ავტორი:

"ბანკის ვალი მაქვს შესატანი, 300 ლარი გადმომირიცხეო" - ყალბი "ფეისბუქით" მითვისებული თანხები და რეკომენდაციები, თაღლითებისგან დასაცავად

"ბანკის ვალი მაქვს შესატანი, 300 ლარი გადმომირიცხეო" - ყალბი "ფეისბუქით" მითვისებული თანხები და რეკომენდაციები, თაღლითებისგან დასაცავად

ბოლო პერიოდში ინტერნეტთაღლითობა სულ უფრო გავრცელებული დანაშული გახდა. კიბერდანაშაულის სხვადასხვა ფორმების მეშვეობით, თაღლითები სოლიდური თანხების მითვისებას ახერხებენ. კომპიუტერულ სისტემასთან უნებართვო წვდომა, კომპიუტერული სისტემისა და მონაცემის უნებართვოდ გამოყენება, ე.წ. სპამის მეთოდები და სხვადასხვა მავნე პროგრამების აქტივაცია - ყველაზე ხშირად ეს ჰაკერული დანაშაულები გვხვდება. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კიბერდანაშაული, რომელზეც სტატიაში გიამბობთ "ფეისბუქ-თაღლითობაა".

კიბერდამნაშავეები თავადპირველად ქმნიან ამა თუ იმ ადამიანის ყალბ "ფეისბუქ-გვერდს", მისი "ფეისბუქ" პროფაილის სრულ ანალოგს, შემდეგ მეგობრებში ამატებენ პოტენციური "მსხვერპლის" ფეისბუქ-მეგობრებს და ფულის სესხებას სთხოვენ. ზოგიერთ შემთხვევაში თაღლითები კონკრეტული ადამიანის სახელით მის მეგობრებს სხვადასხვა ანგარიშზე თანხას არიცხინებენ.

ერთ-ერთი ასეთი დანაშაულის მსხვერპლი საკუთარ ამბავს გვიყვება:

"გუშინ ჩემი "ფეისბუქის" ანალოგი შექმნილა. მეგობრებში დაუმატებია ჩემი უახლოესი ადამიანები და ფული უთხოვია. იმათაც იმიტომ დაუდასტურეს მეგობრობის თხოვნა, რომ იფიქრეს ახალი გვერდი გავაკეთე. იყო რამდენჯერმე ასეთი შემთხვევა, პრობლემები ჰქონდა ჩემს "ფეისბუქ-გვერდს" და ახლის გაკეთება მომიწია. ჩემი სახელით წერდა მეგობრებს და ახლობელ ადამიანებს, რომ ბანკის ვალი მაქვს სასწრაფოდ შესატანი, სამასი ლარი გადმომირიცხე და რამდნეიმე საათში დაგიბრუნებო. თან მიუთითა კრისტალბეთის ანგარიში. ვმუშაობდი და "ფეისბუქში" ხშირად შესვლას ვერ ვახერხებდი, ამასობაში იმ თაღლითმა მოახერხა და ჩემს რამდენიმე მეგობარს თანხა ჩაარიცხინა", - გვიყვება რესპოდენტი, რომელმაც ანონიმურობა ისურვა.

მომხდარის შემდეგ მან სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომლითაც მეგობრებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი სახელით კიბერდამნაშავეები ბოროტად სარგებლობდნენ და თანხა არავისთვის ჩაერიცხათ. სტატუსზე არაერთმა ადამიანმა დაწერა კომენტარი, თუ როგორ გახდა ინტერნეტ-თაღლითობის მსხვერპლი.

"200 ლარში გადავვარდი. ორი თვის უკან, ამერიკაში მყავს ძმაკაცი, იმის სახელით მომწერა ცოლ-შვილი აქ ჰყავს და მეგონა იმათ სჭირდებოდათ, ერთი დღით მთხოვა"

"მეც მომწერეს და ჩარიცხვას რომ ვაპირებდი, მაშინ გავარკვიე, რომ მატყუებდნენ".

სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანხის გამოძალვის არაერთი თაღლითური სქემა გამოავლინა. მათ შორის ამ საქმის ზუსტი ანალოგებიც. გასულ წელს სამართალდამცველებმა თბილისში, ქუთაისსა და ზესტაფონში თაღლითური ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, სოციალური ქსელ "ფეისბუქის" ყალბი პროფილების გამოყენებით, ამავე სოციალური ქსელის მომხმარებლების კუთვნილ თანხებს თაღლითურად დაეუფლნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, 6 მოქალაქე დაზარალდა. თაღლითური გზით მითვისებულმა თანხამ კი 1000-ზე მეტი ლარი შედგინა. ჩვენ გამოვითხოვეთ აღნიშნული დანაშაულების ზუსტი სტატისტიკა, დანაშაულის გახსნის მაჩვენებლისა და ზარალის ანაზღაურების შესახებაც. როგორც კი უწყება ინფორმაციას მოგვაწვდის, ჩვენს მკითხველს მონაცემებს გავაცნობთ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს "ფეისბუქზე" შექმნილი ონლაინგამოწერის გვერდების მეშვეობით ატყუებდნენ - არიცხინებდნენ კონკრეტული ნივთის შესყიდვების საფასურს, შედეგად პირი ფულს იხდიდა, მაგრამ ნივთს ვერ იღებდა. ასევე, იყო შემთხვევა, როდესაც "ფეისბუქის" პირადი გვერდის გატეხის შემდეგ, მომხმარებლის პირადი მონაცემების გამოყენებით, მათ პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით ემუქრებოდნენ. ყველაზე ამაზრზენი ინტერნეტთაღლითობა კი ონკოლოგიური მცირეწლოვანი ბავშვების შესახებ "ფეისბუკის" გვერდებზე ცრუ ინფორმაციის განათავსებას და ამ გზით თანხების გამოძალვას უკავშირდება.

AMBEBI.GE დაუკავშირდა სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტს, კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელს, პროფესორ მაქსიმ იავიჩის:

"ზოგადად ინტერნეტ-თაღლითობა ძალიან გავრცელებული დანაშაულია, მათ შორის კონკრეტულად ასეთი შემთხვევებიც, "ფეისბუქ-თაღლითობები". ეს არის ყველაზე მარტივი კიბერშეტევა, რომელიც განსაკუთრებულ ცოდნას არ მოითხოვს. ამ შემთხვევაში ადამიანი აკეთებს მსგავს "ფეისბუქ-ექაუნთს", სთხოვენ ფულს ადამიანებს და უთითებენ კრისტალბეთის ანგარიშს. აი, სწორედ ეს არის ყველაზე პირველი მანიშნებელი იმისა, რომ საქმე გვაქვს თაღლითობასთან. რატომ მაინდამაინც ტოტალიზატორის ანგარიში? საერთოდ ძალიან რთულია იმის იდენტიფიცირება, თუ ვინ ხსნის ტოტალიზატორების ანგარიშდან თანხას, ვინაიდან ანონიმურობა იქ ძალიან კარგად არის დაცული.

ასე რომ, თუ კი ვინმემ გთხოვათ, რომ "კრისტალბეთის", ან სხვა რაიმე აზარტული თაამშების ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, მაშინვე უნდა იეჭვოთ, რომ ეს დიდი ალბათობით არის თაღლითობა. იყო ასეთი შემთხვევაც, mymarket.ge-ზე ჩემმა ახლობელმა გამოწერა ლეპტოპი, სურათი აჩვენეს ნივთის, აჭარაბეთის ანგარიში მიუთითა ამ პირმა და ახლობელმაც გადაურიცხა ფული, თუმცა ნივთი არ მიუღია. ძალიან რთულია იმის გამოვლენა, თუ ვინ იყო რეალურად ეს თაღლითი. ხშირად ფიქსირდება კონკრეტული პირი, მისი სახელი და გვარიც კი, მაგრამ ხშირად ეს ადამიანი საერთოდ არაფერ შუაშია და თავის მხრივ თაღლითობის მსხვერპლია. ამიტომ კარგი იქნება, თუ უსაფრთხოების მიზნით, თქვენს პირად გვერდზე აუდიტორიის წვდომას შეზღუდავთ. შეცვალეთ პარამეტრები ისე, რომ მხოლოდ მეგობრებს შეეძლოთ თქვენი ინფორმაციისა და ფოტოების დათვალიერება. ასევე, შეზღუდეთ თქვენი მეგობრების სიის ნახვის წვდომა", - ამბობს მაქსიმ იავიჩი.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი "ფეისბუქ-ანგარიშის" გატეხვის საშიშროებაზეც გვესაუბრა და მთავარი რეკომენდაციები გაგავცნო:

"არის, მაგალითად, შემთხვევები, როდესაც მოგდით ლინკი ან კონფერენციაში მონაწილეობას გთავაზობენ ან რამე სხვა აქტივობას, სადაც საჭიროა "ფეისბუქით" რეგისტრაციის გავლა. ამზადებენ ფეისბუქის სრულ ანალოგ საიტებს... გამოვარდება ფანჯარა, რომელიც "ფეისბუქს" ჰგავს და მიგითითებენ, რომ იქ შეიყვანოთ პაროლი და აიდი-მისამართი. შეიძლება ამ გვერდმა დაიმახსოვროს თქვენი პირადი მონაცემები და ამ გზით მოიპოვოს წვდომა თქვენს პირად ანგარიშზე. დააკვირდით ზემოთ პროტოკოლში რა წერია. "ფეისბუქს" წინ უწერია https, ფეიკ "ფეისბუქ-გვერდს" კი - http. ანუ s - ის(security)- ის გარეშე".

"ფეისბუქ-თაღლითობის" შემთხვევაში, საქმე სისხლის სამართლის 180-ე მუხლით აღიძვრება, რაც თაღლითობას გულისხმობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ