ავტორი:

"უკვე 11 წელია, ყოველი 7 აგვისტოს დილით, იმ ჯარისკაცის ღიმილიანი სახე მახსენდება..." - რას იხსენებს მსახიობი ეკა დემეტრაძე აგვისტოს ომზე

"უკვე 11 წელია, ყოველი 7 აგვისტოს დილით, იმ ჯარისკაცის ღიმილიანი სახე მახსენდება..." - რას იხსენებს მსახიობი ეკა დემეტრაძე აგვისტოს ომზე

აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ზაფხულის ცხელ დღეებში უმძიმესი მოგონებები ბევრს ახსენებს თავს და ემოციების ხმამაღლა გამოთქმასაც არ ერიდება.

მსახიობი ეკა დემეტრაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს წერს და 2008 წლის 7 აგვისტოს დილას იხსენებს, როცა ორსულმა ქართველი სამხედროების გრძელ კოლონაში გაიარა და ის მძიმე შეგრძნება დღემდე ახსენებს თავს:

"7 აგვისტო, 2008 წელი. დილა. მე ახალი გათხოვილი ვარ და მუცელში თომა სულ პაწაწინაა. საქორწინო მოგზაურობაში მივდივართ და რაღაცეებს ვალაგებ. მოგზაურობაში მივდივართ აბასთუმანში. მე მიხარია ძალიან. არ ვარ ნამყოფი. გავედით სახლიდან, დავიძარით. გავედით თბილისიდანაც და უკვე გზატკეცილზე გვხვდება ძალიან გრძელი სამხედრო კოლონა. ძალიან გრძელი, დაუსრულებელი. ძალიან შემეშინდა, გული მიგრძნობდა რაღაც არ იყო კარგად.

ერთ-ერთ სატვირთოს რომ მივუახლოვდით, ფანჯარა ჩამოვწიე და საბარგულში მჯდომ, სიმპატიურ ახალგაზრდა ჯარისკაცს ვკითხე-ხო მშვიდობაა? - კი კიი... პატარა პაუზის შემდეგ მითხრა, თავი დამიქნია და გამიღიმა. მეც გავუღიმე და ფანჯრიდან გაყოფილი თავი, ისევ მანქანაში მოვაბრუნე და ეს ღიმილი შემაშრა...

მახსოვს მანქანაშივე დავიწყე იმის გახსენება, როცა მე ძალიან პატარა ვიყავი და ტელევიზორში მოვისმინე ფრაზა - "სოხუმი დაეცა” და მერე დედ-მამას სახე, და გაუსაძლისი, დაუსრულებელი სიჩუმე... მეც განვიცდიდი. მახსოვს სოხუმი. პატარა ვიყავი მაგრამ კარგად მახსოვს და ეს სამხედრო მანქანები რატომღაც აფხაზეთს მახსენებდა... ახლა ასოციაციები სამხედრო მანქანებზე სულ შემეცვალა...

უკვე 11 წელია, ყოველი 7 აგვისტოს დილით, იმ ჯარისკაცის ღიმილიანი სახე მახსენდება და სულ ვფიქრობ, ნეტავ რა გადახდა თავს.. ხომ არ დაშავებულა... ხომ არის ცოცხალი... თუმცა, უამრავი ახალგაზრდა აღარ არის ცოცხალი, უამრავი დაშავდა... უკვე მერამდენედ გვასახიჩრებს რუსეთი?! უკვე მერამდენე თაობას აცამტვერებს და ფერფლად აქცევს?! ფიზიკურადაც და მორალურადაც... უკვე მერამდენედ. ბოლო არ უჩანს იმ სამხედრო კოლონასავით, სიკვდილის კოლონასავით....

რამდენიმე თვის შემდეგ თომა სხვა ქვეყანაში გავაჩინე, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე ყოფილიყო. თან საშინლად განვიცდი ამას. აქ ვზრდი და არ მინდა მომიწიოს გახიზვნა. მინდა თომასთვის ლეგენდად და ისტორიად დარჩეს ომი, როცა ის მუცელში იყო... და არასოდეს იგრძნოს ომის სიცივე, სუნი და სიჩუმე. სიკვდილი და სიჩუმე..." - წერს ეკა დემეტრაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს