ავტორი:

"ომი არ იქნება" - ოსი და ქართველი ჩინოვნიკების კომენტარები ჩორჩანასთან გამართული შეხვედრის შემდეგ

"ომი არ იქნება" - ოსი და ქართველი ჩინოვნიკების კომენტარები ჩორჩანასთან გამართული შეხვედრის შემდეგ

საქართველოს პროვოკაციული მოქმედებები "სამხრეთ ოსეთის" "საზღვრებზე" მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთარი მოსახლეობის ყურადღების გადატანის მცდელობაა მწვავე საშინაო პრობლემებიდან, - ამის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა მარია კოტაევამ განაცხადა.

„საქართველო კვლავ ოცნებობს "სამხრეთ ოსეთის" და აფხაზეთის ტერიტორიების დაბრუნებაზე, მაგრამ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მსგავსი სასოწარკვეთილი მოქმედებების გამეორებას არავინ შეეცდება“, - განაცხადა ბრიფინგზე კოტაევამ.

„არანაირი ომი არ იქნება - საქართველო "სამხრეთ ოსეთს" თავს მეტი აღარ დაესხმება. ჩვენი საზღვრები რუსეთის ფედერაციასთან სერიოზული ხელშეკრულებებით არის დაცული, რომლის თანახმადაც აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განიხილება, როგორც აგრესია რუსი სამხედროების წინააღმდეგ, რომლებიც აქ არიან განთავსებულები“, - განაცხადა კოტაევამ.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა დაასკვნა, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი თავის დაპირებებში არათანმიმდევრულია.

„მას "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის დაბრუნების შინაგანი მისწრაფება აქვს, რადგან მისი ბაბუა მუშაობდა მენშევიკების მთავრობაში და პირადი წვლილი შეიტანა ოსების გენოციდში. ამასთან, ის პარალელურად ცდილობს რუსეთთან კავშირების დამყარებას. საქართველო საერთაშორისო არენაზე ძალიან არასანდო პარტნიორია“, - განაცხადა მარია კოტაევამ.

ჩვენმა კოლეგებმა ცხინვალიდან შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ მათი განზრახვა არასოდეს არ ყოფილა ულტიმატუმის ენით საუბარი, - ამის შესახებ უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ სოფელ ჩორჩანასთან, ქართულ მხარის, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ქემოკლიძემ აღნიშნა, ის იზიარებს კოლეგების ამ პათოსს და ამ ნაბიჯს პოზიტიურს უწოდებს.

„ულტიმატუმთან და ზოგადადად ულტიმატუმის ენასთან დაკავშირებით ცხინვალიდან ჩვენმა კოლეგებმა დააფიქსირეს, რომ მათი განზრახვა არასოდეს არ ყოფილა ულტიმატუმის ენით საუბარი, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია, პოზიტიურად გადადგმული ნაბიჯია და სწორი შეფასებაა. ჩვენ ამ პათოსს ვიზიარებთ“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.

მისი თქმით, საქართველოს პოლიციის წარმომადგენლები უსაფრთხოებას იცავენ და შეშფოთების მიზეზი არც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და არც ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრებთ არ აქვთ.

„იმ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვეტყვი, რომ აბსოლუტურად ცხადია, არ აქვთ შეშფოთების მიზეზი. იმავეს გავუმეორებ იმ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებული წნელისის ტერიტორიაზე. საქართველოს პოლიციის წარმომადგენლები არიან ღირსეული ოფიცრები, რომლებიც ადგილზე იცავენ უსაფრთხოებას, უსაფრთხოების გარემოს და არა პირიქით, არ აზიანებენ მას“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი ბევრ სხვადასხვა დეტალს შეეხო.

„დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების პოზიციაა, რომ არის გარკვეული, ერთგვარი შფოთვა მოსახლეობაში ამ პოსტთან დაკავშირებით, ჩვენ ყველა ის კონკრეტული არგუმენტი წარმოვუდგინეთ, რომლებიც ამ შფოთს პირდაპირპროპორციულად აბათილებს. ეს არგუმენტი არის ის, რომ რეალურად საქართველოს პოლიციის თითოეული პოსტი ემსახურება ადგილზე უსაფრთხოების გარემოს სრულყოფას და არა პირიქით“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

რაც შეეხება საგუშაგოს ადგილმდებარეობას, ქემოკლიძემ განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ ხელისუფლებას და დე ფაქტო ხელისუფლებას განსხვავებული პოზიციები აქვთ.

„საგუშაგოს ნაწილში, საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით ცენტრალურ მთავრობას და დე ფაქტო ხელისუფლებას აქვს დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები, მაგრამ ამ განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ, რომ კონსტრუქციულ ჭრილში თანამშრომლობა გაგრძელდეს“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, რომ შეიცვალოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიცია საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით, ქემოკლიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი შეხვედრაზე არ განხილულა, თუმცა "მოცემულ მომენტში, საგუშაგო თავის ადგილას რჩება".

„ბლოკპოსტის დაშლის საკითხი დღევანდელ ტექნიკურ შეხვედრაზე არ განხილულა. ჩვენ უბრალოდ დავაფიქსირეთ და კონსტრუქციულ ჭრილში გავცვალეთ ის მოსაზრებები, რომლებიც არის ცალსახად ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეხვედრაში მონაწილე ყველა წარმომადგენელი იზიარებს იმ პათოსს, რომ თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს კონსტრუქციულ ჭრილში, ამისკენ კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი ის იქნება, რომ შემდეგ კვირაში შევიკრიბებით“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ანთაძის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, დე ფაქტო ცხინვალის და რუსეთის საოკუპაციო ძალების პოზიციები დიამეტრალურად განსხვავებული რჩება.

როგორც ანთაძემ სოფელ ჩორჩანასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამის მიუხედავად, შეხვედრაზე შეინიშნებოდა რომ არის მზაობა, დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს და მიიღწეულ იქნას შეთანხმება.

„ჩვენი პოზიციები რჩება დიამეტრალურად განსხვავებული. თუმცა, შეხვედრაზე შეინიშნებოდა გარკვეული ნიშნები იმისა, რომ არის მზაობა გაგრძელდეს დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში და ამ მიზნით მიღწეულ იქნას შეთანხმება. მომავალ კვირას გაიმართოს კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა. დღევანდელ შეხვედრაზე მონაწილეებს კიდევ ერთხელ გავუზიარეთ ჩვენი პოზიციები სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს მოწყობასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პოზიციები რჩება დიამეტრალურად განსხვავებული, თუმცა, შეხვედრაზე შეინიშნებოდა რომ არის მზაობა გაგრძელდეს დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში და მიიღწეულ იქნას შეთანხმება.

ყველა მონაწილე შევთანხმდით ერთ მნიშვნელოვან პრინციპზე, რომ ჩვენი მცდელობები მიმართული იქნება დაძაბულობის დეესკალაციისკენ და შემდგომშიც გატარებული იქნება ყველა ძალისხმევა, რომ ყველა გართულება განიმუხტოს კონსტრუქციული დიალოგის გზით“, - განაცხადა ანთაძემ.

მისივე თქმით, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი შეთანხმება მომავალ კვირაში ტექნიკური შეხვედრის დანიშვნასთან დაკავშირებით. „რაც შეეხება შეხვედრის ზუსტ თარიღს ეს დგინდება სამუშაო რეჟიმში მხარეთა შეთანხმებით. ცენტრალური ხელისუფლებისგან გაჟღერდა პოზიცია, რომ წარმოუდგენელია ადგილობრივ მოსახლეობას რაიმე დაემუქროს სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მხრიდან. ამის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნვეელყოფა“, - განაცხადა ანთაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს ულტიმატუმი სოფელ წნელისთან ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე, თუმცა ცენტრალურმა ხელისუფლებამ აღნიშნული ულტიმატუმი არ შეასრულა.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი