ავტორი:

კიბერდანაშაულის გაზრდილი მაჩვენებელი და გაუხსნელი საქმეები - "არასრულწლოვანი ჰაკერები ჩალიჩობენ, რომლებსაც რომც მივაგნოთ ვერაფერს მოვთხოვთო"

კიბერდანაშაულის გაზრდილი მაჩვენებელი და გაუხსნელი საქმეები - "არასრულწლოვანი ჰაკერები ჩალიჩობენ, რომლებსაც რომც მივაგნოთ ვერაფერს მოვთხოვთო"

კომპიუტერული დანაშულის სტატისტიკა ყოველ წელს სულ უფრო იზრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ AMBEBI.GE-სთვის გამოგზავნილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს 2017 წელთან შედარებით კიბერდანაშაულის მაჩვენებელი საშუალოდ 2-ჯერ გაიზარდა.

სსკ-ის 284-286 მუხლებით (კიბერდანაშაული) 2016 წელს დარეგისტრირებული - 550 დანაშაულია. აქედან გახსნილია- 202.

2017 წელი რეგისტრირებულია 506 დანაშაული, გახსნილია - 128.

2018 წელს რეგისტრირებულია 1268 დანაშაული, გახსნილია - 98.

გამოძიების დაწყების მაჩვენებელი

2016 წელს სსკ- ის 284 მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა ) გამოძება დაიწყო 289 ასეთ დანაშაულზე, 2017 წელს - 409- ზე, 2018 წელს- 1222- ზე.

2016 წელს სსკ- ის 285 მუხლით (კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება) გამოძიება დაიწყო 5 დანაშულზე, 2017 წელს - 21- ზე, 2018 წელს 13- დანაშულზე.

2016 წელს სსკ-ის 286 მუხლით. "კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა" ამ მუხლით გამოძიება დაიწყო 29 დანაშულზე, 2017 წელს - 45- ზე, 2018 წელს - 44 ასეთ დანაშულზე.

აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები, კერძოდ, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი მოწმობს იმას, რომ კიბერდანაშაულთან ბრძოლა სამართალდამცველებისთვის საკმაოდ რთული გამოწვევაა. კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება, ე.წ. სპამის მეთოდები და სხვადასხვა მავნე პროგრამების აქტივაცია - ყველაზე ხშირად ეს ჰაკერული დანაშაულები გვხვდება. კიბერდანაშაულის სხვადასხვა ფორმების მეშვეობით, თაღლითები სოლიდური თანხების მითვისებას ახერხებენ.

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურ კიბერდანაშაულზე "ფეისბუქ-თაღლითობაზე " რამდენიმე თვის წინ AMBEBI.GE-მ სტატია მოამზადა. მასში საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ ქმნიან კიბერდამნაშავეები ამა თუ იმ ადამიანის ყალბ "ფეისბუქ-გვერდს", მისი "ფეისბუქ" პროფაილის სრულ ანალოგს, შემდეგ მეგობრებში ამატებენ პოტენციური "მსხვერპლის" ფეისბუქ-მეგობრებს და ფულის სესხებას სთხოვენ. ზოგიერთ შემთხვევაში თაღლითები კონკრეტული ადამიანის სახელით მის მეგობრებს სხვადასხვა ანგარიშზე თანხას არიცხინებენ. ჩვენი ინფორმაციით, სტატიაში მოყვანილი კონკრეტული დანაშულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

კიდევ ერთი საკმაოდ გავრცელებული კომპიუტერული დანაშულია საბანკო თაღლითობა, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი თ.მ. "ფეისბუქზე" წერს:

"ჩემს შემთხვევაში კრისტალბეთში გადაირიცხა თანხები. თურმე ასეთ ტრანზაქციას სმს დასტური არ ჭირდება. გამოვიძახე პატრული, დავაბლოკინე ბარათები ბანკშიც და კრისტალბეთშიც გადავამოწმე, შეიძლებოდა თუ არა ამ გადარიცხვების გადამოწმება და გარკვევა. პასუხი იყო, რომ რა თქმა უნდა შესაძლებელია თუ საგამოძიებო გამოითხოვდა. ჩემს შემთხვევაში იპოვეს და დამნაშავემ მოპარული და უნებართვოდ მითვისებული თანხა ბანკს დაუბრუნა.... მართალია 500 ლარამდე იყო ჩემს შემთხვევაში, თუმცა რატომ უნდა დამეკარგა ვიღაც გაიძვერას გამო. თანხა ამინაზღაურეს მეორე დღეს და ქურდი დაიჭირეს 2 თვეში".

კიდევ ერთი დაზარალებულია მ.გ. ჰყვება:

"2018 წლის 29-30 მაისს დაახლოებით ღამის 1-2 საათზე მომივიდა სმს "ფეიდან", რომ ანგარიშიდან ჩამოიჭრა 100 ლარი... სანამ ვკითხულობდი მოვიდა მეორე სმს, რომ კიდევ 100 ლარი ჩამოიჭრა. ბარათზე სულ 200 ლარი მქონდა. ეგრევე გადავრეკე ბანკში და ვუთხარი, რომ მე არაფერი გადამირიცხავს და დავაბლოკინე ბარათი... ბანკის ოპერატორმა მირჩია მეილი მომეწერა "ფეის" წარმომადგენლებთან. მათ კი დამიდასტურეს თაღლითური გზით თანხის ჩამოჭრა და საპატრულო პოლიციასთან გადამამისამართეს. ეს ბარათი ინტერნეტით გადარიცხვებზე არასდროს არსად არ გამომიყენებია, მითუმეტეს, ტოტალიზატორებთან არანაირი შეხება არ მაქვს არც მე და არც ჩემი ოჯახის არცერთ წევრს. არც არავისთვის არასდროს არ მითხოვებია. პოლიციაშიც შევიტანე საჩივარი, რამდენიმეჯერ დამიბარეს, დამაწერინეს ჩვენება და ძალიან გულგრილად მოეკიდნენ ამ საკითხს, დიდ იმედს არ მაძლევდნენ... რთულია პოვნაო. მაღაზიებში ჩალიჩობენ მოლარეებიო ბარათის მონაცემებს იმახსოვრებენ და ისეო... ან არასრულწლოვანი ჰაკერებიო, რომლებსაც რომ მივაგნოთ მაინც ვერაფერს მოვთხოვთო" - წერს ინტერნეტმომხმარებელი.

AMBEBI.GE სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტს, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ მაქსიმ იავიჩის ესაუბრა:

"ზოგადად ინტერნეტ-თაღლითობა ძალიან გავრცელებული დანაშაულია, მათ შორის კონკრეტულად ასეთი შემთხვევებიც, "ფეისბუქ-თაღლითობები". ეს არის ყველაზე მარტივი კიბერშეტევა, რომელიც განსაკუთრებულ ცოდნას არ მოითხოვს. ამ შემთხვევაში ადამიანი აკეთებს მსგავს "ფეისბუქ-ექაუნთს", სთხოვენ ფულს ადამიანებს და უთითებენ "კრისტალბეთის" ანგარიშს. აი, სწორედ ეს არის ყველაზე პირველი მანიშნებელი იმისა, რომ საქმე გვაქვს თაღლითობასთან. რატომ მაინდამაინც ტოტალიზატორის ანგარიში? საერთოდ ძალიან რთულია იმის იდენტიფიცირება, თუ ვინ ხსნის ტოტალიზატორების ანგარიშდან თანხას, ვინაიდან ანონიმურობა იქ ძალიან კარგად არის დაცული.

ასე რომ, თუ კი ვინმემ გთხოვათ, რომ "კრისტალბეთის", ან სხვა რაიმე აზარტული თაამშების ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, მაშინვე უნდა იეჭვოთ, რომ ეს დიდი ალბათობით არის თაღლითობა. იყო ასეთი შემთხვევაც, ერთ-ერთ საიტზე ჩემმა ახლობელმა გამოწერა ლეპტოპი, სურათი აჩვენეს ნივთის, "აჭარაბეთის" ანგარიში მიუთითა ამ პირმა და ახლობელმაც გადაურიცხა ფული, თუმცა ნივთი არ მიუღია. ძალიან რთულია იმის გამოვლენა, თუ ვინ იყო რეალურად ეს თაღლითი. ხშირად ფიქსირდება კონკრეტული პირი, მისი სახელი და გვარიც კი, მაგრამ ხშირად ეს ადამიანი საერთოდ არაფერ შუაშია და თავის მხრივ თაღლითობის მსხვერპლია. ამიტომ კარგი იქნება, თუ უსაფრთხოების მიზნით, თქვენს პირად გვერდზე აუდიტორიის წვდომას შეზღუდავთ. შეცვალეთ პარამეტრები ისე, რომ მხოლოდ მეგობრებს შეეძლოთ თქვენი ინფორმაციისა და ფოტოების დათვალიერება. ასევე, შეზღუდეთ თქვენი მეგობრების სიის ნახვის წვდომა", - ამბობს მაქსიმ იავიჩი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ