთა დიდი ნაწილი ასევე ისტორიულ თემაზეა შექმნილი. ეს მოთხრობებია „კრწანისის სევდა“, „ყინწვისის ანგელოზი“, „ხანძთის ზარი“, „უგზო ქარავანი“, „სიბრძნე სიკვდილისა“. მასვე ეკუთვნის თანამედროვეობისადმი მიძღვნილი მოთხრობები: „ნისლი ნახატარის ტყეში“, „ფიქრები თოკის კიბეზე“, „ფრესკის მეორე დაბადება“ .
  • ლევან გოთუა საბავშვო მოთხრობებსაც წერდა. ის აქტიურად თანამშრომლობდა თეატრთანაც და არაერთი დრამის ავტორია.
  • გოთუა ბევრს მოგზაურობდა, იყო მთამსვლელიც, დალაშქრული აქვს ბევრი მწვერვალი. მოგზაურობის შთაბეჭდილებები აღწერა ნარკვევების წიგნში „მგზავრული კრიალოსანი“.

„იკითხე ქართულის“ სერიაში 5 აგვისტოდან, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, ლევან გოთუას „მოთხრობები“ გამოვა. მისი შეძენა მკითხველს „ბიბლუსის“ მაღაზიებსა და პრესის გავრცელების წერტილებში შეეძლება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს