ავტორი:

"რადგან ვეგანია, ხინკალს ვერ შევთავაზებდით და ფხალი და ლობიო ვურჩიეთ" - რას ყვება ქართველი გოგონა, რომელიც ჯარედ ლეტოს პირისპირ შეხვდა

"რადგან ვეგანია, ხინკალს ვერ შევთავაზებდით და ფხალი და ლობიო ვურჩიეთ" - რას ყვება ქართველი გოგონა, რომელიც ჯარედ ლეტოს პირისპირ შეხვდა

მთელ მსოფლიოში პოპულარული ბენდი, უპრეცედენტოდ გაზრდილი სცენა, ათასობით ფანის ახდენილი ოცნება, ოსკაროსანი მსახიობი ჯარედ ლეტო საქართველოს დროშით ხელში - ეს ყველაფერი 13 აგვისტოს შეკვეთილში „ბლექ სი არენას“ სცენაზე მოხდა.

კონცერტის განმავლობაში ჯარედ ლეტომ ბენდის ათობით თაყვანისმცემელი აიყვანა სცენაზე, მაგრამ მანამდე გაცილებით პრივილეგირებულნი აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც კონცერტის დაანონსებისთანავე სპეციალური ბილეთები შეიძინეს, რომ საყვარელ ბენდთან უფრო ახლოს ყოფილიყვნენ. მეტიც, ამ იღბლიანებს საშუალება მიეცათ კუმირებთან პირისპირ ესაუბრათ და სამახსოვრო, ინდივიდუალური ფოტოები გადაეღოთ.

როგორც წესი, კონცერტის დაანონსების შემდეგ როკ-ჯგუფი თავად სთავაზობს მსმენელს სპეციალურ ბილეთებს, რომელთა ღირებულება დაახლოებით 350 დოლარია. ამ „ჯადოსნური“ ბილეთების მქონეებს გარანტირებული აქვთ ადგილი სცენასთან ყველაზე ახლოს და კონცერტის დაწყებამდე ერთსაათიანი შეხვედრა ბენდის წევრებთან.

იღბლიან გულშემატკივართა რაოდენობა წინასწარ არის განსაზღვრული. საქართველოში ასეთი 10 ადამიანი აღმოჩნდა. მათ შორის ერთ-ერთია თათია ჯაჯანაშვილი, რომლისთვისაც ეს "მარსების" არც პირველი კონცერტი იყო და არც პირველი შეხვედრა. როგორც თათიამ AMBEBI.GE-ს უამბო, საყვარელ ბენდთან პირველი შეხვედრა 2014 წელს შედგა, როცა 30 Seconds To Mars-ს კონცერტი პარიზში ჰქონდა. იმავე წელს მათ მეორედ შეხვდა კანში გამართული კონცერტის წინ და როგორც იხსენებს, ჯარედ ლეტომ იცნო კიდეც პარიზის შეხვედრიდან.

"ვერ წარმოვიდგენდი, საქართველოშიც თუ ჩამოვიდოდნენ და კონცერტის შესახებ რომ გავიგე, მივხვდი, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა. კონცერტის წინ 10 ადამიანი შევხვდით ბენდს. წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, ცოტა ვიყავით, მაგრამ ამან უფრო მყუდრო, ინტიმური გარემო შექმნა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში იყო დაგეგმილი. წინასწარ გაგვაფრთხილეს, რომ პირადული ხასიათის შეკითხვები არ უნდა დაგვესვა. ფაქტობრივად, დიალოგი გამოგვივიდა, არაერთ თემაზე ვისაუბრეთ. ყველაფერი აინტერესებდა საქართველოს შესახებ, გვკითხა ჩვენი ქვეყნის, შავი ზღვის, სამზარეულოს შესახებ... მირჩიეთ, რა გავსინჯო ქართული სამზარეულოდანო. ვინაიდან, ჯარედი ვეგანია, ხინკალსა და ხაჭაპურს ვერ შევთავაზებდით, ამიტომ ქართული ფხალი და ლობიო შევთავაზეთ“ - იხსენებს თათია AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ფანებმა კუმირს კითხვები ახალ მუსიკასა და სამომავლო გეგმებზე დაუსვეს. როგორც ჯარედ ლეტომ თქვა, 30 Seconds To Mars-ის გეგმებში, პირველ რიგში, მსოფლიო ტურნეს დასრულება და Camp Mars-ის მოწყობაა, რომელსაც ბენდი მალიბუში აწყობს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით თავის გულშემატკივრებს უყრის თავს.

შეხვედრის იღბლიან მონაწილეებს ავტოგრაფები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ამასთანავე, თავის კუმირებთან ფოტოები ბენდის პირადმა ფოტოგრაფმა გადაუღოთ. შემდეგ კი მათ კონცერტზე, დარბაზის წინა რიგებში გადაინაცვლეს და საყვარელი ბენდის მუსიკით ისიამოვნეს.

ჯარედ ლეტომ კონცერტის განმავლობაში რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საქართველოში ძალიან კარგი მსმენელი დახვდა და იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში აქ კვლავ დაბრუნდება.

ავტორი: მარიამ ტურძილაძე

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე

მონიკა ბელუჩის 16 წლის ქალიშვილის ახალი ფოტოები და მონიკას წერილი შვილს - "იყო და არა იყო რა, ერთ დროს პატარა გოგონა იყო.."

თორნიკე ოქრიაშვილის მეუღლე, შვილები და ცხოვრება მოედანს მიღმა - "ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.. სულ ამბობდა, შევძლებ, ყველაფერს გავუმკლავდეო"