ავტორი:

"ხალხი პანიკაში და გაურკვევლობაშია..." - რაზე აფრთხილებენ ახალგორის მოსახლეობას ოსები?

"ხალხი პანიკაში და გაურკვევლობაშია..." - რაზე აფრთხილებენ ახალგორის მოსახლეობას ოსები?

ბოლო რამდენიმე დღეა ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ ახალგორის შესასვლელი შესაძლოა, ჩაიკეტოს.

ადგილობრივები რუს ე.წ მესაზღვრეებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ გადაადგილების აკრძალვა 3 სექტემბერს, საღამოს 18:00 საათიდან იგეგმება.

აღნიშნულ ინფორმაციას ფლობს წარმოშობით ახალგორელი ნინო ყოჩიშვილი, რომელიც "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"ცუდი ამბავი გვაქვს ქვეყანაში. ახალგორში იკეტებოდა ხოლმე გზები რამდენიმე დღით, ერთი კვირით, ახლა მიიღო გადაწყვეტილება რუსულმა მხარემ და სამუდამოდ კეტავენ. დადიან სოფლებში და ხალხს აფრთხილებენ, ვისაც წასვლა გინდათ, წადით, მერე ვეღარ წახვალთო. ხალხი პანიკაში და გაურკვევლობაშია, არც დატოვება უნდათ და არც სულ იქ ჩარჩენა.

ჩემმა ახლობელმა გადაწყვიტა, რომ იქ დარჩეს და შვილები დაიბარა სანახავად, იქნებ ცოცხალი ვეღარც მნახოთ, მე იქ დავრჩები, თქვენ აქო... სახელმწიფოს შეგრძნება მთლიანად დაკარგული მაქვს. რაღაც სასწაულის მჯერა, სხვა არაფრის" - წერს ნინო ყოჩიშვილი.

AMBEBI.GE-სთან საუბარში ყოჩიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია სოფელ იკოთში მცხოვრები ქართველისგან მიიღო, რომლის თქმითაც, გაფრთხილებას ბოლო ორი დღეა იღებენ ოსებისგან, რომელთა უკან რუსები დგანან.

გაფრთხილების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს კიდევ ერთი მოქალაქე "ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

"უკვე მეორე დღეა, გვაფრთხილებენ ახალგორის შესასვლელში მოქმედ საგუშაგოზე რუსი მესაზღვრეები, რომ ხვალ საღამოდან იკეტება დაბის შესასვლელი და მოძრაობა აიკრძალება, როგორც ფეხის მოსიარულეებისთვის, ასევე სატრანსპორტო საშუალებებისთვის. როცა ვეკითხებით, რამდენი ხნით შეიზღუდება მოძრაობა, პასუხს ვერ აკონკრეტებენ, თუმცა, ისიც თქვეს, რომ შეიძლება საერთოდ ჩაიკეტოს.

ეს ძალიან ცუდ მდგომარეობას შექმნის, ახალგორიდან დევნილების უმრავლესობა, ე.წ. პროპუსკების საშუალებით, ჩვენ სახლებში შესვლას დღემდე ვახერხებთ, ბევრი სულაც იქ ვცხოვრობთ. გარდა ამისა, პედაგოგების თუ სხვა სამსახურებში დასაქმებულთა დიდი ნაწილი წეროვანიდან დადის ოკუპირებულ დაბაში, შესაბამისად, ვეღარც ისინი შევლენ. ახლა გამოვედი და არ ვიცი, შევძლებ თუ არა ისევ შესვლას“, - განაცხადა ახალგორიდან გამოსულმა მოქალაქემ.

AMBEBI.GE ამ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად ახალგორელ უფლებადამცველს თამარ მეარაყიშვილს დაუკავშირდა.

"სამუდამოდ გზის ჩაკეტვაზე, აქაური პასუხისმგებელი პირებისგან არაფერი მსმენია... უამრავ ცნობას ვიღებ ორივე მხრიდან, ცხინვალიდან და ქართული მხრიდანაც, ნებისმიერ ინფორმაციას მე ვავრცელებ ხოლმე. ჩემს წინ ახალგორის პოლიციის განყოფილებაა და თუ რამე ხდება, მათგანაც ვიგებ ბევრ რამეს და ამაზე არაფერი გამიგია.

- ხალხი ნამდვილად ტოვებს საცხოვრებელს?

- დიახ, არ ვიცი ვინ თესავს პანიკას, მაგრამ ვიღაცები მიდიან და თან მიაქვთ რისი წაღებაც შეუძლიათ. იმედია, ადგილობრივი ხელმძღვანელობიდან ვინმე გამოვა და მათ აუხსნის, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს - გვითხრა მეარაყიშვილმა.

ახალგორის შესასვლელი შესაძლო დაკეტვაზე საუბარი იყო დღეს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზეც. სუს-ის წარმომადგენლის ცნობით, ერგნეთში ოსურმა მხარემ არ დაადასტურა, რომ შესასვლელი შესაძლოა, ჩაიკეტოს

როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ერგნეთში გამართული შეხვედრისას ოსურმა მხარემ არ დაადასტურა, რომ ახალგორის შესასვლელი შესაძლოა, ჩაიკეტოს.

„რაც შეეხება ახალგორის საკითხს, მე რა თქმა უნდა დავინტერესდი საკითხით და მივიღე შემდეგ პასუხი, რომ ზოგადად, როცა დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები ახორციელებენ მსგავსი ტიპის აქციებს, ამ საკითხზე აქტიურდება ცხელი ხაზი და გვატყობინებენ, ან ჩნდება ხოლმე მათი განცხადებები. არც ერთს, და არც მეორეს ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ყოველ შემთხვევაში დღეს ამის დადასტურება მე ვერ მივიღე. მათ არ დაგვიდასტურეს ეს ფაქტი დღეს“, - განაცხადა ანთაძემ.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?