ავტორი:

"გიჟური ღამე" "ბლექ სი არენაზე" - სცენაზე აფრიალებული საქართველოს დროშა და დაუვიწყარი შოუ 30 Seconds to Mars-ისგან

"გიჟური ღამე" "ბლექ სი არენაზე" - სცენაზე აფრიალებული საქართველოს დროშა და დაუვიწყარი შოუ 30 Seconds to Mars-ისგან

"საქართველო - ქვეყანა, სადაც 10 წლის წინ უნდა ჩამოვსულიყავით" - ამ სიტყვებით გამოხატა აღფრთოვანება თანამედროვე მუსიკალური სამყაროს ყველაზე "არანორმალურმა" შემსრულებელმა ჯარედ ლეტომ შეკვეთილში, Black Sea Arena-ს სცენაზე გამოსვლისას.

30 Seconds to Mars საქართველოს Check in Georgia-ს ფარგლებში 13 აგვისტოს ეწვია და „ბლექ სი არენაზე“ მისულ ათასობით მსმენელს დაუვიწყარი შოუ აჩვენა, რაც, მეტწილად, სწორედ სოლისტის, ჯარედ ლეტოს დამსახურება იყო.

ძმების - ჯარედ და შენონ ლეტოების მიერ 1998 წელს შექმნილი ბენდი, ენერგიული შესრულებითა და სიმღერის სიღრმისეული ტექსტებით, მსმენელს წლებია ერთნაირი ემოციით მუხტავს. ამ მხრივ არც საქართველოში ჩატარებული კონცერტი იყო გამონაკლისი.

47 წლის "ოსკაროსანმა" მსახიობმა სცენაზე ენერგია არ დაიშურა და სიმღერაში, ცეკვასა და ყველანაირ სიგიჟეში აიყოლია მსმენელი.

სპეციალურად გუშინდელი კონცერტისთვის "ბლექ სი არენას" სცენის ფართობი უპრეცედენტოდ გაიზარდა და 15 მეტრამდე შევიდა „გოლდენ რიგში“. ეს უშუალოდ ჯარედ ლეტოს მოთხოვნა იყო, რადგან მას სურდა მაქსიმალურად მიახლოვებოდა ქართველ მსმენელს. მუსიკოსმა პირობა შეასრულა და კონკრეტულ მომენტში, სცენაზე რამდენიმე ათეული ადამიანი აიყვანა, რომლებმაც სცენიდან გამოსცადეს 30 Seconds to Mars-ის გიჟური მუხტი.

"შანონი ხელზე შემეხო და მგონი, ამ ხელს არასდროს დავიბან! დღეს ოცნება ამისრულდა! პირველი ემოცია, რაც განვიცადე იყო პანიკა და ეიფორია! ეს ბენდი ჩემთვის იმდენს ნიშნავს, რომ არც კი ვოცნებობდი სცენაზე ასვლაზე. როცა შანონი და ჯარედი დავინახე, მეგონა სიზმარში ვიყავი! ახლაც მაჟრიალებს, სიტყვებით ვერ აღვწერ ამ ემოციას, რომელიც არასდროს დამავიწყდება. დიდი მადლობა "ბლექ სი არენას"! - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან საუბარში სოფიო კიკნაძემ - ის ერთ-ერთი იღბლიანია, ვინც ჯგუფის წევრებმა სცენაზე აიყვანეს.

"ამ კონცერტმა გაამართლა მოლოდინი, ნამდვილი შოუ შედგა და მადლობა მუსიკოსს ამისათვის! ძალიან ემოციური საღამო იყო, თითოეული სიმღერა ჯარეტ ლეტოს შესრულებით, ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. მადლობა ორგანიზატორებს ამ დღისთვის!"- გვითხრა ერთ-ერთმა მსმენელმა ხათუნა გაფრინდაშვილმა.

არანაკლებ გამორჩეული იყო მომენტი, როცა ჯარედ ლეტომ ხელში საქართველოს დროშა აიღო და მთელი შესრულების განმავლობაში აფრიალა ქართველი და უცხოელი მსმენელის თვალწინ.

"ძალიან ამაღელვებელი და სიურეალისტური მომენტი იყო, როცა ჯარედ ლეტომ საქართველოს დროშა აიღო ხელში და ამ მომენტად ღირს ძალიან ბევრი შრომა და წვალება, რაც პროექტის განმავლობაში მთელმა გუნდმა გავწიეთ!

ეს კონცერტი არის შემთხვევა, როცა ყველაზე მეტი უცხოელი ჩამოვიდა საქართველოში, საგანგებოდ ამ დღისთვის" - განაცხადა "ბლექ სი არენას" აღმასრულებელმა დირექტორმა, ტატო ხარჩილავამ AMBEBI.GE-სთან საუბარში.

30 Seconds To Mars-მა ქართველ მსმენელს ძირითადად ახალი სიმღერები შესთავაზა, შოუს დასასრულს კი შენონ ლეტომ საკუთარი დრამის ჯოხები სცენიდან გადაუყარა მსმენელს.

30 Seconds to Mars ამერიკული როკ პროექტია, რომელიც 1998 წელს ძმებმა - Jared და Shannon Leto-მ შექმნეს. ბენდის პირველი კომერციული წარმატება და აღიარება 2005 წელს გამოსულ ალბომს A Beautiful Lie-ს უკავშირდება, რომელშიც ისეთი ჰიტები შედის, როგორებიცაა: Attack, The Kill, From Yesterday და A Beautiful Lie...

ავტორები: სალომე ჯიჯელავა, მარიკო კეკელიძე

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს