ავტორი:

არიან თუ არა ჯარში ნამყოფი ქართველი დეპუტატები - "ვიხვეწებოდი, თუმცა როგორც დედისერთა, არ წამიყვანეს"

არიან თუ არა ჯარში ნამყოფი ქართველი დეპუტატები - "ვიხვეწებოდი, თუმცა როგორც დედისერთა, არ წამიყვანეს"

"ჯარის თემა უნდა შევიდეს ყველა ოჯახში. ამ საკითხის პოპულარიზაცია ბაღიდან, სკოლებიდან უნდა დავიწყოთ" - ამის შესახებ 5 სექტემბერს პარლამენტში დეპუტატების წინაშე გამოსვლისას თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ყოფილი პრემიერისა და მომავალი თავდაცვის მინისტრის თქმით, მისი მთავარი საზრუნავი იქნება, სამინისტრომ შეძლოს "ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთების ამოწევა და გაღვივება", რაშიც საკანონმდებლო ორგანოს დიდი იმედი აქვს.

სამხედრო სამსახურის თემა პერიოდულად აქტუალური ხდება საქართველოში. მაგალითად, გასულ წელს ჯერ კიდევ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მიმართა და დეპუტატების სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის სურვილი გამოთქვა, რათა "მისცენ მაგალითი შვილებს, რომ შეიარაღებულ ძალებში სამსახური დიდი პატივია".

მაშინ AMBEBI.GE დაინტერესდა, არიან თუ არა ქართველი დეპუტატები ჯარში ნამყოფი. როგორც ჩვენს მიერ ჩატარებულმა მცირე კვლევამ აჩვენა, "ქართული ოცნების" დეპუტატების 90%-ს სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვს. ხოლო კონკრეტულად, ვის რა სამხედრო უნარ-ჩვევები აქვს შეძენილი, ამას თავად საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებისგან შეიტყობთ.

არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის თავმჯდომარე:

სამხედრო სამსახურის ვალდებულება მოხდილი მაქვს კანონის თანახმად, სამხედრო სამედიცინო მიმართულებით. ასევე სპეცმომზადება მაქვს გავლილი და ვარ პოლიციის პოლკოვნიკი. ემსახურო შენი ქვეყნის შეიარაღებულ ჯარებს, არის დიდი პატივი!

კახა ოქრიაშვილი, უმრავლესობის დეპუტატი:

უნივერსიტეტში სწავლის დროს 2-თვიანი სამხედრო კათედრა გავიარე ბათუმში და მივიღე სამედიცინო ლეიტენანტის წოდება. სხვათა შორის, ძალიან მომწონდა ეს სწავლების პერიოდი. ახლა რეზერვისტებში დიდი სიამოვნებით ჩავეწერებოდი და წელიწადში ორი კვირით წავიდოდი.

ზაზა ხუციშვილი, უმრავლესობის დეპუტატი:

ჯარში ნამყოფი არ ვარ. პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე, სადაც სამხედრო კათედრა გავიარე და 40-დღიან წვრთნებზე ვიყავი ახალქალაქში.

აკაკი ზოიძე, უმრავლესობის დეპუტატი:

ჯარში ნამყოფი არ ვარ. სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობდი და მაშინ სტუდენტებს არ იწვევდნენ. მისი დამთავრების შემდეგ ჯარი აღარ იყო. მაშინ საბჭოთა კავშირის დრო იყო და ჯარი კი არა, ქვეყანაც აღარ იყო.

მამუკა მდინარაძე, უმრავლესობის დეპუტატი:

ჯარში არ ვარ ნამყოფი. სტუდენტობის დროს უნივერსიტეტში სამხედრო კათედრა იყო და ეს კათედრა გავიარე. ერთთვიანი სამხედრო მომზადებით ჩავაბარე გამოცდა და თადარიგის ოფიცრის წოდება მივიღე. როგორც მახსოვს, რამდენიმე დღის შემდეგ ეს ჩინი გაუქმდა და სხვა წოდება მიენიჭა.

არ დაგიმალავთ, არ იყო ეს ის სამხედრო მომზადება, რაც საჭიროა. ნაკლები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ მაშინ ამას. ასე რომ, არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. ეს გართობის საშუალებად იყო ქცეული, თუმცა ელემენტარული რაღაც მაინც ვისწავლე.

სიმონ ნოზაძე, მაჟორიტარი დეპუტატი:

სამხედრო კათედრაზე ვსწალობდი და შემდეგ 2-თვიანი შეკრება გავიარე, სადაც გვასწავლეს და მოგვამზადეს ლეიტენანტებად. ასევე გავლილი მაქვს უშიშროების 6-თვიანი უმაღლესი კურსი. მიუხედავად იმისა, რომ ორთვიანი შეკრება ზაფხულში აზერბაიჯანში გავიარე და თაკარა მზის ქვეშ ვცხოვრობდით, მაინც კარგად მახსენდება. ბევრნი ვიყავით, თუმცა ძალიან მობილიზებული და შეკრულები ვიყავით.

კვება არ ვარგოდა, მაგრამ მოტივირებულები ვიყავით, ჩვენი საქმე გვესწავლა. ასე რომ, ცოტა ყველაფერი ვიცოდით. ტაქტიკური მომზადება, რა სტრატეგიული ამოცანები დგას ჯარის წინაშე, ასევე ვისწავლეთ როგორ უნდა უზრუნველვყოთ ფრონტების და არმიების კავშირი.

თენგიზ გუნავა, საპარლამენტო უმცირესობა, "ნაციონალური მოძრაობა":

არ ვარ ჯარში ნამყოფი. ვიხვეწებოდი წაყვანას, თუმცა დედისერთების წაყვანას მაშინ კანონი კრძალავდა და შესაბამისად, მე როგორც დედისერთა, არ წამიყვანეს.

ირაკლი აბესაძე, საპარლამენტო უმცირესობა, "ნაციონალური მოძრაობა":

სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არ მაქვს, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრა გავიარე. ეს იყო 2002-2003 წლები.

რომან კაკულია, უმრავლესობის დეპუტატი:

პოლიტექნიკური უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, მაშინ იყო ერთთვიანი სწავლებები, რომლითაც თადარიგის ოფიცრის წოდება მომენიჭა. აზერბაიჯანში გავიარე ეს კათედრა.

გიორგი ხატიძე, უმრავლესობის დეპუტატი:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი დავამთავრე. შესაბამისად, სასწავლო კურსის ფარგლებში დამთავრებული მაქვს სამხედრო კათედრა და გავლილი მაქვს სამხედრო შეკრება. ამ პერიოდში, როცა ვსწავლობდით შესაბამისი წოდება მაქვს მონიჭებული. შემდეგ 3 წლის განმავლობაში ვმუშაობდი უშიშროების სამსახურში, ამიტომ სამხედრო მიმართულება გავლილი მაქვს შესაბამისი სავალდებულო კომპონენტით.

ყოველთვის ვცდილობდი, რომ ის ვალდებულებები, რაც იყო სწავლასთან დაკავშირებით, წარმატებით შემესრულებინა. ასევე იყო სამხედრო კათედრასთან დაკავშირებით.

ირაკლი აბუსერიძე, უმრავლესობის დეპუტატი:

სამხედრო კათედრა და ერთთვიანი შეკრება მაქვს გავლილი. ყოველ წელს რაღაცეები იხვეწება და ჩემ დროს რაც იყო, წარმატებით გავლილი და შესაბამისი სამხედრო წოდებაც მიღებული მაქვს. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა, თუმცა იმ პერიოდში, რაც მომიწია, ის გავლილი მაქვს.

"უხერხულია, ჯარს დაამადლო 160 დოლარად შეფასებული საათი" - რას ამბობს ღარიბაშვილი ციკოლიას შექმნილ საათებზე და როგორ გამოიყურება ისინი

"სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო" - II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების გვარ-სახელები გერმანული არქივებიდან

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე