ავტორი:

"ამ მცენარეს ბრონქოსპაზმის პროვოცირებაც შეუძლია" - სარევალა, რომელიც უმწვავეს ალერგიას იწვევს და რეკომენდაციები ალერგოლოგისგან

"ამ მცენარეს ბრონქოსპაზმის პროვოცირებაც შეუძლია" - სარევალა, რომელიც უმწვავეს ალერგიას იწვევს და რეკომენდაციები ალერგოლოგისგან

რატომღაც ხალხში მიჩნეულია, რომ ალერგიული დაავადებები უმეტესად გაზაფხულზე აქტიურდება, რადგანაც წელიწადის ამ დროს უამრავი მცენარე ყვავილობს. თუმცა ასე არ არის, ზოგადად მცენარეთა ყვავილობა თებერვლის დასაწყისიდან ოქტომბრამდე გრძელდება და თითოეული მცენარის მტვერი ადამიანებზე სხვადასხვანაირად ზემოქმედებს.

ახლაც, ზაფხულის მიწურულს, ბევრი წუხს, რომ აქვს თვალების ქავილი, სურდო, გახშირებული ცემინება, რაც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. დაავადების გამწვავებას კი, როგორც ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი გვამცნობს, ამბროზია (მაღალი ალერგენული თვისებების მქონე სარეველა მცენარე) და მისი ყვავილობა განაპირობებს.

რა უნდა ვიცოდეთ ამ მცენარეზე

ის გავრცელებულია ვენახებსა და ნათესებში, ლიანდაგების, გზისპირებისა და ღობეების გასწვრივ, მიტოვებულ და დაუსახლებელ ადგილებში.

აშრობს და ფიტავს ნიადაგს, ამცირებს მოსავლიანობას, აფუჭებს საძოვრებს; იწვევს ალერგიულ დაავადებებს (ალერგიული რინოკონიუნქტივიტი, პოლინოზური ასთმა); გვხდება როგორც აღმოსავლეთ (კახეთი), ისე დასავლეთ (გურია, იმერეთი) საქართველოში!

უხვად წარმოქმნის ყვავილის მტვრის მარცვლებს, რომელიც ქარის საშუალებით ადვილად გადაიტანება და ხვდება ჰაერში ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ის ნაკლებადაა გავრცელებული!

ავშანფოთლიანი ამბროზია მიიჩნევა საკარანტინო სარეველა მცენარედ, რომელიც საჭიროებს სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებას!

AMBEBI.GE-ს ამ თემაზე ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომიძე ესაუბრება:

- ასე განვსაზღვროთ, კი არის მიჩნეული, რომ ალერგია თითქოს გაზაფხულის დაავადებაა, მაგრამ ალერგიული ადამიანები ამას წელიწადის ნებისმიერ დროს უჩივიან...

- დიახ, ალერგია ყველა სეზონის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს, თუმცა მცენარეული მტვრის მიმართ ალერგია სეზონური დაავადებაა, რომელიც იანვრის ბოლოს ან თებერვლიდან იწყება, როდესაც ადრე მოყვავილე ხეები ყვავილობას იწყებენ. ხეების ყვავილობა გრძელდება აპრილის დასაწყისამდე და შემდეგ მათ ენაცვლებათ ჭადრის, ბალახებისა და მარცვლოვნების ყვავილობა ივლისის ბოლომდე, ხოლო აგვისტოდან ოქტომბრამდე სარეველები ყვავილობენ, რომელთაგან ამბროზია ყველაზე ძლიერი ალერგენია.

"პაციენტებს მინდა ვუთხრა, - ვინც ეს ეტაპი ალერგიული შეტევის გარშე გაიარეს, მაგრამ გვიანი ზაფხულიდან უეცრად ცემინებამ, სურდომ, ცხვირის გაჭედვამ, თვალების ქავილმა შეაწუხათ, შესაძლოა, ეს სწორედ ამბროზიას უკავშირდებოდეს"

- როგორც გაირკვა, ამბროზია ყვავილის მტვერს უხვად წარმოქმნის, რაც ადამიანებში ალერგიის გამწვავების მიზეზი ხდება...

- ამბროზია მაღალი ალერგენობის სარეველა მცენარეა. გავრცელებულია, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში (ენდემური კერა - ლაგოდეხი), ასევე - დასავლეთში. ამიტომ იმ მხარეში, ბევრი ალერგიული პაციენტია. ამბროზია წარმოქმნის მტვერს, რომელიც შედგება ძალიან მცირე ზომის თვალისთვის უხილავი მარცვლებისგან. სწორედ ეს მარცვალი შეიცვას დიდი რაოდენობით ალერგიულ ცილებს, რომელიც ალერგიას იწვევს. მისი ყვავილობის პერიოდი აგვისტოს მეორე ნახევარიდან ოქტომბრის დასაწყისამდე მიმდინარეობს.

ამბროზიის მცენარეული მტვრის მარცვლები გადაიტანება ქარის საშუალებით, ისინი შეიძლება ძალიან დიდ მანძილზეც გავრცელდეს. ამით აიხსნება ის შემთხვევები, როცა ადამიანებს აწუხებთ ამბროზიის ალერგია იმ გარემოში, რომლებიც მათ უშუალო სიახლოვეში არ იზრდება.

- რა სიმპტომებით ხასიათდება?

- მრავლობითი ცემინება, სურდო, ცხვირიდან გამონადენი, თვალების ქავილი, სუნთქვის გაძნელება, სასის, ყურის, ცხვირის ქავილი, ბრონქოსპაზმის პროვოცირებაც კი შეუძლია ამბროზიას გამოიწვიოს. რაც განსაკუთრებით მძიმედ ვლინდება ტემპერატურული ცვალებდადობის დროს, როცა ძალიან მზიანი დღეა, ხოლო ღამე - შედარებით გრილი. ალერგიულ პაციენტებზე ქარიანი ამინდი ცუდად მოქმედებს. ამ დროს ამბროზიის მტვერი უფრო აგრესიულად გადაადგილდება და შესაბამისად ჰაერში მისი მეტი კონცენტრაციაა და ალერგიული სიმპტომებიც უფრო მძაფრია. ის პაციენტები, რომლებსაც ეს მძაფრი სიმპტომები აღენიშნებათ, დროულად უნდა მივიდნენ ალერგოლოგთან იმისთვის, რომ მიიღონ ინდივიდუალური მკურნალობის სამოქმედო გეგმა. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ამ პერიოდში ასევე ყვავის სხვა სარეველა მცენარეები, ავშანი და ნაცარქათამა, რომელსაც ასევე შეუძლია ძლიერი ალერგიული სიმპტომების პროვოცირება.

- როგორ ხდება მცენარეული ალერგიის დიაგნოსტიკა?

- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი ექიმთან დროულად მივიდეს, რომ სიმპტომები არ გაურთულდეს. ის ადამიანები, რომლებსაც შარშან უკვე ჰქონდათ ალერგია და უკვე იციან, რომ ამ დროს ეწყებათ სიმპტომები, აუცილებელია მომზადებულები დახვდნენ სეზონს. ამბროზიის მიმართ ალერგიის დროს სასურველია პაციენტი ალერგოლოგთან მივიდეს ამბროზიის ყვავილობამდე 10-14 დღით ადრე დანიშნულების მისაღებად, რადგან თუ მკურნალობა ამბროზიის ყვავილობამდე დაიწყო, ადამიანი გაცილებით მსუბუქად გაივლის ალერგიულ სეზონს, ხოლო ვისაც პირველად დაეწყო და არ იცის, რომ აქვს ამ მცენარის მიმართ ალერგია, მისთვის მნიშვნელოვანია გამოკვლევის ჩატარება.

- როგორ ხდება ეს?

- ეს კეთდება კანის სინჯების მეშვეობით. რაც მცენარეული მტვრის ალერგენის წვეთის სახით წინა მხარზე მოთავსებას გულისხმობს. ამბროზიის ალერგენი იწვეთება წინა მხარზე - პროცედურა მარტივია. ნახევარ საათში პასუხი მზად არის. ადგილი, რომელიც გაწითლდება, ადასტურებს, რომ ამ კონკრეტული მცენარის მიმართ პაციენტი ალერგიულია. იმ შემთხვევაშიც თუ ალერგია უკვე დაწყებულია არც მაშინ არის გვიან ალერგოლოგთან კონსულტაცია.

- რას ურჩევდით ალერგიულ პაციენტებს?

- რჩევამდე გეტყვით ძალიან საინტერესო ინფორმაციას, არსებობს კავშირი ამბროზიასა და საკვებს შორის. მცენარეული ალერგიის მქონე პაციენტების დაახლოებით 15%-ს, ხილისა და ბოსტნეულის მიღების დროს გარკვეული ალერგია აქვთ. ეს გამოვლინება შეიძლება იყოს - ტუჩების დაბუჟება, შეშუპება, პირის ირგვლივ ჭინჭრის ნასუსხის მსგავსი გამონაყარი, პირის ღრუსა და ყელის ქავილი. მიზეზი ხილისა და მცენარეული მტვრის ჯვარედინი კავშირია. მათ შემადგენლობაში ერთნაირი ცილები აქვთ. თუ ადამიანი ამბროზიის მიმართ ალერგიულია, შეიძლება, ასეთი სიმპტომები - ნესვის, საზამთროს, ბანანის, კიტრის მიღების შემდეგ დაეწყოს. ეს ის მცენარეებია, რომლებიც ჯვარედინად რეაგირებს. პაციენტს აქვს - პირის ღრუს ქავილი, დისკომფორტი, წვა, ზოგ შემთხვევაში, შეშუპებაც შეიძლება გამოიწვიოს.

რაც შეეხება პრევენციას...

  • მაგალითად, მანქანით მგზავრობის დროს სასურველია ფანჯრები აწიოს და ჩართოს კონდეციონერი
  • როცა მცენარეული მტვრის კონცენტრაცია მაქსიმალურად მაღალია (დილის 10 საათიდან შუადღის 3-საათამდე) მოერიდოს გარეთ გასვლას. ეს გაფრთხილება განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანს, ვისაც ვარჯიში უყვარს, ამ დროს ადამიანი მეტი რაოდენობის ჰაერს ჩაისუნთქავს
  • გარეთ გასვლას ქარიან ამინდშიც უნდა მოვერიდოთ, გარეაქტივობები ნაკლებად დავგეგმოთ
  • ასევე ტანსაცმლის გარეთ გაშრობაც არ არის სასურველი, რათა ქარიანი ამინდში ტანსაცმელზე არ მოხდეს მტვრის დაგროვება და ჩაცმის დროს სიმპტომების პროვოცირება
  • როდესაც სახლში დავბრუნდებით, სახეზე, ხელებზე დალექილი მცენარეული მტვრით ჩამოვირეცხოთ

ბევრი გვეკითხება - ამბროზიაზე ალერგია დამიდასტურდა და ყოველ წელს ასე უნდა ვიყო? მუდმივად მედიკამენტები უნდა მივიღო, თუ არსებობს სამკურნალო გზა, რომლითაც ეს დამეხმარება, რომ ამ ამბროზიის ალერგიისგან გავთავისუფლდე? ან ამბროზიის ალერგია იკურნება?

პასუხი ასეთია - ყველას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა და ყველაფერი ალერგიის სიმძიმეზეა დამოკიდებული, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, განკურნებადია.

წინასწარი გამოკვლევის შემდეგ მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, პაციენტს ენიშნება იმუნოთერაპიის კურსი, რაც გულისხმობს ანტიალერგიულ ვაქცინაციას.

პაციენტის ორგანიზმში აცრის სახით აღმავალი დოზით შედის მის ალერგიაში დამნაშავე ალერგენი (მაგ: ამბროზიის მტვრის ალერგენი), რომლის მიზანია ორგანიზმის შეგუება მისი ალერგიის გამომწვევ მიზეზთან. ასე რომ, ნუ დატოვებთ ამ ყველაფერს ყურადღების მიღმა.

"ვიცი რომ გაინტერესებთ, ამიტომ, აქვე ვიტყვი - მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას" - რას ამბობს ინგა გრიგოლია "ტვ პირველიდან" წასულ კოლეგებზე

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"ვვარაუდობდით, რომ გარედან შემოტანილი ინფექცია იყო, ახლა ამის მტკიცება, ძნელია" - 2-ვე მედპერსონალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედდაა