ავტორი:

"რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ეს ოჯახისთვის უფრო მძიმეა" - რა წყენას უხსენებს ზურაბიშვილს და რას ამბობს მკვლელის შეწყალებაზე მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე

"რაც პრეზიდენტმა გააკეთა, ეს ოჯახისთვის უფრო მძიმეა" - რა წყენას უხსენებს ზურაბიშვილს და რას ამბობს მკვლელის შეწყალებაზე მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სკანდალური შეწყალებების შემდეგ საზოგადოებაში ვნებათაღელვა არ წყდება. მოკლულების ოჯახები განმარტებას ელიან, რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა მათი ახლობლების მკვლელები და ხელისუფლებას ამ საქმეების დაუყოვნებლივ გამოძიებას თხოვენ.

შეწყალებულთა შორის აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის 18 წლის შვილიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არსენ ბეჟანიძეცაა. ის უკვე თავისუფალია, არადა დამნაშავის დასჯას ოჯახი 12 წელი ელოდა. მოკლულის მამა, ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური მომხდარით იმდენად შეძრულია, მედიასთან არ საუბრობს.

მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე, რომელიც ლორთქიფანიძეების დიდი ოჯახის წევრია, მისი მამიდაშვილის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის განთავისუფლებას ოჯახის შეურაცხყოფად თვლის. ის ამბობს, რომ სულში ჩააფურთხეს.

ქალბატონმა ნანამ AMBEBI.GE-ს სკანდალური ამბავიც უთხრა - თურმე ამ ხმაურის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ იცოდა შეწყალებული ბეჟანიძე დავით ოთხმეზურის მკვლელი თუ იყო. ეს ზარი კი მეტ ეჭვებს აჩენს...

ახლა ოჯახი ითხოვს გაირკვეს, როგორ აღმოჩნდა ეს უმძიმესი საქმეები სალომე ზურაბიშვილის მაგიდაზე.

ნანა ლორთქიფანიძე, მსახიობი:

"ტელევიზით შევიტყვეთ ეს ამბავი. ჩვენი ოჯახი საშინლად შეურაცხყოფილია, გაოგნებულები ვართ, სულ ვფიქრობ, რა ახსნა უნდა მოეძებნოს ამას, მაგრამ აქ ხომ მარტო ჩვენს ოჯახზე არ არის საუბარი?! რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს ეხება მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილს, როგორ შეიძლება საერთოდ 18 წლის ბიჭის მკვლელი ქუჩაში გაუშვა, ისევე როგორც პოლიციელის მკვლელი?!

იმდენად აღშფოთებულია, იმდენად ტრავმირებული და წყობიდან გამოსულია ჩემი მამიდაშვილი გიორგი ოთხმეზური, რომ ვერც ლაპარაკობს... მეც პირველად ვარ ისეთ მდგომარეობაში, ლაპარაკი მიჭირს, საოცრება ჩაიდინა სალომე ზურაბიშვილმა!

- თუ გაქვთ ინფორმაცია როგორ აღმოჩნდა ასლან ბეჟანიძე ამ სიაში?

- ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ დაგვიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და გვიყვებიან, პრეზიდენტმა არ იცოდა ოთხმეზურის მკვლელს რომ იწყალებდა, არ იცოდა ვინ იყო დაზარალებულიო. ეს უფრო დიდი საშინელება და ტრაგედიაა, რას ნიშნავს არ იცოდა? არ იცის პრეზიდენტმა ხელს რას აწერს? ამას ახსნა არ აქვს და თუ იცი, ეს მეორე ტრაგედია! რა გვითხრან აღარ იციან, ამიტომ ბოდავენ რაღაცეებს.

აბსოლუტურად არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა იცოდა თუ არ იცოდა, ორივე შემთხვევაში საშინელებაა, მკვლელს რომ გარეთ უშვებ და თუ არ იცოდა, რას აწერდა ხელს, ეს უკვე ქვეყნის ტრაგედიაა.

- როდის და ვინ დაგიკავშირდათ?

- როგორც კი ეს ამბავი გახდა ცნობილი, იმ დღესვე დაგვიკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ვინ დაგვიკავშირდა მის გვარს ვერ დავასახელებ. გეტყვით რომ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თქვა, წუხილი გამოთქვა ამით პრეზიდენტმაო, არ ვიცოდი დაზარალებული ვინ იყოო. ეს სისულელეა. კიდევ უფრო წარმოუდგენელი და უფრო მძიმეა! მამაჩემი, გიგა ლორთქიფანიძე, როცა პარლამენტში იყო წლების განმავლობაში შეწყალების კომისის თავმჯდომარე გახლდათ. კარგად მახსოვს, ღამეებს ათენებდა, სახლში ტომები ეწყო და სათითაოდ კითხულობდა ყველა შესაწყალებელი პირის მთლიან საქმეს.

თუ ამის კითხვის დრო არ აქვს პრეზიდენტს, ამისთვის ქმნიან შეწყალების კომისიას, რომელშიც შეიძლება შეიყვანო კოტე ჯანდიერი და მისნაირი პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ამ საქმეში არც ფულს აიღებენ, არც კორუფციული ბუდე იქნება არასოდეს. პატიოსანი ადამიანების პოვნა საზოგადოებაში რთული არ იქნება. საერთოდ, პრეზიდენტმა ძალიან დეტალურად უნდა იცოდეს ვის იწყალებს.

არაფრის უფლება არ აქვს დღეს პრეზიდენტს, ყველა უფლება ჩამორთმეული აქვს. რისი უფლებაც აქვს, ისიც გააფუჭა. თქვას რატომ გააუქმა ეს შეწყალების კომისია, საქმეებს მაინც შეიწავლიდნენ. წარმოუდგენელია რაც მოხდა, სულში ჩაგვაფურთხეს. ეს შენი ქვეყნის მოსახლეობის ფეხებზე დაკიდებაა! რას ნიშნავს მკვლელების ქუჩაში გამოშვება?

დათოს მკვლელობა მაშინ ჩემი ფანჯრების ქვეშ მოხდა. ჩემი კორუსის ქვედა სართულზე იყო ტოტალიზატორი და იქ გაუთავებლად ყოველდღე ჩხუბი იყო... იმ საღამოს სპექტაკლზე ძალიან ვჩქარობდი, ვაგვიანებდი. გავიგონე ჩოჩქოლი და ჩემი ოჯახის წევრებს ვუთხარი, ქვევით რაღაც ხდება-მეთქი. ამასობაში გამოვედი ეზოდან მანქანით და დავინახე ადამიანების ჯგუფი შემოსეული იყო რაღაცაზე, ბიჭი გარბოდა მიცკევიჩის მიმართულებით, მე ეს დამნაშავე - ბეჟანიძე ჩემი თვალით დავინახე როგორ გარბოდა, მეგონა ჩვეულებრივი საქმის გარჩევა იყო, როგორც სხვა დღეებში...

სანამ სცენაზე გავიდოდი შემატყობინეს, რომ დათო დაჭრესო. როგორ ვითამაშე ის სპექტაკლი და როგორ გამოვედი თეატრიდან, არ მახსოვს

მერე ფოტო რომ ვნახე ბეჟანიძის, ამოვიცანი, პირველი წუთიდან იყო ცნობილი რომ დამნაშავე ასლან ბეჟანიძე იყო! მე და ჩემი მამიდაშვილი გიორგი ოთხმეზური, ახლოს ვცხოვრობთ ერთმანეთთან, დამნაშავის ოჯახიც კუტუზოვის ქუჩის კვეთასთან, ეწ. კაკებეს სახლში ცხოვრობდა.

დამნაშავე რომ სადღაც იყო გაქცეული, ეს ისტორია თავიდან ოჯახის ახლობლებმა შევთხზეთ, რადგან გიორგის უფროსი ვაჟი, თვითონ გიორგი და მთელი სანათესაო წყობიდან იყო გამოსული, შეგვეშინდა რამე უბედურება კიდევ არ მომხდარიყო. მერე მართლა წაიყვანეს ბეჟანიძე რაღაც პერიოდით ქვეყნიდან, მერე ისევ ჩამოიყვანეს და დიდხანს ფაქტობრივად თბილისში ოთახში ჰყავდათ გამოკეტილი.

მაშინდელი ხელისუფლების ნება არ იყო ამ საქმის გამოძიება, რადგან დამნაშავის დედის მეგობარი მამაკაცი, მისი დღევანდელი ქმარი, საგამოძიებოს უფროსი თუ მოადგილე იყო. დააფარეს ხელი და დაუსჯელი დადიოდა დამნაშავე. მთელი ოჯახი გაუბედურდა დათოს მკვლელობით, დედამისი დათოს ჩაყვა ფაქტობრივად საფლავში. გიორგი გაუბედურებულია...

ეს საქმე 2016 წელს აღიძრა ხელახლა და ოჯახის ჭრილობა თავიდან გაიხსნა... ეტყობა ამ საქმის გამოძიება თავიდან იმიტომ დაიწყეს, ისეთ დონეზე ჰქონდათ საქმე მოგვარებული, იცოდნენ გარეთ გაუშვებდნენ. პირველივე სასამართლოზე დარბაზიდან გაუშვეს, არადა პირველი წუთებიდან ვიცოდით დანაშაული მისი ჩადენილი იყო! რომ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის და იმ სასამართლოს შემადგენლობის პროფესიონალიზმი, მკვლელი აქამდეც გარეთ იქნებოდა. ძლივს აღდგა სამართალი და ახლა პრეზიდენტმა შეიწყალა. ამ ყველაფერს ახსნა არ აქვს!

რაც პრეზიდენტმა გააკეთა ეს გიორგისთვის უფრო მძიმეა, ძლივს ნაპოვნი სამართალი თავდაყირა დადგა

- ცნობილია, რომ თქვენი ოჯახები სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერდა არჩევნებში...

- არაფერი მაქვს დასამალი, ეტყობა სალომე ზურაბიშვილმა მართლა ჩათვალა, რომ მე და ჩემმა ოჯახმა ვაპატიეთ მარიკა ლორთქიფანიძე ჭადრაკის სასახლეში სცენიდან რომ ჩამოაგდო! ჩვენ არ გვინდოდა გრიგოლ ვაშაძეს და "ნაცმოძრაობას" ხელში ჩაეგდო პრეზიდენტის სავარძელი, უფრო სახელმწიფოებრივად შევხედეთ მაშინ ყველაფერს, დავივიწყეთ ძველი წყენა და მივაფურთხეთ მართლა ყველაფერს, მაგრამ გულში ნამდვილად არავის არ გვიპატიებია სალომე ზურაბიშვილისთვის ის ქცევა, როგორც მაშინ მოექცა მარიკა ლორთქიფანიძეს.

ამის მიუხედავად დავუდექით მხარში მე და გიორგი ოთხმეზური, ყველა არხზე დღეგამოშვებით ვიყავით, როგორც სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები. სოფელ-სოფელ, რაიონ-რაიონ ვირბინეთ და ისე დავუდექით მხარში არჩევნების დროს. დღეს ზოგადად ქვეყნის ტრაგედიაა, როცა მკვლელებს ქუჩაში უშვებენ. 18 წლის ანგელოზი, ვარსკვლავბიჭუნა იყო დათო, სულ კარგ ხასიათზე, სიკეთის განსახიერება და მოკლა ბეჟანიძემ! ასეთ ქვეყანაში აღარ მინდა ცხოვრება, ასეთმა ნაძირალამ შეიძლება სხვის შვილს რამე დაუშავოს და მერე მკვლელი გარეთ გამოვიდეს!

ოთხმეური არ არის ისეთი გვარი, რომ ყურადღება არ მიაქციო. იშვიათი გვარია. არ გამოვრიცხავ არც იცოდა, არც წაუკითხავს სია ალბათ, ამაზე საქმე აუცილებლად უნდა აღიძრას! პირადად მე, ნანა ლორთიფანიძე არ ვაპირებ ეს საქმე ასე დავტოვო! ამას ჩავყვები ბოლომდე.

ორშაბათს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში და იურიდიულ კომიტეტში შევიტან საჩივარს, იურისტებთან გავდივარ კონსულტაციას. მოვითხოვ თავიდან გადაიხედოს ეს საქმე. ქალბატონმა პრეზიდენტმა კეთილი ინებოს და განმარტება გააკეთოს, რატომ შეიწყალა მკვლელები? გასაგებია მისი დისკრეციული უფლებაა შეწყალება, მაგრამ განუხილველი და შეუსწავლელელი საქმეების ხელმოწერის უფლება ვინ მისცა? ფაქტია, ვიღაცამ ძალიან მოინდომა და აღასრულეს. სამი მკვლელი და კიდევ ერთი ძებნილი გარეთ გაუშვეს, ეს არის დანაშაული და ამ დანაშაულზე ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი!

ავტორი: თეა ხურცილავა

67 წლის ასაკში ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური გარდაიცვალა

"12-დან 2 ბავშვი რეანიმაციაში მკურნალობს" - როდის და როგორ ვლინდება მოზარდებში ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც კორონავირუსის გართულებად მიიჩნევა

"თითქოს ჭავჭავაძეზე რამე ცუდი გავაკეთეთ - აბა ის მოგწონდათ, ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო?" - კახა კალაძე "ნაგვის ურნების" შესახებ კრიტიკას პასუხობს