ავტორი:

"დამოუკიდებლობისთვის დაჩეხილი ვეტერანები შიმშილით ეხოცებათ, სამკურნალოდ საქართველოში გარბიან, ახლა გაახსენდათ გალელები?!" - რას წერენ აფხაზები "არჩევნების" მეორე ტურზე

"დამოუკიდებლობისთვის დაჩეხილი ვეტერანები შიმშილით ეხოცებათ, სამკურნალოდ საქართველოში გარბიან, ახლა გაახსენდათ გალელები?!" - რას წერენ აფხაზები "არჩევნების" მეორე ტურზე

დღეს, 8 სექტემბერს, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია, რომელიც "კანდიდატებს" შორის გალის რაიონის მოსახლეობის ხმებისთვის პირდაპირი ბრძოლის ფონზე მიმდინარეობდა.

როგორც abkhaz-auto.ru წერს, რაულ ხაჯიმბას საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, გასული ორი კვირის განმავლობაში ამომრჩევლებზე ზეწოლა მიმდინარეობდა. ხაჯიმბას განცხადებით, ანონიმთა ჯგუფებია შექმნილი, რომლებიც მასზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, თითქოს ის "გალელების დისკრედიტაციას ეწევა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება".

რაულ ხაჯიმბას განცხადებითვე, მან ყველაფრი გააკეთა იმისთვის, ომ გალის რაიონში ვითარება სტაბილური ყოფილიყო და "ეს ბოლო 5 წლის განმავლობაში რაიონის მოსახლეობაზე აისახა კიდეც. რამდენი ხანია რაიონში ადამიანების გატაცება შეწყდა, ადგილობრივ მოსახლეობას აღარ ეშინია საღამოობით ქუჩაში გარეთ გამოსვლისა და სუფთა ქუჩებში ოჯახთან ერთად სეირნობის. ამიტომ სიამოვნებით უნდა აღვნიშნოთ, რომ გალელების უმრავლესობა მხარს უჭერს რაულ ხაჯიმბას, რადგან ჩვენ ყოველთვის ყურადღებითა და მზრუნველობით ვეკიდებოდით გალის მოსახლეობის პრობლემებს", - აცხადებს ხაჯიმბა.

თავის მხრივ, "წინასაარჩევნო კამპანიაში" ალხას კვიცინია სწორედ გალის რაიონის მოსახლეობაზე აკეთებდა აქცენტს. გალის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას, ის მწვავედ აკრიტიკებდა ხაჯიმბას პოლიტიკას გალელებთან მიმართებაში და ამბობდა, რომ წარმოუდგენელია მოქალაქეობა არ მისცე გალში დაბადებულ-გაზრდილ ადამიანს ან 'იურიდიული პრობლემები" შეუქმნა მათ.

ასევე, ხაჯიმბას მთავარი ოპონენტის თქმით, ამდენი წლის განმავლობაში ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა რუსეთიდან მომავალი დაფინანსების შემცირებაც კი ვერ შეძლო, ეკონომიკა პრაქტიკულად დანგრეულია, პენსიებსა და ხელფასებს ისევ რუსეთიდან იღებენ, ხაჯიმბას დაპირება კი, რომ პენსია 15 ათასი რუბლი გახდება - დაპირებად დარჩა.

თუმცა, კვიცინიასთან ტელედებატებში ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ასეთი რამ არასდროს უთქვამს და შავ პიარს უკეთებენ. ekhokavkaza.com-ზე გამოქვეყნებული სტატიაში ავტორი წერს, რომ პოლიტიკოსებს შორის კამათი დაბალი კულტურის მაჩვენებელი იყო. "მიუხედავად იმისა, რომ კვიცინია ხაჯიმბაზე 11 წლით უფროსია, მოქმედი პრეზიდენტი აშკარად ზედმეტად ხშრიად იმეორებდა უსაგნო სიტყვებსა და ოპონენტს ძალიან ხშირად "შენობით" მიმართავდა. მასთან შედარებით, კვიცინია გაცილებით ღირსეულად და თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და მოქმედ პრეზიდენტს ეკონომიკურ პრობლემებზე, სტატისტიკური მონაცემების გამოყენებით "ურტყამდა"", - წერს გამოცემა.

თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ რაულ ხაჯიმბა ბევრად უფრო სუსტად გამოიყურება, ვიდრე ახლახან გამოჩეკილი პოლიტიკოსი და მით უფრო, ლიდერი, ალხას კვიცინია, რომლის უკანაც, მთელი ოპოზიციური სპექტრი დგას. მათ შორის, ფახაზეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი, ალქესანდრე ანქვაბი, რომელსაც ამ არჩევნებში თავისი ფავორიტი ჰყავდა - ოლეგ არშბა; ის მესამე ადგილზე გავიდა და მეორე ტურში, თავის ამომრჩეველს მოუწოდა, ალხას კვიცინიასთვის დაეჭირათ მხარი.

რამდენიმე დღის წინ, ვიდეო მიმართვა გაავრცელა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამაც, რომელიც რამდენიმე თვის წინ სოხუმის ერთ-ერთ კაფეში მოწამლეს და დღემდე გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. ბჟანიამ თავის მომხრეებსა და მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას მოუწოდა, ალხას კვიცინიას მისცენ ხმა. მართალია, კვიცინიას პოლიტიკური ბექგრაუნდი პრაქიკულად არ აქვს, მეტიც, ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისტის ირონიანარევი ხუმრობის თანახმად, იმდენად არაფერი გააჩნია, რომ საბანკო კრედიტიც კი არ აქვს, მაგრამ, ხაჯიმბაზე გაბრაზებული ხალხი მას მაინც მისცემს ხმას.

აფხაზი ინტერნეტ-მოხმარებლები წერენ, რომ ყველა ლოგიკით ხაჯიმბას უკვე წაგებული აქვს.

"ერთადერთი რჩება პირწმინდა გაყალბება, რუსეთის დახმარებით, რაღაც მაქინაციებს უნდა მიმართოს, რომ ხმები დააგროვოს. ალბათ ყველა ადამიანი, ვისაც რუსეთი ურიცხავს თვის ბოლოს პენსიასა და ხელფასს, იძულებული გახდება მას მისცეს ხმა, ასეთ შემთხვევაში კი შემიძლია ვთქვა, რომ კიდევ 50 წელი გვექნება სკოლის მერხიდანვე ნარკოტიკებზე დამოკიდებულება ახალგაზრდებში, გზებზე სიკვდილი, "გაი", აგრესიული დამსვენებლები, ქურდობა, ადამიანის გატაცება. დანგრეული მომავალი. იქნებ ერთხელ თავად შევცვალოთ რამე", - წერს სოხუმელი ლია გულია სოციალურ ქსელში.

"ისეთი ხალხი ჰყავს გარშემო, არც კვიცინია იქნება უკეთესი, მაგრამ რა უნდა ვქნათ? დღეს ორ უარესს შორის, ალბათ ოდნავ უკეთეს ვირჩევთ... დამოუკიდებლობისთვის დაჩეხილი ვეტერანები შიმშილით, ნარკოტიკებითა და ლოთობით ეხოცებათ, სამკურნალოდ საქართველოში გარბიან და ახლა გაახსენდათ, რომ გალელებიც მათი მოქალაქეები არიან და მათზე ზრუნვაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. მეტი დაცინვა რაღაც გინდათ?", - მიაჩნია ვერა ციცირბას.

"ამ პოლიტიკოსების შემყურე ვრწმუნდები, რომ აფხაზეთს მომავალი არ აქვს, თუმცა, რა გინდა გააკეთო, - რუსეთმა გვაღიარა, მაგრამ არ აღიარებს ჩვენს დიპლომებს, რომლებიც სალხში ოხრად გვაქვს... არ გვაქვს სამედიცინო დაზღვევა, სამსახური, კანონი და დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ხაჯიმბას გაშვება შეცვლის ვერაფერს, რადგან მომავალი არ გვაქვს", - წერს ინტერნეტ-მომხმარებელი ილონა.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?