ავტორი:

"მასალები დახურულ პლატფორმებზე ვრცელდებოდა..." - ახალი დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიაზე დაკავებულების საქმეზე

"მასალები დახურულ პლატფორმებზე ვრცელდებოდა..." - ახალი დეტალები ბავშვთა პორნოგრაფიაზე დაკავებულების საქმეზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჭელიძე ბავშვთა პორნოგრაფიაზე დაკავებულების საქმეზე ახალ დეტალებს ჰყვება. როგორც მან ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემაში" განაცხადა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს დახურული პლატფორმები ჰქონდათ, რომლებსაც ასეთი ტიპის მასალების გავრცელებისთვის იყენებდნენ.

როგორც ჭელიძემ აღნიშნა, შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტმა ასეთ ტიპის დახურულ პლატფორმებზე ქართულ ინტერნეტსივრცეში წვდომა უკვე შეზღუდა.

"მათ აქვთ დახურული პლატფორმები, რომლებიც შექმნილია ასეთი ტიპის დანაშაულისა და ასეთი მასალების გავრცელებისთვის. შემდგომი ანგარიშგებისთვის ისინი დახურულ ფინანსურ რესურსებს იყენებენ, ფინანსურ ტრანზაქციებს კრიპტოვალუტის გამოყენებით ახდენენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ნამდვილად მოხდა გარკვეული მასალების მხარეებს შორის გაცვლა, რის სანაცვლოდაც დამნაშავეებს ფინანსური უკუგებაც ჰქონდათ.

მოგეხსენებათ, აღნიშნული საქმე გამოძიების პროცესში კიბერდანაშაულთან ბრძოლის დანაყოფს აქვს და ჩვენი ტექნიკური ჯგუფი სრულად არის ჩართული, რათა ასეთი ტიპის დახურულ პლატფორმებზე წვდომა არ მოხდეს და ჩვენ შეზღუდვა ამ კუთხით უკვე მოვახდინეთ. საქართველოს ინტერნეტსივრცეში გარკვეული ინფორმაციებიც დავბლოკეთ. თუმცა გიდასტურებთ, რომ ასეთი ტიპის პროგრამები საქართველოში არ არის და მათი გამოყენება სხვა ქვეყანაში ხდება. მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს პოლიციის ატაშე ევროპოლში და მუდმივად ვმუშაობთ ევროპულ ინსიტუტებთან, რომ ასეთი ტიპის პლატფორმებზე ინფორმაცია მივიღოთ" - აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოხდა არასრულწლოვანი ბავშვების ახლობლებისა და მშობლების დაყოლიება დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართვაზე.

"ასეთი ტიპის დანაშაულზე ადამიანის დაყოლიება საკმაოდ რთულია. სამწუხაროდ, ასეთი უმძიმესი დანაშაულის ორგანიზატორები ფლობენ გარკვეულ ფინანსებს, რითაც მსხვერპლებს და მათ თანამზრახველებს ხიბლავენ. აქაც ეს შემთხვევა იყო... ასე მოხდა დაყოლიება მათი ქართველი წარმომადგენლებისა. სამწუხაროდ, ეს წარმომადგენლები არასრულწლოვნების ახლობლები და მშობლებიც იყვნენ...

ფინანსური დაინტერესებით მათ მოახერხეს ის, რომ შექმნეს დანაშაულებრივი ჯგუფი და განახორციელეს ის საშინელება, რასაც თვეების განმავლობაში აკეთებდნენ. რაც შეეხება ამ დანაშაულში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს - ეს ორი ადამიანი, რომლებიც არიან ამერიკისა და ავსტრალიის მოქალაქეები, წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობდნენ და ნაქირავებ ბინაში მოწყობილ სტუდიებში ახდენდნე საქმიანობას. საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომ ისინი ამას რამოდენიმე თვის განმავლობაში აკეთებდნენ" - აღნიშნა ჭელიძემ.

შსს-მ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების სქემა და დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი გამოავლინა, რომელთა შორის ბავშვების მშობლებიც არიან. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრიდან რამდენიმე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ