ავტორი:

სად ჩაირიცხნენ აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები დააგროვეს

სად ჩაირიცხნენ აბიტურიენტები, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები დააგროვეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. წელს სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რომელ უმაღლეს სასწავლებლებში და რა ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ ის აბიტურიენტები, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები მოიპოვეს. ჩვენ რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით:

სანდრო რჩეულიშვილი, რომელმაც მათემატიკის გამოცდაში 59-დან 59 ქულის მოიპოვა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ფაკულტეტზე ჩააბარა.

კიდევ ერთი მაღალქულიანი აბიტურიენტი ეკატერინე მოსიძეა, რომელმაც ქიმიაში 75-დან 74 ქულა მოიპოვა, სხვა საგნებში კი ასეთი შედეგი აჩვენა: ქართული - 58; უნარები 70; ინგლისური - 70 ქულა. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მაღალი ქულების მიუხედავად, ეკამ სახელმწიფო დაფინანსება ვერ მოიპოვა, რადგან სტუდენტი მეორეჯერ გახდა.

"24 წლის ვარ, დავამთავრე ზუგდიდის მე-10 საჯარო სკოლა. პირველად შარშან ჩავაბარე და მაშინ 100-პროცენტიანი დაფინანსება მქონდა. გრანტის გაცემის წესი ასეთია: თუ ერთხელ გაქვს გამოყენებული, მეორეჯერ აღარ გაძლევენ გრანტის გამოყენების შანსს. დავამთავრე ფარმაციის ფაკულტეტი, ვიმუშავე პროფესიით და მერე მივხვდი, რომ არ იყო ჩემი ეს პროფესია და ისე ვერ განვვითარდებოდი, როგორც მინდოდა.

VIDEO: რომელ უნივერსიტეტებში ჩააბარეს აბიტურიენტებმა, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები მიიღეს

წელს აღარ მოვმზადებულვარ და წლების წინ ნასწავლი გამომადგა, ქიმიას კი ისედაც კარგად ვსწავლობდი და შედეგიც სახეზეა“ - ამბობს ეკატერინე მოსიძე.

წელს მაღალქულიანი აბიტურიენტების რიგს შეურთდა ნინი დეკანოიძე - ის 100%-იანი დაფინანსებით დავით ტვილდიანის კერძო სამედიცინო უნივერსიტეტში, დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე გააგრძელებს სწავლას. ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ქიმიის გამოცდაში 75-დან 74 ქულა მოიპოვა.

"ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვემზადებოდი. განსაკუთრებულ ყურადღებას უნარებსა და ქიმიას ვუთმობდი. ქართულში 80-დან 80 ქულა მივიღე, უნარებში 80-დან 77; ქართულში 80-დან 66. ქიმიაში ერთი ქულა დამაკლდა, სტრუქტურა უნდა დამეხაზა და წყალბადი დამავიწყდა“ - გვეუბნება ნინი დეკანოიძე.

კიდევ ერთი მაღალქულიანი აბიტურიენტი ანუკი გოცაძე აგრარულ უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე ჩაირიცხა.

"ინგლისურსა და უნარებში ავიღე უმაღლესი შედეგი. უნარებში ავიღე 79 ქულა 80-დან; ინგლისურში 80-დან 80. ქართულში 70-დან 56. ქიმიაში 70-დან 64 ქულა. უკმაყოფილო ვარ ქართულის ქულით, გავაპროტესტე, მაგრამ მხოლოდ ერთი ქულა მომიმატეს. გული დამწყდა, მაგრამ აღარ ვფიქრობ მაგაზე“ - ამბობს ანუკი გოცაძე.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრირებულ აბიტურიენტთაგან 71 % ჩაირიცხა, 6546-მა აბიტურიენტმა მოიპოვა სასწავლო გრანტი. მათგან 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა 1011-მა, 70%-იანი - 1452-მა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება მიიღო 4083-მა აბიტურიენტმა.

ასევე, არის აბიტურიენტების დაახლოებით 2%, ვინც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სავალდებულო საგანში, თუმცა ვერ ჩაირიცხა, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი არჩევანი გაკეთებული.

ავტორი: თიკო გურაშვილი

მნიშვნელოვანი სიახლე აბიტურიენტებისთვის - 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩაბარდება

ქართველი ლექტორის და 33 სტუდენტის საქართველოდან გაუჩინარების ამბავი - "საკუთარი რელიგია შექმნა... სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებოდა"

"არც ფული მქონდა, არც გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, მაგრამ..." - 17 წლის ლუკა ბუსკივაძეს აშშ-ს უნივერსიტეტი სწავლას 320 000 დოლარით დაუფინანსებს