ავტორი:

"ვერც ერთი გადაცემის სახელი ვერ წამოვიღეთ" - რა გადაიტანეს ახალ არხზე ყოფილმა "რუსთავი 2"-ელებმა

"ვერც ერთი გადაცემის სახელი ვერ წამოვიღეთ" - რა გადაიტანეს ახალ არხზე ყოფილმა "რუსთავი 2"-ელებმა

9 სექტემბერს ეთერში "მთავარი არხი" გავიდა. "რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომლებით დაკომპლექტებული ტელევიზია "იბერიას" შენობიდან მაუწყებლობს და მაყურებელს ბევრ სიახლეს პირდება.

იმაზე, თუ რა გეგმები აქვს ტელევიზიას, რა გადაცემები და რომელი სახეები გამოჩნდებიან ეთერში AMBEBI.GE-ს ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი ესაუბრება, რომელმაც "რუსთავი 2"-ში 18-წლიანი მუშაობა ამ ზაფხულს, ცნობილი მოვლენების შემდეგ დაასრულა და კოლეგებთან ერთად, ახალ არხზე გადავიდა.

- ერთი სიტყვით რომ ვთქვა: ეს ყველაფერი მძიმე იყო, თუ პასუხს განვავრცობთ, ფაქტობრივად, ყველაზე რთული ადამიანური გამოცდა იყო და ასეთივე გადასატანიც. ვიღაცასთან შეხვედრა, ვიღაცასთან დაცილება - არ არის ადვილი. საკმაო ასაკი მაქვს იმისთვის, ვიცოდე, რომ ყველა ადამიანი ერთი არ არის და გუშინდელი მეგობარი ხვალ შეიძლება მეგობარი აღარ იყოს.

არსებობდა ვიღაცების დაკარგვის რისკი... დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც მეგობრებს, მათ არ დავკარგავ, ვინც ახალ ტელევიზიაში "რუსთავი 2"-დან არ წამოვიდა.

- პოლიტიკურად როგორ აფასებთ არხის გარშემო განვითარებულ ამბებს?

- ეს ბიძინა-ბორის ივანიშვილის ყველაზე წარმატებული ოპერაცია იყო: ერთადერთი მთავარი დაპირება, რომ „რუსთავი 2“-ს გააჩუმებდა, ამომრჩეველს შეუსრულა. არხის გაჩუმებით არ ვარ დარწმუნებული, რამდენად კარგი ცხოვრება გამოჩნდა, მაგრამ ამ ნაბიჯით ვიღაცებს გული მოფხანა, რაზეც დიდხანს და მიზანმიმართულად იმუშავა.

თავი მოჭრა მთელს სასამართლო სისტემას, მათ შორის, სამწუხაროდ, ევროპულსაც, ძალიან მიჭირს იმის მტკიცება, რომ ევროპაში რამე ჩააწყო, მაგრამ თუ შედეგით ვიმსჯელებთ, ამაში ლოგიკა არის, რომ ვიღაც ძალიან სერიოზული და გავლენიანი დაეხმარა სასურველი შედეგის მიღწევაში, თუნდაც იმის გამო, რომ განსხვავებული მოსაზრება დაწერა იმ მეშვიდე მოსამართლემ. ნუთუ მე ვარ ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს პოლიტიკურ კონტექსტში ხედავს და არა უბრალოდ, ქონებრივი დავის?

- რას პირდება მაყურებელს "მთავარი"?

- რაც ნამდვილად ვიცი, გული მიგრძნობს, საკუთარი გამოცდილება და იქ არსებული ვითარება მაძლევს ამის თქმის საშუალებას: ეს იქნება მებრძოლი არხი, რადგანაც სხვა შანსი აღარ დარჩა. პოლიტიკური პარტია არ უნდა გახდეს და არც გახდება, მაგრამ ის აქტიურ პოლიტიკურ ბრძოლაში იქნება ჩართული.

"რუსთავი 2"-ის დახურვით და ახალი არხის შექმნით ვიღაც შუაშისტები (ასე რომ ეძახიან საკუთარ თავებს) მორალზე რომ ლაპარაკობენ, მათ დაკარგეს მორალური უფლება, თქვან, რომ ტელევიზიამ შუალედი უნდა შეინარჩუნოს, „ბიბისის“ სტანდარტები დაიცვას. ეს ამ პოლიტიკურ ბრძოლაში აღარ გამოვა. ახალი შექმნილი ტელევიზია ვეღარ იქნება ავსტრიული თუ ბრიტანული სტანდარტის, თუნდაც იმიტომ, რომ ვითარება ბრიტანეთში განსხვავებულია, ვიდრე აქ.

მოკლედ, ეს მებრძოლი არხი ვიღაცას მოეწონება და ვიღაცას - არა. გამოჩნდა, რომ ტელევიზია „რუსთავი 2“ იყო ყველაზე ორგანიზებული და ეფექტიანი პოლიტიკური ოპოზიციური ძალა.

- გარდა იმისა, რომ „მთავარს“ "ვანოს შოუ" ექნება, სხვა გასართობ გადაცემებზე უარი თქვა?

- თუ არ ვცდები, „რუსთავი 2“-ზე მუშაობდა 860 ადამიანი. ახლა „მთავარზე“ მუშაობს 250 - სხვაობა ადამიანურ რესურსს შორის დიდია. გასართობი შოუებიდან "ვანოს შოუ" იქნება, ასევე გავა ნიკა გრიგოლიასა და ილო ბეროშვილის შოუც. შუადღის გადაცემა, შუაღამე, დილის გადაცემა ნელ-ნელა დაემატება.

იქნება "მხოლოდ ქართული" - ზუსტად ვიცი, რომ ეს გეგმა არსებობს. ნიკა გვარამიას ძალიან უნდა, რომ „მხოლოდ ქართული“ ისევ გავიდეს, ეს მისი პროექტია, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ გასართობი მიმართულება ნაკლებად იქნება, რასაც უმეტესად პოლიტიკა ჩაანაცვლებს. თუნდაც იმიტომ, რომ საგრძნობლად არის შემცირებული რესურსი.

- ამ მცირე ადამიანური რესურსით რამდენად შეძლებს არხი ჩანაფიქრის განხორციელებას? ასევე საინტერესოა იმ მცირე ფართში, სადაც ახლა ხართ განთავსებული, არ გიჭირთ მუშაობა?

- სივრცე და ფართი გაცილებით პატარაა, მაგრამ არჩევანი არ გვაქვს, სამწუხაროდ. თუ სივრცე არ გვეყოფა, ჩვენ უნდა ვეყოთ ამ სივრცეს, ხელფასივით. რაღაც უნდა მოვახერხოთ, რადგან არასტანდარტულ ვითარებაში ვართ. 20 დღეში ახალი ტელევიზიის ამოქოქვა ახალი სახელით, ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.

ის გვეხმარება, რომ ე.წ. პრობები არავის აქვს გასავლელი, არც მეტყველების გაკვეთილებია ჩასატარებელი და კადრში არავინ გვაფასებს, როგორ გამოვიყურებით. მოკლედ, ხელი იმაში შეგვეწყო, რომ არავის სწავლაში რესურსები და დრო არ დაიხარჯა. ხალხიც არ დაგვიმატებია. ადამიანების დამატება მოგვიწევს, მაგრამ პირველ დღეებში ეთერში გასასვლელად ეს არ გვჭირდება.

- P.S - ეს არის გადაცემა, რომელსაც წლები შეალიეთ. "პოსტსკრიპტუმის" გუნდი ერთად წამოხვედით "რუსთავი 2"-დან, რითაც გუნდურობა და ერთსულოვნება აჩვენეთ... რა იყო ეს გადაცემა თქვენთვის?

- უხეშად რომ ვთქვა, P.S.-ში ბევრი მაქვს ჩათხლეშილი... ზუსტად არ მახსოვს, ალბათ 15 წელი, მანამდე „კურიერში“ ვიყავი, მერე პარალელურად ვმუშაობდი „პ.ს“-ში, ბოლოს კი უკვე მთლიანად... ჩემთვის ეს პერიოდი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

ოფლი და სისხლი მაქვს პირდაპირი მნიშვნელობით ჩაღვრილი - ერთხელ, 2004 წელს, კეხვში, ჯერ კიდევ ჩვენი რომ იყო, ავფეთქდი... ალბათ ეს ეტაპი ოდესღაც უნდა დამთავრებულიყო, მეგონა, პენსიაზე იქიდან გავიდოდი... საკუთარი შრომა, რაც ამ გადაცემაში ჩაიდო, მენანება.

ბოლო დღე P.S-ში და კარებზე თენგო გოგოტიშვილის მიერ გაკეთებული წარწერა

გუნდი ერთსულოვნები ვართ, უბრალოდ, ერთ აზრზე არ ვართ ყოველთვის. ხანდახან საქმესთან დაკავშირებით ვჭამთ ხოლმე ერთმანეთს. ასე ერთობლივად რომ არ წამოვსულიყავით, გამოვიდოდა, რომ საკუთარი ბოდიში და გადაფურთხებული ავლოკეთ. ამის არანაირი სურვილი არ მქონდა, ეს გამეკეთებინა.

თავიდანვე ვთქვი, როდესაც 18 ივლისს ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“ გადაიფორმა და დაგვპირდა, სარედაქციო დამოუკიდებლობა შენარჩუნებული იქნებოდა და არხიდან მხოლოდ ნიკა გვარამია გაუშვეს. ჟურნალისტებმა შევადგინეთ განცხადება (ტექსტს მე და თეა ადეიშვილი ვკარნახობდით) ალბათ უფრო მემორანდუმი, ულტიმატუმი იყო: სარედაქციო დამოუკიდებლობა ნიშნავს იმას, რომ არ შეიცვალოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელობა, წამყვანები, არ მოხდეს ხელფასებით მანიპულირება (ვერ გადაგიხდი, ამიტომ გაიძულებ, წახვიდე). საბოლოოდ ისე მოხდა, რომ სამივე პირობა დაირღვა. საინფორმაციოს უფროსიც გაუშვეს, წამყვანებიც, მათ შორის, ჩვენი წამყვანიც და ხელფასების თემაც ჰაერშია.

- P.S-ის სანაცვლოდ მაყურებელს რას სთავაზობთ?

- ჩვენს გადაცემას ერქმევა „პოსტ ფაქტუმი“ - ეს სახელი როგორც ვიცი, დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაკაშიძემ მოიფიქრა. ვერც ერთი გადაცემის ძველი სახელი ვერ წამოვიღეთ. როგორც იურისტებმა თქვეს, საავტორო უფლებების პრობლემა გვექნებოდა, თუმცა მგონია, მორალური უფლება გვექნებოდა წამოგვეღო. მოკლედ, გვინდა, ამ კვირის ბოლოს გადაცემა ეთერში გავიდეს. მაყურებელი ელოდება და არ გვინდა, გავაწბილოთ მათი მოლოდინი.

პრინციპში ისეთივე პროგრამა იქნება, როგორიც ბოლო წლებში იყო, იმიტომ, რომ იგივე ადამიანები მუშაობენ მასზე, ოპერატორებიც კი ჩვენები არიან, ჟურნალისტები, პროდიუსერები - იგივე პროდუქტი გამოვა, რადგანაც მეპურეს თუ არ ცვლი, გამომცხვარი პურიც იგივე იქნება.

განსხვავება კონკურენტ პროგრამებთან, რომლებიც სხვა არხებზეა, იქნება, რადგანაც რამდენი ხანია, რამდენჯერ ნაკლები ფულით ვაკეთებდით. ჩვენთვის უცხოეთში მოგზაურობა სიუჟეტებისთვის „რუსთავი 2“-ის ფინანსური პრობლემების გამო დიდი ფუფუნება იყო, ფინანსური სირთულების შემდეგ ძალიან გართულდა ყველაფერი. ამიტომ ძირითადი აქცენტი იქნება შიდა პოლიტიკაზე და მაყურებელი იგივე ხალხის იგივე პროდუქტს იხილავს, უბრალოდ, სხვა სახელწოდებით მიწოდებულს.

შეიძინეთ ბინა 50 000 ლარიანი ფასდაკლებით m2 ის კომპლექსში

"მშვიდობით სკოლა!!!" - ვინ არის ბათუმელი ბიჭუნა, რომლის განცხადებამ ინტერნეტი გაახალისა

"მშობლები აქციების გამო თავს იკავებენ ბავშვების გამოშვებაზე" - რა მდგომარეობაა პარლამენტთან მდებარე სკოლებში