ავტორი:

"ადრე ერთმანეთს ნაალაფარი სახლების გამო ესროდნენ, ახლა "სალაფავისთვის" ესვრიან" - აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნებს" სროლები მოჰყვა

"ადრე ერთმანეთს ნაალაფარი სახლების გამო ესროდნენ, ახლა "სალაფავისთვის" ესვრიან" - აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნებს" სროლები მოჰყვა

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოჩვენებითი სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა - მოქმედ ე.წ. პრეზიდენტსა და მეორე ტურში გადასულ ალხას კვიცინიას შორის ამომრჩევლის ხმებისთვის ბრძოლა 25 აგვისტოს ღამეს, ანუ "არჩევნების" დასრულებიდან რამდენიმე საათში დაიწყო.

როგორც აფხაზური მედია წერს, არ არის გამორიცხული, ყოფილი "პრეზიდენტის", ალექსანდრე ანქვაბის ძალისხმევით, რაულ ხაჯიმბა მთელი ოპოზიციური სპექტრის პირისპირ აღმოჩნდეს. ანქვაბს, რომელიც დღემდე დიდი გავლენებით სარგელობს რეგიონში და ხაჯიმბას პრაქტიკულად ძალადობრივად წართმეული "პრეზიდენტის" სავარძელი მწარედ ახსოვს, ახლა შესანიშნავი შანსი აქვს, მას თავისი შესაძლებლობები დაანახოს და ასეც იქცევა...

რამდენიმე დღის წინ, მან აღნიშნა, რომ "ამცახარას" ლიდერს, ალხას კვიცინიას უჭერს მხარს, რომელიც თავის მხრივ რჩევებისა და მხარდაჭერის სანაცვლოდ, არსებული ინფორმაციით, მას "პრემიერ-მინისტრის" პოსტს შეჰპირდა. თუმცა, კიდევ ერთი ვერსიით, ეს თანამდებობა ანქვაბმა თავად მოითხოვა, მისი მხარდაჭერის სანაცვლოდ.

ერთი სიტყვით, დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ სისხლი დაიღვარა. abkhaz-auto.ru-ს ცნობით, 28 აგვისტოს, ტყვარჩელის რაიონის სოფელ ბედიაში, ორი მამაკაცი, ადგილობრივი ძმები სულთან და შალიკო შაკაიები ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. როგორც ე.წ. შსს-სთან საუბარში ტყვარჩელის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ლალი გარგულია აცხადებს, მათ გამჭოლი ჭრილობა და მრავლობით მოტეხილობა აქვთ, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"არჩევნების" შემდეგ, აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები აქტიურად წერენ, ე.წ. ჰუმანიტარულ დახმარებებზე. კონკრეტულად, გავრცელდა ტყვარჩელის რაიონში გადაღებული ფოტოები, სადაც სავარაუდოდ, ხაჯიმბას მხარდამჭერები ამომრჩევლებს ხმების სანაცვლოდ, შავ პარკებში შეფუთულ პროდუქტს ურიგებენ. ერთ-ერთი დაჭრილის, შაკაიას თანასოფლელი Апсадгьыл-инфо-სთან საუბარში ამბობს, რომ დაპირისპირება სულთან შაკაიას სახლში შავ პარკში შეფუთული პროდუქტის მიტანის შემდეგ დაიწყო და სროლები მოჰყვა.

ადგილობრივი მოსახლეობა მომხდარით შეშფოთებულია და სოციალურ ქსელსა და ინტერნეტკომენტარებში წერს, რომ ეს ყველაფერი კარგად არ დასრულდება. აფხაზები ვითარებას "მეორე ტურამდე" პოსტებით ეხმაურებიან. ირკვევა, რომ არც კვიცინიას მიმართ არიან კეთილგანწყობილი და თავადაც სვამენ კითხვას, როგორ მოაგროვა მან ამდენი ხმა.

"უკვე ერთმანეთსაც კი ესროლეს... კიდევ რა უნდა მოხდეს, რათა ჩვენმა "პატივცემულმა" მშვიდობის გარანტმა (იგულისხმება ხაჯიმბა) დაკავებული სავარძელი დატოვოს?"

"ადრე ერთმანეთს ნაალაფარი სახლების, შემდეგ კი სასტუმროების გამო ესროდნენ... ახლა "სალაფავის" გამო ესვრიან. ზაფხულის სეზონი ცუდი იყო, ზამთარი წინ არის. რა საჭიროა ომი, როდესაც თავისთავად იწმინდება აფხაზეთის ტერიტორია ჩვენგან? გეგმა ასეთია - აფხაზეთი, აფხაზების გარეშე. ჰოდა, წინ, განადგურებისკენ!"

"ძმებს ეს პროდუქტი ალბათ მოსასყიდად მიუტანეს. ფაქტია, რომ მათი მოკვლა არ უნდოდათ, ფეხებში ესროლეს, თუმცა, ის ვერ გათვალეს, რომ იქ არტერიაა, დროულად რომ არ მიეყვანათ საავადმყოფოში, სისხლისგან დაიცლებოდნენ. ნუთუ უღირდათ ეს რამდენიმე დღის სამყოფი პროდუქტი ამდენ უბედურებად. სად ვართ, რა უბედურება გვჭირს და როდემდე ერთი და იგივე?"

"ვინმე ფიქრობს, რომ ეს პაიკები რომ არა, კვიცინიას ვინმე მართლა დაუჭერდა მხარს?! ვინ ვის აშინებს და ვინ რას ჰპირდება, კაცმა არ იცის"

"გასაგებია, რომ კვიცინიას ხელისუფლებაში მოსვლით არსებითი ცვლილებები არ განხორციელდება, ყველა თავის ჯიბეზე იფიქრებს, თუმცა, ხაჯიმბა ძალიან შორს წავიდა. ერის სირცხვილია. ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი არასდროს გვყოლია".

აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტური 8 სექტემბერს არის დაგეგმილი, თუმცა, მანამდე ადგილობრივი მოსახლეობა უამრავ "სიურპრიზს" ელის.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი