ავტორი:

რომელი ჟურნალისტები გადავიდნენ "რუსთავი 2"-ზე და რას ამბობენ საინფორმაციოს ახალ უფროსზე, რომელიც "ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრია

რომელი ჟურნალისტები გადავიდნენ "რუსთავი 2"-ზე და რას ამბობენ საინფორმაციოს ახალ უფროსზე, რომელიც "ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრია

ახალი ხელმძღვანელობის ხელში გადასული "რუსთავი 2" განახლებული სახით ეთერში ჯერ არ დაბრუნებულა. ჯერჯერობით, ტელეკომპანია არხიდან წასული ჟურნალისტების ადგილებს ავსებს და სხვადასხვა კონკურენტი ტელევიზიებიდან მიჰყავს ნაცნობი თუ უცნობი სახეები.

სკანდალური აღმოჩნდა ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსობას ხათუნა ბერძენიშვილი ჩაიბარებს. ის წლების განმავლობაში მუშაობდა პირველ არხზე საინფორმაციო სამსახურის უფროსად, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მაშინდელმა დირექტორმა ის არხიდან გაათავისუფლა.

2013 წელს კი ბერძენიშვილი თბილისის მერმა გიგი უგულავამ კრწანისის რაიონის გამგებლად წარადგინა.

2014 წელს ხათუნა ბერძენიშვილმა "ნაციონალების" კვოტით კენჭი საკრებულოში იყარა. მოგვიანებით კი "ევროპულ საქართველოში" გადაინაცვლა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

ხანმოკლე პოლიტიკური კარიერის შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, პროდიუსერმა მედიაში დაბრუნება გადაწყვიტა. რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, ხათუნა ბერძენიშვილთან გასაუბრება ვერ შევძელით - მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა. ინფორმაციის გადამოწმება "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან, პაატა სალიასთან ვცადეთ.

VIDEO: რომელი ჟურნალისტები ჩაანაცვლებენ "კურიერის" ცნობილ სახეებს კონკურენტი არხებიდან

- ბატონო პაატა, გავრცელებული ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ზე დაბრუნდნენ ხათუნა ბერძენიშვილი და ნინო შუბლაძე, ადასტურებთ?

- ჩვენივე არხის მეშვეობით გაიგებთ მალე ყველაფერს. არ ვაკონკრეტებ დღეს, თარიღს. ვამბობ, ძალიან მალე, ამ თვეში აუცილებლად გეცოდინებათ.

- არც უარყოფთ და არც ადასტურებთ ინფორმაციას ხათუნა ბერძენიშვილის დაბრუნების შესახებ?

- არც ვუარყოფ და არც ვადასტურებ, საოცარი ფრაზაა, უბრალოდ არ გეუბნებით ამ ეტაპზე, არ გაძლევთ ინფორმაციას. გნებავთ დავარქვათ - არც უარვყოფ და არც ვადასტურებ, გნებავთ დავარქვათ, უბრალოდ არ გეუბნებით არაფერს ამასთან დაკავშირებით.

- ხათუნა ბერძენიშვილი პარტიული გახლდათ და ის "ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭსაც იყრიდა ორთაჭალაში. აქედან გაჩნდა კითხვები და ინტერესი მის მიმართ...

- თუ რამე შეკითხვები გაქვთ, მას უნდა ჰკითხოთ. ყველა სიახლეს რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს, შეიტყობთ ამ არხიდან. ვინ მოვიდა, ვინ დაბრუნდა და ა.შ. წინასწარ არ მინდა გვარებისა და ვინაობის დასახელება, რადგან ამასთან დაკავშირებით, არც თუ ისე კარგი გამოცდილება გვაქვს.

ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2"-ზე "იმედისა" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" რამდენიმე ჟურნალისტს ვიხილავთ, მათმა ნაწილმა აღნიშნული AMBEBI.GE-სთან კომენტარშიც დაადასტურა.

მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა გურამ როგავამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა ტელევიზიის დატოვების შესახებ:

"დავტოვე „პირველი არხი“, სადაც 3 წელი და 3 თვე გავატარე. მადლობა მაუწყებელში მომუშავე ადამიანებს. წამოვედი, მაგრამ ვრჩები საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გულშემატკივრად! ახლა ჩემს ცხოვრებაში ახალი გამოწვევის დროა. შევხვდებით მალე!“ - დაწერა როგავამ, რამდენიმე დღეში კი "ფეისბუქითვე" შეატყობინა საზოგადოებას, რომ მუშაობას "რუსთავი 2"-ში იწყებს.

კიდევ ერთი სახე, რომელსაც "რუსთავი 2"-ზე ვიხილავთ "იბერიას" ყოფილი ტელეწამყვანი თამარ ურუშაძეა. აღნიშნული ურუშაძემ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში დაადასტურა:

"ახალი ამბები და საინფორმაციო სამსახური არის ჩვენი პროფესია, რომელსაც წლების განმავლობაში ვაკეთებთ და გავაკეთებთ ისევ ისე პროფესიონალურად, როგორც ვაკეთებდით აქამდე სხვადასხვა არხზე. ძალიან ძლიერი გუნდია, ყველა არის კვალიფიციური და ისეთი ჟურნალისტების გუნდი შეიკრა, რომლებზეც თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებაში და ჩვენს წრეშიც მათზე მაღალი აზრი არსებობს".

- არსებული ინფორმაციით, ხათუნა ბერძენიშვილი "რუსთავი 2-ზე“ საინფორმაციო სამსახურს ჩაუდგება სათავეში... თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამაზე?

- იშვიათად მინახავს ისეთი პროფესიონალი, როგორიც ხათუნა ბერძენიშვილია თავის საქმეში, ეს შემიძლია გითხრათ. მიმუშავია მასთან და კიდევ ერთხელ გიმეორებთ, იშვიათია ისეთი პროფესიონალი, როგორიც არის ხათუნა ბერძენიშვილი, ის არის უაღრესი დონის პროფესიონალი საკუთარ საქმეში და ძალიან კარგად იცის თავისი საქმე, ყველას შეუძლია ეს ჩემ კოლეგას დაადასტუროს თამამად.

- გქონდათ უკვე სამუშაო შეხვედრა?

- ვემზადებით... ჯერ არ ვიცით, როდიდან გავალთ ეთერში, მალე გაიგებს საზოგადოება.

ტელეკომპანია "იმედიდან" "რუსთავი 2"-ში გადადის "ქრონიკის" ყოფილი ჟურნალისტი სოფო ოხანაშვილი. მან AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ რა მოლოდინი აქვს ქიბარ ხალვაშის ტელევიზიაში:

"5 წელი და 5 თვე ვიმუშავე "იმედში", სიმბოლოები არ მიყვარს, მაგრამ ასე დაემთხვა... ეს საკმარისი დროა ერთ არხზე საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და პროფესიულად გასაზრდელად. ეს არის პროფესია, რომელშიც მუდმივად რაღაცას სწავლობ, კოლეგებისგან, გუნდიდან, საკუთარი გამოცდილებიდან.

ჩავთვალე, რომ ეს ხუთი წელი იყო საკმარისი დრო რომ ერთ ადგილზე მუშაობა დამემთავრებინა და სიახლე შემომეტანა პროფესიაში. ამიტომ მივიღე გადაწყვტილება, თორემ მართლა ძალიან გამიჭირდა „იმედის“ დატოვება, გულაჩუყებული წამოვედი. გამიჭირდა, მაგრამ ფიქრში ბევრი დრო აღარ დავკარგე.

- "რუსთავი 2"-ზე საინფორმაციო დამოუკიდებლობის იმედი თუ გაქვთ?

- მოლოდინი რომ არ მქონოდა, რომ აქ ჩემს პროფესიულ ვალდებულებას, მოვალეობებს, მოთხოვნილებებს შევასრულებდი, ნამდვილად არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. დღეს განსხვავებული ვითარებაა მედიაბაზარზე და აწყობილი სამსახურიდან არავინ მოდის. დარწმუნებული ვარ „რუსთავი 2“-ზე მექნება ჩემი პროფესიული შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.

- ცნობილია, რომ ხათუნა ბერძენიშვილი იქნება საინფორმაციო სამსახურის უფროსი...

- მიმუშავია ხათუნასთან დიდი ხნის განმავლობაში „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“. ძალიან კარგი გამოცდილება მაქვს მასთან მუშაობის და შემიძლია ვთქვა, რომ არის პროფესიაში ეტაპები, როდესაც იწყებ, ფეხს იდგამ, ვითარდები, მერე შენ სიტყვას ამბობ პროფესიაში და ამ ორი ეტაპის გადაკვეთაზე მომიწია ხათუნასთან მუშაობა.

დღეს უკვე გადაღებაზე ვარ, „რუსთავი 2“-ის მიკროფონით და ოპერატორ გიორგი ღუდუშაურთან ერთად პირველი გადაღება მაქვს.

- როგორ შეგხვდნენ კოლეგები „მთავარი არხიდან“, ფაქტია რომ დიდია საზოგადოებრივი წნეხი „რუსთავი 2“-ის ახალ სახეებზე...

- რაც შეეხება საზოგადოებრივ წნეხს, ახლა ვიყავი გადაღებაზე, სადაც იყო ძალიან ბევრი ჟურნალისტი, მათ შორის „მთავარი არხისაც“, რომელზეც კითხვა დამისვით. ისინი ძალიან დიდი პატივითა და ღირსებით შეხვდნენ იმ ფაქტს, რომ მე მივედი „რუსთავი 2“-ზე. ჩვენ კოლეგები ვართ და ბევრი გადაგვიტანია ერთად და სხვა მოლოდინი არც მქონია.

ახლა კიდევ მივდივარ სხვა გადაღებაზე და იქაც ველოდები ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა არხებიდან. ეს არის მედიაბაზარი, ეს არის ცოცხალი ორგანიზმი. ჩვენი ურთიერთობები არც ერთ არხზე იწყება და არც მთავრდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ